ახალი ამბები

ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ – პაპუაშვილი

24 თებერვალი, 2022 • 1032
ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას აქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:

“სამწუხაროდ, ომის არიდება უკრაინაში ვერ მოხდა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას რომ გადადგას ქმედითი და მტკიცე ნაბიჯები რუსეთის შესაჩერებლად, რათა კონფლიქტი სრულმასშტაბიანი არ გახდეს და უზრუნველყოფილი იყოს საერთაშორისო ნორმების დაცვა.

ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ ამ მძიმე დროს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ეს საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნის პირველი გამოხმაურებაა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. პაპუაშვილის განცხადებამდე ნეტგაზეთი დაუკავშირდა როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ისე მთავრობის ადმინისტრაციასა და საგარეო საქმეთა სამინისტროს. სამივე უწყებაში გვიპასუხეს, რომ თუ განცხადებები გაკეთდება, შეგვატყობინებენ.


დღეს, 24 თებერვლის დილით, ურუსეთმა  კრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი