ახალი ამბები

სტრასბურგმა აგვისტოს ომზე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

9 თებერვალი, 2022 •
სტრასბურგმა აგვისტოს ომზე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2008 წლის ომზე რუსეთის წინააღმდეგ ინდივიდუალური საჩივრების განხილვა დაიწყო.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს, რომელსაც ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სხვადასხვა უფლების დარღვევის შესახებ, ჯამში, 53 საჩივარი აქვსს ტრასბურგში გაგზავნილი და 350-ზე მეტ დაზარალებულს იცავს.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ 2022 წლის 7 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსგან მიღებული კომუნიკაციის თანახმად, სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით ინდივიდუალური საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, საიას თქმით, სასამართლომ ინდივიდუალურად წარდგენილ 59 საჩივართან (ჯიოშვილი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და 58 სხვა საჩივარი) დაკავშირებით რუსეთის ფედერაციას კითხვებით მიმართა. განსახილველ საქმეებს შორის არის საიას მიერ გაგზავნილი 12 საჩივარი, რომელიც 78 ადამიანის ინტერესების დაცვას ეხება:

„ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სასამართლოს წერილის თანახმად, რუსეთის ფედერაციას 2022 წლის 2 მაისამდე აქვს ვადა, ევროპული სასამართლოს წინაშე უპასუხოს კითხვებს, მომჩივანთა მიმართ დაირღვა თუ არა კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება); პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლება), მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება) და ამ უფლებებთან ურთიერთკავშირში მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლები.

ხსენებულ მუხლებთან დაკავშირებით სასამართლო განიხილავს, აქვთ თუ არა მომჩივნებს წვდომა თავიანთ საკუთრებასთან, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს, და შეერაცხება თუ არა რუსეთის ფედერაციას მათ მიმართ ამ უფლებების დარღვევა“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

საია ხაზს უსვამს, რომ 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება სახელმწიფოთა შორის საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II) (no. 38263/08), რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ დარღვევებს შეეხება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სასამართლომ ამ გადაწყვეტილებაში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქალაქეთა უდიდესი ნაწილი, რომელმაც კონფლიქტის პერიოდში მათი საცხოვრებელი სახლები დატოვა, ცხოვრებას აგრძელებდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ არ ეძლეოდათ საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ ეთნიკური ქართველების სახლები მდებარეობდა რუსეთის ეფექტიანი კონტროლის ქვეშ მოქცეულ ტერიტორიაზე და რუსეთი ეფექტიან კონტროლს ახორციელებდა ადმინისტრაციულ საზღვარზე, სასამართლოსთვის საკმარისი აღმოჩნდა რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის იურისდიქციული კავშირის დასადგენად:

„სასამართლოს განმარტებით, საკუთარ სახლებში დაბრუნების შეუძლებლობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რომელიც ქართველების მიმართ კვლავ გრძელდება. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას და ასევე, რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიებზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს, კონვენციით ეკისრება ვალდებულება, ქართული წარმოშობის მცხოვრებლებისთვის სახლებში დაბრუნების უფლება მისცეს”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი