5 ივლისის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
აღნიშნულ პირს ბრალდების მხარე „რუსთავი 2-ის” ოპერატორის ცემას ედავება.
სასამართლო პროცესი დღეს, 8 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
ჯამში, იმდღევანდელი მოვლენების შემდეგ, შსს-მ 50-ზე მეტი ჟურნალისტი ცნო დაზარალებულად. რამდენიმე მათგანი მძიმედ დაშავდა.
აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით – მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით – მედიასთან ასოცირდებოდა.
გარდა ამისა, ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ პოლიციის უუნარობას, ისინი დაეცვა, – 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, პოლიციელები შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილები.
„ალტ-ინფომ“ რამდენიმე კვირის წინ დააფუძნა პოლიტიკური პარტია, რომლის სახელწოდებაა „კონსერვატიული მოძრაობა“.
„ალტ-ინფო“ ტელევიზიაა, რომლის ორგანიზებითაც ჩატარდა 2021 წლის 5 ივლისს ანტი-ლგბტ აქცია, რომელიც ჟურნალისტებზე ძალადობაში გადაიზარდა.
ამასთან, აქციის მიმდინარეობისას სცემეს ტვ პირველის ოპერატორ ლექსო ლაშქარავას, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა (შსს მის გარდაცვალებას ნარკოტიკებით ზედოზირებას უკავშირებს).
5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულია რამდენიმე პირი, თუმცა უშუალოდ დანაშაულის ორგანიზატორობის ბრალდებით შსს-ს ამ დრომდე არავინ დაუკავებია.