„ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტაზე ირაკლი კობახიძის განცხადება პოლიტიკური რეპრესიის მტკიცებულებაა. ამის შესახებ მან დღეს, 17 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
საუბარია „ქართული ოცნების“ თავჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში 16 თებერვალს გაგეკეთებულ განცხადებაზე. მისი თქმით, ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, პარლამენტი, დიდი ალბათობით, უფლებამოსილებას არ შეუწყვეტდა.
როგორც ხატია დეკანოიძე ამბობს, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის ჩამორთმევით უმრავლესობის წევრებმა დაადასტურეს, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო.
„პირდაპირ თქვა, ბადრი ჯაფარიძეს რომ ეღიარებინა დანაშაული, მაშინ მას მანდატი არ შეუწყდებოდა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს არის პოლიტიკური რეპრესიების და პოლიტიკური მართლმსაჯულების კიდევ ერთი აშკარა და ღია მაგალითი“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
დეკანოიძეს უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტას ორი განზომილება აქვს, სამართლებრივი და პოლიტიკური, და თავად ირაკლი კობახიძის განმარტებას სრულად იზიარებს.
„რაც შეეხება ირაკლი კობახიძისგან წარმოდგენილ ახსნას, ეს არის სწორედ ის განზომილება, რომელიც გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი არის მყარი სამართლებრივი საფუძველი, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისთვის რა არის დამატებითი კრიტერიუმები და ირაკლი კობახიძემ ახსნა, რაც იყო და მე სრულად ვიზიარებ ამ ახსნას.
მან სწორედ ეს თქვა. საქმე ეხება იმას, რომ როდესაც არ ხდება სისტემის აღიარება, სახელმწიფოს აღიარება, საქმე ეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად ქმნის პრობლემას და სწორედ ეს არგუმენტაცია ჰქონდა წარმოდგენილი ბატონ ირაკლის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის პასუხად დეკანოიძემ თქვა, რომ კობახიძის განცხადება კარგი მტკიცებულება იქნება როგორც საკონსტიტუციო, ისე სტრასბურგის სასამართლოში.
“როდესაც მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ადამიანს მანდატი ჩამოერთვა იმიტომ, რომ იგი წავიდა სისტემის წინააღმდეგ, თქვენ რაც არ უნდა ეცადოთ სამართლებრივი განზომილების ჩარჩოს მორგებას, ეს არ გამოვა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პაპუაშვილის თქმით, როგორც ჩანს, დეკანოიძეს უარყოფითი ტერმინი ჰგონია სისტემა.
„როგორც ჩანს, თქვენ სისტემას ნეგატიურ კონტექსტში გულისხმობთ და სისტემა არის ჩვენი სახელმწიფო და სისტემა არის ჩვენი სახელმწიფო და დემოკრატიული ინსტიტუტები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძის მიერ დანაშაულის აღიარების შემთხვევაში, პარლამენტი, დიდი ალბათობით, უფლებამოსილებას არ შეუწყვეტდა.
„თაღლითის გვერდით გინდა თუ არა ჯდომა, ამაზე მსჯელობს პარლამენტი. ეს არის წმინდა სამართლებრივ-პოლიტიკური ნაწილი“, — განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საბაბი სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გაჩნდა. საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.
მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.