ახალი ამბები

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ღარიბაშვილი

22 თებერვალი, 2022 • 764
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნობა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

“რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება კიდევ ერთი ნაბიჯია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების წინააღმდეგ და სამწუხაროდ, იმეორებს 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

21 თებერვალს რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებო დამოუკიდებელ “რესპუბლიკებად” ცნო. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის შემდეგ, სპეციალურ მიმართვაში გამოაცხადა.

გადაწყვეტილების მიღებამდე პუტინმა საბჭოს სხვადასხვა წევრს მოუსმინა. მათ შორის იყო პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელმაც 2008 წლის ომზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა მაშინ მწარე გამოცდილებით ისწავლა, რომ სანქციებთან გამკლავება შესაძლებელია.

მანამდე თვითაღიარებული რესპუბლიკების ლიდერებმა პუტინს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მიმართეს. იგივე გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პარლამენტმა.


უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსკის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

ნახეთ ასევე:

აფხაზური მხარე დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს

მასალების გადაბეჭდვის წესი