ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს

21 თებერვალი, 2022 • 1462
აფხაზური მხარე დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარულ დახმარებას სთავაზობს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და დონბასის მოსახლეობას, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებას სთავაზობს.

18 თებერვალს ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა ადგილობრივი მოსახლეობის რუსეთში, როსტოვის მხარეში ევაკუაცია გამოაცხადეს. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების ხელსუფლება და მათი მხარდამჭერი რუსეთი აცახდებენ, რომ თითქოს, კიევი აღნიშნულ ტერიტორიებზე თავდასხმას გეგმავს. კიევი ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს და არ გამორიცხავს, რომ მოსკოვმა უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა სწორედ აღნიშნული საბაბით დაიწყოს.

“შეშფოთებით ვაკვირდებით დონბასში განვითარებულ მოვლენებს. უკრანული მხარის მოქმედებებით გამოწვეული ესკალაცია, რომელიც დასავლელი კურატორების მიერ არის წახალისებული, შეშფოთებას იწვევს”.

ბჟანია ამბობს რომ მუდმივ კავშირზეა დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მთავრობებთან, რომლებიც იძულებული გახდნენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად მათთვის მოეწოდებინათ, რუსეთის ფედერაციაში გამგზავრებულიყვნენ.

“აფხაზი ხალხი, რომელმაც ომის სისასტიკე გამოიარა, ამ რთულ დროს დონბასის მოსახლეობას მხარს უჭერს. მეტიც, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა, დონბასს სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწიოს”, – აცხადებს ბჟანია.

რამდენიმე კვირაა, დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ, 18 თებერვალს კი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკვე მიიღო უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილება. თავად მოსკოვი აღნიშნულს უარყოფს.

მასალების გადაბეჭდვის წესი