ახალი ამბები

მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა და ევროპული სანქციები – მაკრონი

22 თებერვალი, 2022 •
მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა და ევროპული სანქციები – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად” ცნობის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.

მისი თქმით, მან ასევე მოითხოვა ევროპული სანქციები.

„აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებით რუსეთი არღვევს თავის ვალდებულებებს და ძირს უთხრის უკრაინის სუვერენიტეტს. მე ვგმობ ამ გადაწყვეტილებას. მოვითხოვე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა და ევროპული სანქციები“, – წერს მაკრონი ტვიტერზე.

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა უკრაინამაც. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ გაავრცელა:

“უკრაინამ რუსეთის უკანონო მოქმედებებთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფოდ მოწვევა მოითხოვა. ჩვენ უკვე გგავაკეთეთ განაცხადი უშიშროების საბჭოში”, – წერს კულება Twitter-ზე.

21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიღებამდე პუტინმა საბჭოს სხვადასხვა წევრს მოუსმინა. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც 2008 წლის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა მაშინ მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია.

მანამდე თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პარლამენტმა.


უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსკის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი