ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე 2020 წელს შეისყიდეს, 2022 წლის ბოლომდე კი მისი რეაბილიტაციის დასრულება იგეგმება. ამის შესახებ ღუდუშაურმა დღეს, 31 იანვარს განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე შენობის დეტალური პროექტირება, მშენებლობა და რეაბილიტაციის პროექტია დაგეგმილი, რომლის საერთო ღირებულებაც დაახლოებით 20 მილიონი ლარია.
“ამ წუთისთვის დასრულებულია ბაზრის კვლევა და ბიუჯეტი გაიგზავნება მთავრობაზე დასამტკიცებლად, რომლის შემდეგადაც მოხდება მშენებელი კომპანიის შერჩევა. წლის ბოლომდე ინფექციურის თანამშრომლებს უკვე შეეძლებათ ისარგებლონ თანამედროვედ აღჭურვილი გარემონტებული შენობით”, – განაცხადა ღუდუშაურმა.
მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინფექციური საავადმყოფოს ახალ შენობაში გადატანის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმაც. მისი თქმით, ეს „არის ძალიან კარგი, ახალაშენებული შენობა, დაახლოებით, 15 000 კვადრატულ მეტრამდე“.