ახალი ამბები

მერიას ნულოვანი მგრძნობელობა აქვს უსახლკაროების მიმართ – სსც ორხევზე

28 იანვარი, 2022 • 1182
მერიას ნულოვანი მგრძნობელობა აქვს უსახლკაროების მიმართ – სსც ორხევზე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ თბილისის მერიას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დემონტაჟის პროცესი ორხევის დასახლებაში და უზრუნველყოს დაზარალებული ადამიანები გრძელვადიანი საცხოვრისითა და საჭირო სერვისებით.

„თბილისის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის მიერ ნაგებობების დემონტაჟის პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა ის ნულოვანი მგრძნობელობა, რაც თბილისის მერიას უსახლკარო და უსახლკარობის საფრთხის წინაშე მყოფი ადამიანების მიმართ აქვს. ამ პროცესში მერიის ერთადერთ არგუმენტს წარმოადგენს არსებული მშენებლობების ნებართვის გარეშე აშენების ფაქტი და კანონის ფორმალური აღსრულება – „უკანონო“ საცხოვრისების დემონტაჟი“, – წერს ორგანიზაცია.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანახმად, ორხევის ტერიტორიაზე საცხოვრისების ნგრევა „არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მუნიციპალიტეტის რეპრესიული პოლიტიკის ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს“, რის მაგალითადაც ორგანიზაცია ასახელებს ერთი წლის წინ მერიის მიერ აფრიკის დასახლების ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობების დაშლას, ასევე, დედაქალაქის მერის არაერთ განცხადებას უნებართვოდ აშენებული შენობების დემონტაჟთან დაკავშირებით.

„სახელმწიფოს მიერ საცხოვრისის გარანტირების პოლიტიკისა და სერვისების არარსებობის, ასევე, ამ მიმართულებით მთავრობისა და მუნიციპალიტეტების უმოქმედობის ფონზე, უამრავი ოჯახი თვითდახმარების გზებს – ნებართვის გარეშე შენობების აგებასა თუ სხვადასხვა ობიექტებში ცხოვრებას მიმართავს. ამგვარი საქმიანობის აკრძალვისა თუ დასჯის პოლიტიკა, განსაკუთრებით, ალტერნატიული სათანადო საცხოვრისის შეთავაზების გარეშე და ზამთრისა და COVID-19-ის ვირუსის უპრეცედენტო გავრცელების პირობებში, ადამიანებს ქუჩაში, მიუსაფარ მდგომარეობაში აღმოჩენისა და ფიზიკური განადგურების რისკის წინაშე აყენებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ორგანიზაცია ასევე საუბრობს „უკიდურესად ხარვეზიან საკანონმდებლო ჩარჩოზე“ და წერს:

„მაშინ, როდესაც პანდემიის მიზეზით, საცხოვრისიდან გამოსახლებაზე დაწესებულია მორატორიუმი, არსებული სისტემა, საერთაშორისო სტანდარტების უგულებელყოფით, დემონტაჟის პროცესს და ამ პროცესის შედეგად შენობებიდან ადამიანების გამოყვანას არ მიიჩნევს გამოსახლების სახედ, ამგვარ შემთხვევებს სამშენებლო სამართალდარღვევის ჭრილში აღიქვამს და დემონტაჟის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა თუ აღსრულების დროს სრულიად გამორიცხავს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, მაშინაც კი, თუ ამგვარი გადაწყვეტილება ადამიანების ქუჩაში დარჩენას იწვევს. მეტიც, 2020 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, უნებართვო მშენებლობის შემთხვევაში უსახლკარო ადამიანებს არა მხოლოდ ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც შეიძლება დაეკისროთ“.

ორგანიზაცია მოუწოდებს მუნიციპალიტეტს, შეწყვიტოს დემონტაჟი, შეისწავლოს დაზარალებულთა საჭიროებები, იზრუნოს მათზე და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტით იხელმძღვანელოს. ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროს:

  • „უმოკლეს ვადაში შეიმუშაოს საცხოვრისის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც უსახლკარობასთან ბრძოლის ზოგადი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოყალიბების პარალელურად, მოახდენს გამოსახლების, მათ შორის, დემონტაჟის, შემთხვევების პრევენციასა და მინიმუმამდე დაყვანას.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი