ახალი ამბები

ბაიდენი: SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ევროპას არ სურს

24 თებერვალი, 2022 •
ბაიდენი: SWIFT-დან რუსეთის გათიშვა ევროპას არ სურს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას ამ ეტაპზე არ ემხრობიან ევროპული სახელმწიფოები.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო ნახსენები ეს ზომა დამატებით სანქციებს შორის, აშშ-ის პრეზიდენტმა ასე უპასუხა:

„ჩვენ მიერ შეთავაზებულმა სანქციებმა მათ ბანკებზე შეიძლება, SWIFT-დან გამორთვაზე უფრო სერიოზული ეფექტიც კი იქონიოს. ეს ვარიანტი [SWIFT-დან გათიშვა] ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ევროპას არ სურს ამ პოზიციის დაკავება“.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდებაცაა.

როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და ფასდება უპრეცედენტო ნაბიჯად მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის წინააღმდეგ.

  • გირჩევთ

რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

ბაიდენის მიერ დაწესებული დამატებითი სანქციების შესახებ იხილეთ ბმულზე: ბაიდენმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა


24 თებერვლის დილით რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი