ახალი ამბები

„მიმიშვით ამ არაკაცთან და დამიმატეთ 6 წელი“ – ძალადობაში ბრალდებული წვერავაზე

22 თებერვალი, 2022 • 2533
„მიმიშვით ამ არაკაცთან და დამიმატეთ 6 წელი“ – ძალადობაში ბრალდებული წვერავაზე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმე განიხილება, ერთ-ერთმა ბრალდებულმა „ფორმულას“ ჟურნალისტ რატი წვერავას შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა. მან მოსამართლეს მიმართა:

„გამოუშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდევ, მიმიშვით ამ არაკაცთან“…

რატი წვერავა ერთ-ერთია იმ 50-ზე მეტ ჟურნალისტს შორის, რომელთაც პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ.

დღევანდელ სასამართლოზე იგი მოწმის/დაზარალებულის სტატუსით აძლევს ჩვენებას.

ბრალდებულის, გიორგი ნასყიდაშვილის აგრესია მოჰყვა პროკურორის კითხვაზე რატი წვერავას პასუხს.

პროკურორმა ჟურნალისტს სთხოვა, მოეყოლა, როგორ განვითარდა მისი პერსპექტივიდან მოვლენები 2021 წლის 5 ივლისს.

„დილის 10 საათზე უკვე ჩართვა მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ აქციის წარმომადგენლების უმრავლესობის განცხადებები იყო ძალადობრივი, ჩვენ არაკაცებს არ ვაშუქებთ, ასე ვთქვათ. ძალადობრივი მოწოდებების მქონე ადამიანებს არ ვაშუქებთ ეთერში“, – უპასუხა ჟურნალისტმა.

ამ დროს მას ბრალდებულმა ნასყიდაშვილმა თხრობა შეაწყვეტინა და თქვა „არაკაციცა ხარ და უნამუსოც… გამოუშვით 1 წუთით და დამიმატეთ მერე 6 წელი კიდევ, მიმიშვით ამ არაკაცთან მართლა. ეს ვინ არის… აი, ამ ვიგინდარას შემოვარტყამ და მოძალადე მერე მე ვარ და ეს არის მერე ანგელოზი“.

როგორც წვერავამ სასამართლოზე თქვა, მის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალი წაყენებული აქვს რომეო კეკუტიას. ნასყიდაშვილი „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტზე ძალადობის ბრალდებითაა დაკავებული.

ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI) აცხადებს, რომ 5 ივლისს ქვიარ თემისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დაცვის მხარის არგუმენტაცია ღარიბაშვილის განცხადებას ემყარება.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი