საზოგადოება

ორხევში მერიამ რამდენიმე სახლი დაანგრია – „უკანონოდ იყო აშენებული“

28 იანვარი, 2022 • 2654
ორხევში მერიამ რამდენიმე სახლი დაანგრია – „უკანონოდ იყო აშენებული“

თბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ პარასკევს დილით ორხევში რამდენიმე სახლი დაანგრია.

ინსპექციის თანახმად, ეს ნაგობობები უკანონოდ იყო აშენებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ იქ არავინ ცხოვრობდა, თუმცა მოქალაქეები ამას უარყოფენ.

ერთ-ერთი მოქალაქე, გიორგი ჩიტიძე, რომელსაც სახლი დაუნგრიეს, „მთავარ არხთან“ საუბარში ამბობს:

„შეშაზე ვიყავით წასულები, შეშა ჩამოვიტანეთ, რომ ფეჩისთვის მქონოდა. დამირეკეს, ანგრევენო. რაც შეიძლება სწრაფად წამოვედი, მოვედი და დამხვდა ეს სიტუაცია. ფეჩი შიგნით, ლოგინები შიგნით, აბსოლუტურად ყველაფერი შიგნით, მეტალო-პლასტმასის ფანჯრები“.

„შიგნით ვცხოვრობდით. ისე არ იყო აშენებული, რომ იდგეს უბრალოდ, არ ვიცხოვრო და მისაკუთრება მინდოდეს რაღაცის. მე მაგას არ ვითხოვ. რაღაცით დამაკმაყოფილონ ელემენტარულად“, – ამბობს გიორგი ჩიტიძე.

კიდევ ერთი მოქალაქე ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვაგონს ფლობს და ინსპექცია ვაგონის გატანისთვის კვირამდე აძლევს ვადას:

„აი, ეს ვაგონი არის ჩემი, აქ დავდგი და ამაზეც მეუბნებიან, გადაიტანე, თორემ წავიღებთ და ვეღარ იპოვი საერთოდო. კვირამდე მომცეს ვადა. სად წავიღო, მაგას ვფიქრობ“.

მისი თქმით, ის სოციალურად დაუცველია და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე შვილთან ერთად ცხოვრობს ვაგონში.

ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს: „დღეს რა დემონტაჟიც განვახორციელეთ, იქ შესახლებული არავინ არ გახლდათ. რაც შეეხება „ადგილობრივებს“, ცნობილი არ არის ჩვენთვის, ისინი ადგილობრივები არიან თუ სად არიან ჩაწერილები და სად არა“.

მისი განცხადებითვე, თუკი ვინმე ქუჩაში დარჩა, მას საცხოვრისი გამოეყოფა:

„იმისთვის, რომ ქუჩაში არავინ არ დარჩეს, მერია, მუნიციპალური სამსახურები, გამგეობა არიან მობილიზებულები და თუ ვინმე ქუჩაში დარჩება, მას საცხოვრისს გამოვუყოფთ“.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა თბილისის მერიის პრესსამსახურს კომენტარისთვის. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი