ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა საქართველოს მიერ აშშ-ის ელჩის კანდიდატურის დაბლოკვა დაადასტურა

კონგრესში ჩვენების მიცემისას ფიონა ჰილმა, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტომდე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ევროპისა და რუსეთის საკითხების დირექტორი და ტრამპის ადმინისტრაციაში რუსეთის საკითხების წამყვანი ექსპერტი იყო, საქართველოს მიერ აშშ-ის ელჩის კანდიდატურის დაბლოკვა დაადასტურა.

ფიონა ჰილი წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში წარსდგა. ჰილს კითხვები დაუსვეს უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩი მარი იოვანოვიჩის უკრაინიდან გაწვევის მიზეზებზე. იოვანოვიჩი ფიგურებს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ ზელენსკის ივლისის სატელეფონო საუბრის ჩანაწერში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი მას ახასიათებს როგორც ცუდ ელჩს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი ამ მოსაზრებას იზიარებს.

მოსმენაზე ითქვა, რომ ელჩ იოვანოვიჩის გაწვევას თითქოსდა პოლიტიკური და პროპაგანდისტული სარჩული ჰქონდა და ჰილს ჰკითხეს, ახსენდება თუ არა ანალოგიურ სიტუაციებში ელჩის გათავისუფლების შემთხვევები. ფიონა ჰილმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, მათ შორის, კეტი კავალეჩზე ალბანელი დემოკრატების მიერ მიტანილი იერიში და თქვა, რომ “რაღაც მსგავსი გაუკეთეს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს საქართველოში ბრიჯიტ ბრინკს”, რომელზეც ქართველები აპირებდნენ დოსიეს შექმნას.

“ორი მაგალითი იყო, როდესაც ელჩს უარი უთხრეს აგრიმანზე ან უარი ითქვა განხილვაზე ქვეყნის მიერ, იმიტომ, რომ ისინი დაადანაშაულეს წინამორბედ პრეზიდენტთან სიახლოვეში. ეს მოხდა ჩვენს ელჩთან დაკავშირებით საქართველოში, რომელიც სააკაშვილის დროს მუშაობდა ჩვენს საელჩოში საქართველში და მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ახლოს იყო მასთან”, – განაცხადა ფიონა ჰილმა.

წარმომადგენელთა პალატაში ჰილის მოსმენსის სრული ტრანსკიპტი ამერიკულმა ტელეარხმა CBS News-მა გამოაქვეყნა.


გასული წლის ოქტომბერში ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე განიხილებოდა, თუმცა ის ქართულმა მხარემ დაბლოკა. მოგვიანებით ამის შესახებ წერდა Foreign Policy-ც. როგორც გამოცემის ჟურნალისტები, რობი გრამერი (FP-ში აშუქებს სახელმწიფო დეპარტამენტის საკითხებს) და ემი მაკინნონი წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ, რამდენიმე პირი საქართველოს მთავრობაში ბრიჯიტ ბრინკს მიიჩნევდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილ ფიგურად.

საქართველოს ხელისუფლებამ ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურა.

ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურის (ოფიციალურ ნომინირებამდე) დაბლოკვის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს მიმდინარე წლის სექტემბერში “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა” და “მაკკეინის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებული რიგით მეხუთე თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე სტუმრად მყოფმა ამერიკელმა დიპლომატებმა: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის უფროსი მკვლევარმა დევიდ კრამერმა და უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ჰერბსტმა.

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ მითი უწოდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოსტზე ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა დაბლოკა. თუმცა, როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის ლობისტებმა თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტში არსებული შიდა დაპირისპირება ბრინკის ნომინირების წინააღმდეგ გამოიყენეს.

პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში გამოსვლისას, ამ თემაზე “ნაციონალური მოძრაობის” კრიტიკული კითხვების საპასუხოდ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სწორედ გიგა ბოკერიას განცხადება დაიმოწმა.

“ჩემი თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ გიგა ბოკერიას”, – მიმართა მან დეპუტატებს და კიდევ ერთხელ უარყო, რომ საქართველომ ბრიჯიტ ბრინკის ნომინირებას ხელი შეუშალა.

ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში ელჩი 2018 წლის აპრილიდან არ ჰყავს. ამ პოსტზე წარგენილია კელი დეგნანის კანდიდატურა, რომელიც საქართველოში მუშაობას სენატში შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ შეუდგება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ჩიჩუა არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2018 წლის სექტემბრიდან.