დროებითი ჯებირის დაზიანების საქმეზე დაკავებული ახალგაზრდები, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

დაცვის მხარე ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდა არასაპატიმრო ფორმით და მათ შორის მზად იყო, გადაეხადა გირაოს თანხაც, თუმცა მოსამართლე ნათია გუდაძემ და პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ ეს არ გაითვალისწინეს.

პროცესის მიმდინარეობისას საბა მეფარიშვილის დედამ გონება დაკარგა, რის გამოც სასამართლო პროცესზე დროებით შესვენება გამოცხადდა.

ასევე, დღეს უნდა გამართულიყო ბრალდების მხარის მტკიცებულებების განხილვა, თუმცა სასამართლო პროცესზე მისულმა მხარეებმა გაიგეს, რომ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებას გადახედავდნენ და მტკიცებულებებს აღარ გადაამოწმებდნენ, რაც ნიშნავს, რომ პროცესი კიდევ უფრო დიდხანს გაგრძელდება.

დაცვის მხარის ადვოკატები ფიქრობენ, რომ საქმე ძალით ჭიანურდება. როგორც ცნობილია, ცოტა ხანში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილება ეწურება და არსებობს ეჭვი, რომ სასამართლო ცდილობს განაჩენი ამ ვადის ამოწურვამდე არ გამოაცხადოს, რათა პრეზიდენტს დაკავებულების შეწყალების საშუალება არ მისცეს.

19 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და 23 წლის საბა მეფარიშვილი 12 მაისს, პარლამენტის წინ მიმდინარე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დააკავეს. გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტის დარღვევას ედავება, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ჯგუფურად. სხვისი ნივთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში არსებული 400-ლარიანი ჯებირია, რომელიც უწყებას პარლამენტის შესასვლელთან ჰქონდა დამაგრებული. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.