ახალი ამბები

ფულადი წახალისების ფარგლებში ბუსტერით 50+ ასაკის 20 ათასამდე პირი აიცრა

31 იანვარი, 2022 • 1418
ფულადი წახალისების ფარგლებში ბუსტერით 50+ ასაკის 20 ათასამდე პირი აიცრა

ვაქცინაციის ფულადი წახალისების პროგრამის ფარგლებში ერთ კვირაში ბუსტერ დოზით 50 წლის და მეტი ასაკის 19 985 ადამიანი აიცრა. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ ჯანდაცვის სამინისტროდან მიაწოდეს.

წამახალისებელი პროგრამა ბუსტერ დოზებზე 25 იანვარს ამოქმედდა. პროგრამის ფარგლებში 100 ლარს მიიღებს ყველა ის 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქე, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზას გაიკეთებს.

რაც შეეხება 200-ლარიან ერთჯერად წახალისებას, რომელიც ვაქცინის პირველი დოზით აცრილ 50 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეს ეხება, 2021 წლის 21 დეკემბრიდან დღემდე, ჯამში, 25 962 200 ლარი 129 811 მოქალაქეს გადაერიცხა.

რაც შეეხება ვაქცინაციის სტატისტიკას სრულ დემოგრაფიაზე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 31 იანვრის მდგომარეობით, სულ მხირე ერთი დოზით აცრილია 1 333 606 ადამიანი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 46.4%-ს შეადგენს. სრულად ვაქცინირებულია 1 219 721 პირი, რაც ზრდასრული მოსახლეობის 42.5%-ს შეადგენს.

NCDC-ს მონაცემებით, ბუსტერ დოზით აცრილია 157 283 პირი. 12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 3 905 (2.20%), სრულად აცრილია -2 744 (1.55%). 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 426 (15.32%), სრულად აცრილია- 10 847 (13,38%)

მასალების გადაბეჭდვის წესი