საზოგადოება

ბადრი ჯაფარიძის გარეშე, შესაძლოა, სააკაშვილზე კომისია ვეღარ შეიქმნას

8 თებერვალი, 2022 • 946
ბადრი ჯაფარიძის გარეშე, შესაძლოა, სააკაშვილზე კომისია ვეღარ შეიქმნას

თუ პარლამენტი ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მაშინ, შესაძლოა, ვეღარ შეიქმნას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ინიცირებული დროიებითი საგამოძიებო კომისია.

კომისიის შექმნას 50 დეპუტატის მხარდაჭერა სჭრიდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ კომისიას მხარს არ დაუჭერენ პარტია „მოქალაქეები“, გიორგი გახარიას თანაგუნდელები – პარტიის „საქართველოსთვის“ წევრები და „ევროპელი სოციალისტები“. შესაბამისად, მათი გამოკლებით, კომისიის შესაქმნელად ოპოზიციის რიგებში ზუსტად 50 ხმის მობილიზება ხდება შესაძლებელი.

თუმცა, თუ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, მაშინ კომისიის მხარდამჭერი დეპუტატების რიცხვი 49-მდე შემცირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ლელოს“ საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს და პარლამენტში ჯაფარიძის ადგილმონაცვლეც ვერ შევა.

აღნიშნულ გარემოებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, სინამდვილეში, ბადრი ჯაფარიძეს უფლებამოსილებას ასე სასწრაფოდ იმიტომ უწყვეტენ, რომ მისი წამების კომისიის შექმნასთან დაკავშირებით 50-ე ხმაა.

„ივანიშვილს და “ოცნებას” ჩემი წამების დამატებითი ფაქტების გამომზეურების ცეცხლივით ეშინიათ, ვინაიდან ამას, საერთშორისო მასშტაბით, კონკრეტული, მძიმე შედეგები ექნება. არადა, თუ გვახსოვს, ადრე თვითონ ტრაბახობდნენ, თუ ხმები დააკლდათ, ჩვენ დავუმატებთო.
ახლა, წამებისა და არააამიანური მოპყრობის დასამტკიცებლად, უკვე საკმარისზე მეტი მასალაა, მათ შორის სახალხო დამცველის კომისიამ უტყუარად დაადგინა PTSD-ს დაავადება, რაც წამების პირდაპირი შედეგია.

ამათ გაუშვეს კადრები, სადაც ცემა-ტყეპა და მიწაზე თრევა უკვე დასრულებული ჰქონდათ და აღარ მქონდა წინააღმდეგობის გაწევის ძალა, მაგრამ ეს შედარებით “მსუბუქი” კადრებიც ღიად ადასტურებს დანაშაულს. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველოს ისტორიული სირცხვილია, როცა დამპყრობლის საამებლად ამას აკეთებ“, – წერს სააკაშვილი.


7 თებერვალს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა „ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი მხოლოდ საპროცედურო კომიტეტში “ქართული ოცნების” წევრებმა დაუჭირეს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აღნიშნული რეკომენდაციით პარლამენტს მიმართავს და ახლა უკვე სასესიო სხდომაზე უნდა გადაწყდეს, შეუწყდება თუ არა ჯაფარიძეს უფლებამოსილება.

ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო.

საუბარია თბილისის საქალაქო სასამართლოს 12 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, „ფულის გათეთრების საქმეზე“ ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობად გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

კომიტეტმა ასევე მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისთვის, კახა კუჭავასთვის და ელენე ხოშტარიასთვის მანდატის შეწყვეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი