ახალი ამბები

5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები ღარიბაშვილის განცხადებას ეყრდნობიან — DRI

3 თებერვალი, 2022 • 1747
5 ივლისის ძალადობაში ბრალდებულები ღარიბაშვილის განცხადებას ეყრდნობიან — DRI

5 ივლისს ქვიარ თემისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით სასამართლო პროცესებზე დაცვის მხარის არგუმენტაცია ღარიბაშვილის განცხადებას ემყარება, – აცხადებს ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI).

DRI-მ 3 თებერვალს გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელიც 5 ივლისის ძალადობის საქმეზე სასამართლო პროცესების მონიტორინგს ეყრდნობა.

ორგანიზაცია წერს, რომ მონიტორინგისას სავარაუდო მოძალადეების დაცვის მხარის არგუმენტაცია ემყარებოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

კერძოდ, 5 ივლისის დილას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ღირსების მარშის“ ჩატარება მიზანშეუწონელი იყო და მან მთავრობის სხდომაზე „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს მოუწოდა, არ გაემართათ მსვლელობა რუსთაველის გამზირზე.

ამ ფაქტებზე დაყრდნობით, DRI-ის თანახმად, დაცვის მხარე ირწმუნება, რომ „სახელმწიფოს პოზიცია და ნება გაცხადებული ჰქონდა“ და, შესაბამისად, „ღირსების მარშის“ კონტრაქციაში მონაწილეობა გამართლებული იყო.

DRI-ის შეფასებით, „პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომ „ღირსების მარშის“ უკან მიხეილ სააკაშვილი და რადიკალური ოპოზიცია იდგა, პირდაპირ წარმოადგენდა რადიკალური ჯგუფებისთვის ჟურნალისტებისა და ღირსების მარშის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების წახალისებას“.

გირჩევთ „ნეტგაზეთის“ არქივიდან: 

ინფორმაცია გამოძიებასა და კვლევაზე

2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 5-6 ივლისის ორგანიზებულ ძალადობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო 6 სისხლის სამართლის საქმეზე.

სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს 31 პირის მიმართ. დაზარალებულად ცნობილია 59 ფიზიკური და 1 იურიდიული პირი.

DRI-ის თანახმად, მონიტორინგის არეალი მოიცავდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე ოთხ საქმეს, ხოლო მონიტორინგის ფარგლებში DRI-ის მონიტორი 15 სასამართლო სხდომას დაესწრო.

გამოძიება და ორგანიზატორების საკითხი

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ 5 ივლისის წინასწარ ორგანიზებული ჯგუფური ძალადობიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამდგარა ძალადობრივი დარბევის ორგანიზატორების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.

„ეს მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობასა და არაობიექტურობაზე მიუთითებს. ორგანიზატორთა ქმედებებზე შსს-ს რეაგირება ფასადურია და არ არის მათი პიროვნების, მოწოდებების, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ნიშნების შემცველი აქტების პროპორციული“, – წერს ორგანიზაცია.

DRI ასევე აცხადებს, რომ სასამართლო სხდომებზე 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების რანგში რამდენჯერმე გახმიანდა ზურაბ მახარაძის და კონსტანტინე (კოკა) მორგოშიას სახელები. კერძოდ, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ თანახმად:

  • 10 დეკემბრის სასამართლო სხდომა დაზარალებულმა ჟურნალისტმა, მ.ჯ.-მ განაცხადა: „ზურა მახარაძის მოწოდების შემდეგ შეიცვალეს ჯგუფებმა დანიშნულების ადგილი და გადაინაცვლეს საქართველოს პარლამენტის წინ“.
  • 29 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაზარალებული ჟურნალისტის, გ.მ.-ს განცხადებით, კოკა მორგოშიამ უთხრა, აქ აღარ იქნება არაფერი საინტერესო, ახლა ნახე, პარლამენტთან რა მოხდებაო.

ორგანიზაციის ცნობითვე, 16 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ განაცხადა, რომ „კოკა მორგოშია განყოფილებაში 3-ჯერ იყო დაბარებული და ჯერ არ დაუკავებიათ“.


აღნიშნული პირები უკავშირდებიან „ალტ-ინფოს“. ეს არის ტელევიზია, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტილგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა. აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).

ტვ „ალტ-ინფო“, რომელიც თავს უწოდებს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს, მედიამონიტორების შეფასებით, „ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“.

2020 წელს „ფეისბუკმა“ კოორდინებული არაავთენტური ქცევის გამო გააუქმა 50 ანგარიში, 49 გვერდი, 4 ჯგუფი, 8 ღონისძიება და 19 ინსტაგრამ-ანგარიში, რომელიც დაკავშირებული იყო „ალტ-ინფოსთან“. უხამსობისა და არასრულწლოვანთათვის შეუფერებელი მასალის ტირაჟირების მიზეზით, კომუნიკაციის კომისიამ მიმდინარე წლის აპრილში “ალტ-ინფო” 2 500 ლარით დააჯარიმა.

2021 წლის ნოემბერში „ალტ-ინფომ“ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ დააარსა.

გირჩევთ არქივიდან:

მასალების გადაბეჭდვის წესი