ახალი ამბები

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზელენსკიმ რამდენიმე ანტირუსულ კანონს მოაწერა ხელი

24 აგვისტო, 2024 •
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ზელენსკიმ რამდენიმე ანტირუსულ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რამდენიმე კანონს მოაწერა ხელი, რომელთა სამიზნე რუსეთი და რუსული გავლენებია უკრაინაში.

პრეზიდენტ ზელენსკის მიერ ხელმოწერილ კანონებს შორისაა კანონი რომის წესდების რატიფიცირების შესახებ, კანონი, რომლითაც რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციები იკრძალება და კანონი, რომელიც უფლებას აძლევს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს მებრძოლ უცხოელ მეომრებს, უკრაინის მოქალაქეობა მიიღონ.

კანონით რომის წესდების რატიფიცირების შესახებ, უკრაინა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შეუერთდება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომის წესდების რატიფიცირებით იზრდება შანსები, რომ რუსეთი ომის დანაშაულების გამო გასამართლდეს, რაც მან 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მერე ჩაიდინა.

კანონი, რომლითაც მოსკოვთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციები იკრძალება უკრაინაში, ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში პირველივე მოსმენით მიიღო უკრაინის რადამ.

კანონი არ ზღუდავს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების საქმიანობას, როგორც ამის წარმოჩენას კრემლის პროპაგანდა ცდილობს. უკრაინის მხრიდან ეს ნაბიჯი ერთ-ერთ საკვანძო საფეხურად ფასდება ქვეყნის სუვერენიტეტისა და მისი ინტერესების დაცვისთვის. საკანონმდებლო ინიციატივა გულისხმობს არა რელიგიური თავისუფლების შეზღუდვას, არამედ ეს არის მცდელობა, გაუმკლავდეს  რელიგიურ ინსტიტუტებზე უცხო ქვეყნების გავლენას.

უკრაინაში ბოლო დრომდე ორი მართლმადიდებელი ეკლესია მუშაობდა — უკრაინის ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია (ПЦУ) და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია (УПЦ МП). ეს უკანასკნელი მთლიანად ექვემდებარებოდა რუსეთის საპატრიარქოს, რომელმაც რუსეთის უკრაინაზე სამხედრო თავდასხმას 2022 წელს მწვანე შუქი აუნთო.

ომის დაწყების შემდეგ გამოკითხვები აჩვენებდა, რომ იმ უკრაინელ მართლმადიდებელთა ნახევარს, რომლებიც მანამდე რუსეთზე დაქვემდებარებული ეკლესიის წევრები იყვნენ, სურდათ, მათ ეკლესიას კავშირი გაეწყვიტა მოსკოვთან და პატრიარქ კირილთან.

არაერთი წელია, მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას რუსეთთან კოლაბორაციაში ღიად სდებენ ბრალს. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დაძაბულობამ იმატა. ეს ეკლესია უკრაინულ მედიაში კრემლის ფილიალად და მეხუთე კოლონად მოიხსენიება.

სააგენტო „როიტერსი“ იუწყება, რომ კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებულ რელიგიურ ორგანიზაციებს კრძალავს, გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში შევა ძალაში და რელიგიურ ორგანიზაციებს 9 თვე მიეცემათ, რომ გაწყვიტონ კავშირები რუსულ რელიგიურ ინსტიტუტებთან.

უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავს აღნიშნავს.

„დღეს ჩვენ 33-ედ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. რაც არ უნდა მოეტანა ჩვენს მტერს ჩვენს მიწაზე, ახლა უკან უბრუნდებათ“, — თქვა ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში, რომელიც სუმის რეგიონში, რუსეთთან საზღვართან ახლოს ჩაწერა, საიდანაც უკრაინამ ბოლო კვირების მასშტაბური შეჭრა განახორციელა რუსეთის კურსკის ოლქში.

პრეზიდენტმა უკრაინელ ხალხს მიმართა და აღნიშნა, რომ დამოუკიდებლობას მრავალი განზომილება აქვს, მათ შორის სამართლის აღსრულებაა.

„ეს არის გარდაუვალი პროცესი, რაც ჩვენ დღეს წამოვიწყეთ. ასე განმტკიცდება ჩვენი დამოუკიდებლობა“, — აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ამ დრომდე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხრიდან მილოცვა არ გაჟღერებულა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი