პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია “თავის დაძვრენის ტექსტია”.
მისი თქმით, რეზოლუციის აღნიშნული ტექსტი ნეიტრალურიც კი არ არის და ამიტომ მხარს არ დაუჭერს.
„შორსმჭვრეტელი ტექსტია და დაახლოებით ასე იკითხება: როდესაც რუსეთი უკრაინასთან მიმართებით აგრესიას განახორციელებს, საქართველო იტყვის, რომ უი, უი, რა ცუდია, საერთაშორისო თანამეგობრობამ თავისი როლი ვერ შეასრულა და უკრაინასთან ომი დაუშვა. აი, ეს არის ჩვენი ტექსტი სინამდვილეში, თავის დაძვრენის ტექსტია, მეტი არაფერი“, – განაცხადა კორძაიამ.
კორძაიას თქმით, ეს არა უკრაინელების მხარდასაჭერი ტექსტი, არამედ “მხდალი ტექსტია”, რომლითაც საქართველო თავს იზღვევს.
“თავს ვიზღვევთ, რომ ხვალ ლავროვმა რაიმე განცხადება არ გააკეთოს, რომლითაც საქართველოს დაემუქრება. დღეს, როდესაც კიევში პოლონეთის, ბრიტანეთის ნომერ პირველი პირები ჩადიან უკრაინის მხრდასაჭერად, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რუსეთის აგრესია არ უნდა ვახსენოთ“,-განაცხადა კორძაიამ.
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და დააინიცირა, რუსეთი ნახსენები არაა. ოპოზიცია უმრავლესობას რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაციის, როგორ აგრესორის, ჩაწერას სთხოვდა. თუმცა “ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.