ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიის პარტიის წევრი აირჩიეს

14 თებერვალი, 2022 •
ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიის პარტიის წევრი აირჩიეს

ზუგდიდის საკრებულომ თავმჯდომარე მე-6 ცდაზე აირჩია.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პარტიის „გახარია — საქართველოსთვის“ წევრი გიგა ფარულავა გახდა. მას საკუთარმა პარტიამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“, სულ 25-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. „ქართული ოცნების“ წევრებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

თავმჯდომარის არჩევას საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. გახარიას პარტიის წევრს 20 ივნისის აქციის დაშლა და ია კერზაიას საქმე გაუხსენეს.

„ია კერზაიას ქალაქში აირჩიეთ უტიფარი პარტიის წარმომადგენელი. არავის მორალური უფლება არა გაქვთ,  საზოგადოებას ესაუბროთ მაჩალიკაშვილზე, ია კერზაიაზე, 20 ივნისზე… კითხვებზე პასუხი არ გაუციათ ადამიანებს, ისე გადაეცით ეს თანამდებობები“, — მიმართა საკრებულოს წევრებს 20 ივნისის მოვლენებისას დაშავებული კობა ლეთოდიანის შვილმა ნათია ლეთოდიანმა.

გიგა ფარულავამ მას მოუწოდა, „არ ინერვიულოს“.

„კი, მე 20 ივნისის მერე ვნერვიულობ, თქვენ რომ მშვიდად იყავით, და აუდიტის დასკვნები მეტყველებს თქვენს მშვიდად ყოფნაზე, მე მას შემდეგ ვნერვიულობ. ამ ქალაქის სირცხვილია თქვენი ამ სკამში ჩაჯდომა — ქოცების, ნაცების და თქვენი სირცხვილია. ამომრჩეველს რა პასუხი უნდა გასცეს ოპოზიციამ, ძალიან მაინტერესებს. რა პირით მიდიხართ და აუხსნით შემდეგ არჩევნებზე ამ გადაწყვეტილებას. დღეს თქვენ ამ სავარძელში კი არ უნდა იჯდეთ, ციხეშია თქვენი ადგილი“, — მიმართა ლეთოდიანმა გიგა ფარულავას.

ენმ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, საქართვრლოს პარლამენტის წევრი ანი წითლიძე ამბობს, რომ ამაზე რთული გადაწყვეტილება 10 წლის განმავლობაში, რაც სამეგრელოშია, თავის გუნდთან ერთად არ მიუღია.

“დიდი არჩევანი არ იყო: ან ის, რაც მივიღეთ ან კრიზისი მუნიციპალიტეტში და ხელახალი არჩევნები. რა იქნებოდა შუალედურ არჩევნებზე, ვინც არჩევნები ოდნავ მაინც იცის, წარმოიდგენს. დღეს ზუგდიდს ჰყავს უკვე მოქმედი საკრებულო, რომელსაც შეუძლია ყველა ბერკეტი გამოიყენოს ბიუჯეტში ცვლილებებისთვის და არა მხოლოდ”,- წერს წითლიძე.

რაც შეეხება გიორგი გახარიას, დეპუტატის თქმით, ის იდგა 20 ივნისს აქციაზე და პირადად გადაიტანა სამეგრელოში საარჩევნო ტერორი გახარიას ხელმძღვანელობით.

“მის კისერზეა კერზაიას საქმე, 20 ივნისი, ანაკლიის პორტი და არა მხოლოდ – ამაზე პასუხისგება მოუწევს მას შემდეგ  რაც “ქართული ოცნება” დასრულდება. ეს დასასრული კი დაიწყო წალეჯიხაში, ჩხოროწყუში, რუსთავში… დღეს უკვე ზუგდიდშიც “ქართული ოცნება” დამარცხა. მაგრამ როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ისიც უნდა გვახსოვდეს რომ ამ არჩევნებზე ზუგდიდში 3000 მეტმა (შეიძლება მეტიც ზუსტად არ მახსოვს) ზუგდიდელმა გადაწყვიტა, მიუხედავად ყველაფრისა გახარიასთვის ხმა მიეცა და სამი მანდატით ყოფილიყო წარმოდგენილი საკრებულოში. 30 ათასმა ზუგდიდელმა, არჩევნებზე მოსულის უმრავლესობამ გვითხრა, რომ ოპოზიცია უნდოდათ საკრებულოში და მიუხედავად ღირებულებითი სხვაობისა, რომელიც მუდმივად იქნება, მთავარი იყო ზუგდიდელების ინტერესი და მუნიციპალიტეტის კრიზისიდან გამოყვანა”,- აცხადებს წითლიძე.

ზუგდიდის საკრებულოს აკომპლექტებს 45 დეპუტატი. „ნაციონალურ მოძრაობას“ 22 წევრი ჰყავს, „ქართული ოცნებას“ — 20, ხოლო გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ 3 მანდატი აქვს. ვერც „ქართული ოცნება“ და ვერც „ნაციონალური მოძრაობა“ დამოუკიდებლად ვერ ახერხებდნენ თავმჯდომარის არჩევას.წალენჯიხასა და ჩხოროწყუშიც, სადაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ასევე არ ჰქონდათ უმრავლესობა. ენმ-სთან შეთანხმებით, თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრები აირჩიეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი