ახალი ამბები

სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს – კალაძე ორხევში სახლების დემონტაჟზე

28 იანვარი, 2022 • 2300
სახელმწიფო მიწების დატაცების უფლება არავის აქვს – კალაძე ორხევში სახლების დემონტაჟზე

ორხევის დასახლებაში მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ რამდენიმე სახლის დემონტაჟის ფონზე, თბილისის მერი კახი კალაძე აცხადებს, რომ „არავის მიეცემა შესაძლებლობა, სახელმწიფო მიწები დაიტაცოს და უკანონო მშენებლობა აწარმოოს“.

„სახელმწიფო ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების ფაქტებზე ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება რეაგირება. ვერ ნახავთ ვერ ცერთ ჩემს განცხადებას, სადაც მე ვამბობ, რომ უკანონო ნაგებობებს ვინმეს დავუკანონებდით“, – განაცხადა კალაძემ.

„ჩვენ ვიკვლევთ, ვინ არიან ეს ადამიანები და აღმოჩნდება, რომ ისინი ფლობენ ბინებს დედაქალაქში, მიწის ნაკვეთებს რეგიონებში. რაც შეეხება უსახლკაროებს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სპეციალური პროგრამა და ყველა ასეთი სტატუსის მქონე ადამიანი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 28 იანვრის დილას ორხევში რამდენიმე სახლი დაანგრია.

ინსპექციის თანახმად, ეს ნაგობობები უკანონოდ იყო აშენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იქ არავინ ცხოვრობდა, თუმცა მოქალაქეები ამას უარყოფენ.

რას ამბობენ მოქალაქეები

ერთ-ერთი მოქალაქე, გიორგი ჩიტიძე, რომელსაც სახლი დაუნგრიეს, „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს:

„შეშაზე ვიყავით წასულები, შეშა ჩამოვიტანეთ, რომ ფეჩისთვის მქონოდა. დამირეკეს, ანგრევენო. რაც შეიძლება სწრაფად წამოვედი, მოვედი და დამხვდა ეს სიტუაცია. ფეჩი შიგნით, ლოგინები შიგნით, აბსოლუტურად ყველაფერი შიგნით, მეტალო-პლასტმასის ფანჯრები“.

„შიგნით ვცხოვრობდით. ისე არ იყო აშენებული, რომ იდგეს უბრალოდ, არ ვიცხოვრო და მისაკუთრება მინდოდეს რაღაცის. მე მაგას არ ვითხოვ. რაღაცით დამაკმაყოფილონ ელემენტარულად“, – ამბობს გიორგი ჩიტიძე.

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაგონს ფლობს და ინსპექცია ვაგონის გატანისთვის კვირამდე აძლევს ვადას:

„აი, ეს ვაგონი არის ჩემი, აქ დავდგი და ამაზეც მეუბნებიან, გადაიტანე, თორემ წავიღებთ და ვეღარ იპოვი საერთოდო. კვირამდე მომცეს ვადა. სად წავიღო, მაგას ვფიქრობ“.

მისი თქმით, სოციალურად დაუცველია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად ცხოვრობს ვაგონში.

ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს: „დღეს რა დემონტაჟიც განვახორციელეთ, იქ შესახლებული არავინ არ გახლდათ. რაც შეეხება „ადგილობრივებს“, ცნობილი არ არის ჩვენთვის, ისინი ადგილობრივები არიან თუ სად არიან ჩაწერილები და სად არა“.

მისი განცხადებითვე, თუკი ვინმე ქუჩაში დარჩა, მას საცხოვრისი გამოეყოფა:

„იმისთვის, რომ ქუჩაში არავინ არ დარჩეს, მერია, მუნიციპალური სამსახურები, გამგეობა არიან მობილიზებულები და თუ ვინმე ქუჩაში დარჩება, მას საცხოვრისს გამოვუყოფთ“.

„უნებართვოდ იყო აშენებული“, – ამბობს მერია.

თბილისის მერიის პრესცენტრის ცნობით, ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სამშენებლო სამართალდარღვევის 16 ფაქტი გამოვლინდა, რომელზეც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ორი თვის წინ დაიწყო მოკვლევა.

„მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე შენობა-ნაგებობები უნებართვოდ იყო განთავსებული. მუნიციპალურმა ინსპექციამ, კანონის შესაბამისად, მათი დემონტაჟის პროცესი დაიწყო“, – წერს მერია.

მასალების გადაბეჭდვის წესი