ახალი ამბები

სააკაშვილმა ხარჯების შესახებ გრიფით საიდუმლოს მოხნისთვის მთავრობას უნდა მიმართოს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

21 თებერვალი, 2022 • 936
სააკაშვილმა ხარჯების შესახებ გრიფით საიდუმლოს მოხნისთვის მთავრობას უნდა მიმართოს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, 2013 წელს გამოცემული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტები მთავრობის ადმინისტრაციაში ინახება და, შესაბამისად, მას პრეზიდენტი ვერ გაასაჯაროვებს.

ამის შესახებ დღეს, 21 თებერვალს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია სულავამ განაცხადა, რითიც უპასახა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნას.

საუბარია  სააკაშვილის მიერ 18 თებერვალს გავრცელებულ ღია წერილზე, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ გრიფით საიდუმლო მოხსნას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეულ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომაც.

„მე და ჯანაშიას გვედავებიან არა ხარჯების მიზნობრიობას, როგორც ტელევიზიით ყვებიან, არამედ მათი გაწევის წესს. თუ თქვენ ამ გრიფს მოხსნით, დადასტურდება, რომ ეს პროცედურები უბრალოდ ჯანაშიას კაპრიზი კი არ იყო, არამედ საყოველთაოდ მიღებული განგრძობითი პრაქტიკა, რომელიც, რაც მთავარია, სრულიად ჯდება კანონის ფარგლებში“, – ნათქვამია სააკაშვილის ღია წერილში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, სააკაშვილმა აღნიშნულ დოკუმენტებზე გრიფით საიდუმლოს მოსახსნელად არა პრეზიდენტს, არამედ მთავრობას უნდა მიმართოს.

„საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული გრიფით საიდუმლო დოკუმენტების რეგისტრაციისა და შენახვის და დაარქივების საქმის წარმოებას ახორციელებდა საქართველოს უშიშროების საბჭოს აპარატი მის გაუქმებამდე, რომელიც 2018 წელს განხორციელდა. ამის შემდეგ სახელმწიფო უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალმემკვირდრედ განისაზაღვრა საქართველოს მთავრობა. შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოში დაცული ყველა დოკუმენტი დაუყოვნებლივ გადაგზავნილ იქნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და შესაბამისი რეგულაციებით 2019 წლის პირველ იანვრამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი დოკუმენტების კლასიფიკაცია, დაარქივება და ა.შ.

უნდა ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2019-2021 წლებში რამდენიმეჯერ მიმართა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ გადმოცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული გრიფით საიდუმლო სამართლებრივი აქტები, მაგრამ მიუხედავად მრავლგზის მიმართვისა, დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაციას აღნიშნული დოკუმენტები არ მიუღია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოკლებულია შესაძლებლობას, დღეის მდგომარეობით იმსჯელოს აღნიშნულ დოკუმენტებზე.

ასევე უნდა ითქვას, რომ თუკი ექსპრეზიდენტს რაიმე სახის პრეტენზია აქვს ამ დოკუმენტებთან დაკავშირებით, მას შეუძლია პირადად მიმართოს საქართველოს მთავრობას და მის ადმინისტრაციას იმისათვის, რომ მიიღოს დოკუმენტებთან დაკავშირებით განახლებული მდგომარეობა და ჰქონდეს ინფორმაცია ამ დოკუმენტების შესახებ“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გაფლანგვის საქმე (ე.წ. პიჯაკების საქმე)

პროკურატურის თანახმად, 2009 წლის თებერვალში მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი, რომელმაც აწ უკვე ყოფილ პრეზიდენტს გაუწია შესაბამისი მომსახურება.

“სამომავლოდ, პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

[ეს] მაშინ, როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ ,,სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს“ სახსრებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება”, — ამბობს უწყება.

პროკურატურის განცხადებით, “დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა” ზემოხსენებული სამსახურის ხელმძღვანელს, თეიმურაზ ჯანაშიას.

გამოძიების ვერსიით, სააკაშვილისა და ჯანაშიას შორის შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ სააკაშვილს ბრალი 2014 წელს წარუდგინა. სასამართლოში მისი განხილვა დასრულებული ჯერ არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი