ახალი ამბები

არ მგონია, უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს — კობახიძე სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიაზე

10 თებერვალი, 2022 •
არ მგონია, უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს — კობახიძე სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, “ქართული ოცნება” მიხეილ სააკაშვილის საქმის საგამოძიებო კომისიის შექმნას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. აღნიშნულის შესახებ მან “პალიტრა ნიუსის” ეთერში ისაუბრა.

საუბარია კომისიაზე, რომელმაც, შექმნის შემთხვევაში, უნდა იმსჯელოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პატიმრობაში მყოფი სააკაშვილის მიმართ არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას.

“ყველამ იცის, რომ არავის უწამებია სააკაშვილი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება”, — თქვა კობახიძემ 10 თებერვალს.

მანამდე, 4 იანვარს, კობახიძემ დასძინა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა ხსენებული კომისიის შექმნას. მანვე არ გამორიცხა შესაძლებლობა, მმართველ პარტიას შეევსო კომისიის შესაქმნელად საჭირო ხმათა რაოდენობა პარლამენტში.

“ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. ჩემი პირადი პოზიცია შეიძლება არც იყოს ცუდი, შეიძლება ვიფიქროთ ამ ხმების შევსებაზეც კი”, — ამბობდა ის და ხაზს უსვამდა მმართველი გუნდის პოზიციას, რომ სააკაშვილი არავის უწამებია.

“პალიტრა ნიუსის” წამყვანმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს თავისივე ნათქვამი შეახსენა და ჰკითხა, ძალაში ტოვებდა თუ არა აღნიშნულ “დაპირებას”.

საპასუხოდ კობახიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ იანვარში გახმიანებული კომენტარი იყო არა დაპირება, არამედ — “დაშვება”.

“ასეთი დაპირება არცერთ ჩვენგანს არ გაუცია. ჩვენ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ ამას განვიხილავდით ერთი მარტივი მიზეზის გამო: ყველამ იცის, რომ არავის უწამებია მიხეილ სააკაშვილი.

ეს არ არის დაპირება… ეს არის დაშვება, რომ ასეთ რაღაცაზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ამაზე შეიძლება მსჯელობა. თუმცა, რაც გამოიკვეთა უმრავლესობის შიგნით პოზიცია, არ მგონია, უმრავლესობამ მხარი დაუჭიროს ამ პოზიციას. ეს არის დღევანდელი მოცემულობა”, — დასძინა მან.

საპასუხოდ ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვისა, რა შეიცვალა 4 იანვრის შემდეგ, კობახიძემ თქვა:

ძალიან მარტიავად, გვქონდა დისკუსია ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით და საბოლოო ჯამში აბსურდთან დაკავშირებით არ ჩაითვალა მიზანშეწონილად კომისიის შექმნა.

ყველამ იცის, რომ არავის უწამებია სააკაშვილი. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება.

რა თქმა უნდა, გარკვეული პლუსი შეიძლება ჰქონოდა ამ კომისიის შექმნას იმ კუთხით, რომ ეს მარტივი ჭეშმარიტება დადგინდებოდა ყველას მიერ, თუმცა მეორე მხარეა, რომ თავისთავად უკვე ასეთი კომისიის შექმნა უკვე რაღაც პოლიტიკური აქტია და არ ჩაითვალა ამ პოლიტიკური აქტის განხორციელება მიზანშეწონილად უმრავლესობის მხრიდან”.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ საკითხზე”ერთი მსჯელობა ალბათ კიდევ შედგება”.

“თუმცა, ახლა რასაც ვუყურებ, ალბათ რაღაც 10%-იანი შანსია, რომ ასეთ კომისიას მხარი დაუჭიროს უმრავლესობამ”, — დაამატა მან.

სააკაშვილის კომისია და ჯაფარიძის ფაქტორი

ამ ეტაპზე ბუნდოვანია, მოხერხდება თუ არა სააკაშვილთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნა. ამისათვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

ცნობილია, რომ კომისიას მხარს არ დაუჭერენ პარტია „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას თანაგუნდელები – პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები და „ევროპელი სოციალისტები“. შესაბამისად, მათი გამოკლებით, კომისიის შესაქმნელად ოპოზიციის რიგებში ზუსტად 50 ხმის მობილიზება ხდება შესაძლებელი.

თუმცა ასევე ცნობილია, რომ პარლამენტის დღის წესრიგში დგას ოპოზიციონერი დეპუტატისთვის, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ ჯაფარიძე დამნაშავედ ცნო.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი მხოლოდ საპროცედურო კომიტეტში “ქართული ოცნების” წევრებმა დაუჭირეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული რეკომენდაციით პარლამენტს მიმართავს და ახლა უკვე სასესიო სხდომაზე უნდა გადაწყდეს, შეუწყდება თუ არა ჯაფარიძეს უფლებამოსილება.

თუ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, მაშინ კომისიის მხარდამჭერი დეპუტატების რიცხვი 49-მდე შემცირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ლელოს“ საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს და პარლამენტში ჯაფარიძის ადგილმონაცვლეც ვერ შევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი