ახალი ამბები

CNN: უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი განიხილება

1 თებერვალი, 2022 • 1386
CNN: უკრაინაში აშშ-ის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი განიხილება

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა შეარჩია.

CNN ამერიკულ და უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბრინკის ოფიციალურად დასახელებამდე ბაიდენის ადმინისტრაცია ელოდება უკრაინის მთავრობის ოფიციალურ თანხმობას.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაახლოებულმა წყარომ CNN-ს განუცხადა, რომ უკრაინის მთავრობა კვლავ ამოწმებს ბრინკის კანდიდატურას. მისივე ცნობით, პროცესი არ შეფერხებულა, რადგან შეერთებულმა შტატებმა ახალი ელჩის კანდიდატურა უკრაინას დაახლოებით ერთი კვირის წინ შესთავაზა და იგი ახლა სტანდარტულ განხილვას გადის.

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინაში აშშ-ის ელჩის ვინაობა ძალიან მალე გამოცხადდება და ამ ადამიანს ექნება შეერთებული შტატების პრეზიდენტის სრული ნდობა. ბლინკენმა თქვა, რომ მომავალ ელჩთან, რომელსაც რეგიონის შესახებ დიდი ცოდნა და გამოცდილება აქვს, მას ახლო ურთიერთობა აქვს.

ამჟამად უკრაინაში აშშ-ის ელჩის მოვალეობას კრისტინა კვიინი ასრულებს. შეერთებულ შტატებს ქვეყანაში მუდმივი ელჩი არ ჰყავდა 2019 წლის აპრილიდან, მარია იოვანოვიჩის გაწვევის შემდეგ.

ბრიჯიტ ბრინკი ამ დრომდე არის აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. სხვადასხვა წლებში მუშაობდა აშშ-ის საელჩოში საქართველოში — ჯერ პოლიტიკურ-ეკონომიკურ განყოფილების უფროსად, ხოლო შემდეგ -ელჩის მოადგილედ.

2019 წელს ჯერ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, შემდეგ კი დიპლომატიურ დონეზე დადასტურდა, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა განიხილებოდა საქართველოში ელჩის პოსტზე, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ თანხმობა არ მისცა.

კერძოდ, 2019 ოქტომბერში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ქართულმა მხარემ დაბლოკა. მოგვიანებით ამის შესახებ წერდა Foreign Policy-ც. როგორც გამოცემის ჟურნალისტები, რობი გრამერი (FP-ში აშუქებს სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებს) და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში ბრიჯიტ ბრინკს მიიჩნევდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

თუმცა კონგრესში ჩვენების მიცემისას ფიონა ჰილმა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების ყოფილმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ბრიჯიტ ბრინკს აგრიმანზე ფაქტობრივად უარი უთხრეს.

ფიონა ჰილი წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში წარდგა. ჰილს კითხვები დაუსვეს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მარი იოვანოვიჩის უკრაინიდან გაწვევის მიზეზებზე. იოვანოვიჩი ფიგურებს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ ზელენსკის ივლისის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მას ახასიათებს როგორც ცუდ ელჩს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ამ მოსაზრებას იზიარებს.

მოსმენაზე ითქვა, რომ ელჩ იოვანოვიჩის გაწვევას თითქოსდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული სარჩული ჰქონდა და ჰილს ჰკითხეს, ახსენდება თუ არა ანალოგიურ სიტუაციებში ელჩის გათავისუფლების შემთხვევები. ფიონა ჰილმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, მათ შორის, კეტი კავალეჩზე ალბანელი დემოკრატების მიერ მიტანილი იერიში და თქვა, რომ “რაღაც მსგავსი გაუკეთეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ბრიჯიტ ბრინკს”, რომელზეც ქართველები აპირებდნენ დოსიეს შექმნას.

“ორი მაგალითი იყო, როდესაც ელჩს უარი უთხრეს აგრიმანზე, ან უარი ითქვა განხილვაზე ქვეყნის მიერ, იმიტომ, რომ ისინი დაადანაშაულეს წინამორბედ პრეზიდენტთან სიახლოვეში. ეს მოხდა ჩვენს ელჩთან დაკავშირებით საქართველოში, რომელიც სააკაშვილის დროს მუშაობდა ჩვენს საელჩოში საქართველში და მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახლოს იყო მასთან”, – განაცხადა ფიონა ჰილმა.

ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა საქართველოს მიერ აშშ-ის ელჩის კანდიდატურის დაბლოკვა დაადასტურა

მასალების გადაბეჭდვის წესი