ახალი ამბები

აფრიკის დასახლება: რატომ უნდა სჭირდებოდეთ მოქალაქეებს მერისგან ბინა საჩუქრად?

17 დეკემბერი, 2020 • 3348
აფრიკის დასახლება: რატომ უნდა სჭირდებოდეთ მოქალაქეებს მერისგან ბინა საჩუქრად?

დასჭირდებოდა ვინმეს ქალაქის მდიდარი მერისგან ბინის საჩუქრად მიღება, თუკი ქვეყანაში სოციალური და საბინაო პოლიტიკა გამართულად იმუშავებდა?

აფრიკის დასახლებაში მშენებარე სახლების დანგრევის შემდეგ სოციალური პოლიტიკის სპეციალისტები, ვისაც „ნეტგაზეთი“ ესაუბრა, ამბობენ რომ კახა კალაძის მიერ „დღის ფოტოს“ გმირებისთვის, — იქვე, მეზობლად მცხოვრები ღარიბი მამა-შვილისთვის, — ბინის ჩუქებას ორი მიზანი აქვს:

  • გადაიფაროს ის ზიანი და ნეგატიური გამოხმაურება, რაც სახლების დანგრევას მოჰყვა საზოგადოებაში;
  • უსახლკარობის მწვავე პრობლემა პოლიტიკის სფეროდან გაიტანოს, — თითქოს ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა არ იყოს, — და ინდივიდუალური სოლიდარობის, ქველმოქმედების საგნად აქციოს.

ნგრევა და საჩუქარი

15 დეკემბერს აფრიკის დასახლებაში (სამგორის რაიონში) თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით დაანგრია 12 მშენებარე სახლი.

ადგილობრივმა მოსახლეობამ წინააღმდეგობის გაწევა სცადა, რათა შენობები არ დაენგრიათ,თუმცა მერიის წარმომადგენლებმა, დაახლოებით 200-მდე პოლიციელის მობილიზების ფონზე, შენობები მაინც დაანგრიეს.

შეხლა-შემოხლისას 13 მოქალაქე დააკავეს. 12 მათგანი ხელწერილით გამოუშვეს, ერთს კი 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით.

იმავე დღეს ფეისბუკსა და მედიასაშუალებებში ვირუსულად გავრცელდა მამა-შვილის ემოციური ფოტო აფრიკის დასახლების ნანგრევების ფონზე.

საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ უშუალოდ მათი სახლი არ დაუნგრევიათ, თუმცა ამ ოჯახსაც ძალიან უჭირს. ამასთან, მამა მარტო ზრდის ექვს შვილს.

უარყოფითი გამოხმაურებისა და მწვავე კრიტიკის ფონზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ იმავე ღამით გამოაცხადა, რომ ამ ოჯახს ბინას საკუთარი სახსრებით ჩუქნის.

16 დეკემბერს კალაძემ, რომელმაც წინა დღეს მწვავედ გააკრიტიკა მედიები მამა-შვილის ფოტოს გამოქვეყნების გამო, თავად გამოაქვეყნა ამ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტოები.

ფოტოებისა და ინფორმაციის გავრცელებას ათიათასობით მოწონება და დადებითი კომენტარი მოჰყვა.

სტრატეგია

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა თბილისის მერი, უარყოფითი საზოგადოებრივი გამოხმაურების შემდეგ, საჯაროდ სჩადის ქველმოქმედებას (თუმცა ეს ეპიზოდი ყველაზე მასშტაბური შეიძლება იყოს):

რამდენიმე კვირის წინ საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოსა და ჩრდ. მაკედონიის საფეხბურთო მატჩზე კალაძისა და მისი შვილის დასწრებამ. ეს მაშინ, როდესაც, ეპიდვითარების გამო, მატჩი უგულშემატკივროდ ჩატარდა.

კალაძემ მეორე დღეს მატჩზე დასწრების გამო ბოდიში მოიხადა. მოგვიანებით კი განაცხადა, რომ გულშემატკივარს, რომელსაც გარეთ ყოფნის უფლება არ ჰქონდა და რომელიც თამაშის შემდეგ ამის გამო დაჯარიმდა, ჯარიმას გადაუხდიდა.

მსგავსი შემთხვევა იყო 2018 წელსაც: გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცერებრალური დამბლის მქონე 15 წლის მოზარდი, რომელიც წვენებს ყიდდა, გარე ვაჭრობის შესახებ რეგულაციებით საქმიანობას ვეღარ გააგრძელებდა.

მისი ამბავი ბევრმა გააზიარა. კალაძემ ცოტა ხანში მას ახალი ჯიხური გადასცა მზიურის პარკში, რითაც ბავშვს, როგორც მერია წერდა, „კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლება“ მიეცა.

„რადიო თავისუფლების“ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, თბილისის მერიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 55-კაციანი გუნდი ჰყავს, რომელმაც მხოლოდ 2020 წლის პირველ 6 თვეში კომუნიკაციაში ნახევარ მილიონამდე ლარი დახარჯა.

მერი, როგორც ქველმოქმედი

ნაცვლად იმისა, რომ თბილისის მერმა გაიაზროს გუშინდელი აქტი, თუ რატომ იყო სახლების დანგრევა ამ კონტექსტში ძალიან მძიმე, და გააცნობიეროს, რომ პასუხისმგებლობა აკისრია არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ ათასობით უსახლკარო ადამიანის წინაშე, მან სხვა, არასწორი გზა აირჩია, — ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში იურისტი ლინა ღვინიანიძე.

ის არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC-ის) სოციალური პოლიტიკის პროგრამას ხელმძღვანელობს. EMC წლებია, უსახლკარობას სტრუქტურულად იკვლევს და საბინაო პოლიტიკის გამართვას ლობირებს.

EMC-ის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე. ფოტო: ნეტგაზეთი/ქეთი მაჭავარიანი. 21.03.2017

ლინა ღვინიანიძის ხედვით, კახი კალაძე ამ „ერთჯერადი დახმარების აქტით“ ცდილობს:

  1.  იმ ზიანის და ნეგატიური გამოხმაურების კომპენსირება მოახდინოს, რაც მერიის ქმედებას, სახლების დემონტაჟს, მოჰყვა, — შესაბამისად, ამ ნაბიჯს, ასე ვთქვათ, „პიარ“ დატვირთვა ჰქონდა;
  2. მეორე, ირიბი მიზანია, უსახლკარობა, როგორც პრობლემა, გაიყვანოს პოლიტიკის სფეროდან და აქციოს ინდივიდუალური სოლიდარობის საგნად.

ეს არ ნიშნავს ცალკე აღებული ქველმოქმედების, როგორც სოლიდარობის აქტის, კრიტიკას. როგორც EMC-ის კიდევ ერთი იურისტი, გურამ იმნაძე მიუთითებს, „ქველმოქმედება ძალიან ფაქიზი და პრივატული აქტია და მას პოლიტიკასთან არაფერი ესაქმება“. ამასთან:

„როცა ქველმოქმედება საჯარო პოლიტიკას და სახელმწიფოს ანაცვლებს და ამ გზით კონკრეტული პოლიტიკოსები ქულებს იწერენ, ეს უკვე ეთიკურადაც და პოლიტიკურადაც მიუღებელია“.

ბავშვების უგულებელყოფილი ინტერესები

კიდევ ერთი იურისტი, ბავშვთა უფლებადამცველი ანა არგანაშვილი („პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“) „ნეტგაზეთს“ ეუბნება, რომ მერიის გუშინდელი ქმედებები ბავშვთა უფლებების თვალსაზრისითაც იყო მრავალმხრივ პრობლემური. ის მიუთითებს, რომ აფრიკის დასახლებაში ორი ინტერესი არსებობდა:

„ერთი იყო სახელმწიფოსი, რომ „მიწა არ მიიტაცონ“, მეორე მხრივ კი, დგას ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ინტერესი. არ არსებობს არცერთი ლოგიკა, რომელიც იტყვის, რომ მიწა ჰქონდეს სახელმწიფოს და ამიტომ ბავშვი ან ქალი, ან ვინმე სხვა, ზამთარში სიცივეში დარჩენისთვის გავწიროთ. ამას ვერ იტყვის ვერც ერთი სასამართლო“.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მიწა რომელიმე ინვესტორს ნაყიდი აქვს და მშენებლობას იწყებს, მაშინაც კი ვალდებულია სახელმწიფო, ჯერ შეისწავლოს, ხომ არ დაზიანდებოდა ამით რომელიმე ადამიანის სიცოცხლე ან ჯანმრთელობა, ამბობს ანა არგანაშვილი და ამას სახელმწიფოს უპირველეს ვალდებულებას უწოდებს.

„ჩვენ ვირჩევთ მთავრობას იმისთვის, რომ მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინოს. კონსტიტუციაში ჩვენ გვიწერია, რომ სწორედ ამისთვის ვირჩევთ, იქ არ წერია, რომ უპირველესად სახელმწიფომ მიწის მიტაცების ინტერესი დაიცვას, პრიორიტეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა, განსაკუთრებით, პანდემიის დროს“, – ამბობს იგი.

[ვრლცად: „სახელმწიფოს მათთვის არ სცალია“ – ინტერვიუ ბავშვებზე აფრიკის დასახლებიდან]

არგანაშვილიც მიიჩნევს, რომ „ქველმოქმედება, თავისთავად, ძალიან დადებითი მოვლენაა, ოღონდ არა მაშინ, როდესაც ამით ცდილობ გადაფარო რამდენიმე ასეული ადამიანის უფლების დარღევევა“.

დემონტაჟი გაგრძელდება

15 დეკემბრის მოვლენების სიმძიმეზე საუბრისას ლინა ღვინიანიძე EMC-დან ხაზს უსვამს იმასაც, რომ შეიქმნა „განსაკუთრებული შიშები და მოლოდინები როგორც იმავე დასახლებაში, ასევე სხვაგან, — მსგავს ობიექტებში მცხოვრებლებში“, რომ მათაც იგივე ბედი ელით.

გამოსახლებები, სახლების დემონტაჟი და სხვა მსგავსი შემთხვევები დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიას მრავლად ახსოვს. და ახსოვს მათ მიერ ბინების მიღების მოთხოვნით ბენზინის გადასხმა, პირის ამოკერვა თუ პროტესტის სხვა მძიმე ფორმები.

[„ნეტგაზეთის“ არქივიდან: დიდი პრივატიზაცია და დევნილთა გამოსახლება]

უფრო ახლო წარსულსაც რომ გადავხედოთ, როგორც მკვლევარი ლინა ღვინიანიძე ამბობს, აფრიკის დასახლებაში სახლების ნგრევა სულაც არ არის იზოლირებული და ინდივიდუალური შემთხვევა.

მაგალითად, 2020 წელსვე, მერიის ამავე ადმინისტრაციის პირობებში, დაიწყო ნაძალადევის რაიონში, რეხის დასახლებაში შენობების დემონტაჟი.

რამდენიმე თვის წინ ამ დასახლებაში მერიის მცდელობას, შენობები დაენგრია, პროტესტი მოჰყვა. EMC მაშინ მერიას მოუწოდებდა, დასახლების მცხოვრებლები უსახლკარობისგან დაეცვა.

„პასუხისმგებლობა ყველას წინაშე“

უკანონოდ აშენებული შენობების, მათ შორის სახლების, დემონტაჟის პროცესი, სავარაუდოდ, გაგრძელდება: თბილისის მერიას გამოცხადებული აქვს ტენდერი თბილისის ტერიტორიაზე „უკანონო ნაგებობების სადემონტაჟო სამუშაოებისათვის“, რაშიც 189 911 ლარის გადახდას აპირებს.

[ვრცლად: მერია „უკანონო ნაგებობების დემონტაჟისთვის“ ₾189 000-ის გადახდას გეგმავს]

„ამ ყველაფერთან ერთად, ვხედავთ, რომ თვითდახმარების მიზნით დაკავებულ ობიექტებში, სადაც ადამიანები წლებია ცხოვრობენ, მერია, სახელმწიფო, რომელიც ფლობს ამ ობიექტებს, არ აძლევს მოსახლეობას ელემენტარული კომუნიკაციების — წყლის, დენის, გაზის — შეყვანის საშუალებას. ის მათ სჯის უსახლკარობისთვის, თვითდახმარების სხვადასხვა ფორმებისთვის“, – გვეუბნება ღვინიანიძე.

არადა, მისი სიტყვებით, „მერიას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ჰქონდეს სოციალური პოლიტიკა ამ ადამიანების მიმართ; აღიაროს უსახლკარობის ის მასშტაბები, რაც არის მთელ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი, თბილისში. მერიას კი ამ დროს არა აქვს არანაირი გეგმა და ადეკვატური სერვისები, რომ ამ ხალხს რაიმე შესთავაზოს“.

უსახლკაროების აქცია საკრებულოსთან. 10.02.2017. ფოტო: მიშა მეფარიშვილი

როგორია ახლა სახელმწიფოს/მერიის პოლიტიკა უსახლკაროების მიმართ? ვინ მიიჩნევა უსახლკაროდ?

ვინ არიან უსახლკაროები?

ლინა ღვინიანიძის თქმით, სხვადასხვა კვლევის თანახმად, საქართველოში უსახლკარობის მიზეზები სამ ძირითად კატეგორიში შეიძლება გაერთიანდეს.

მის თანახმად, როდესაც ვსაუბრობთ თვითდახმარების ფორმებზე — უკანონოდ ობიექტების დაკავებაზე, მიწებზე არაკონვენციური შენობების აგებასა და იქ ცხოვრებაზე — სწორედ მათზე ვსაუბრობთ. ეს კატეგორიები/ჯგუფებია:

  1. შეიარაღებული კონფლიქტების გამო იძულებით გადაადგილებული პირები;
  2. ეკომიგრანტები, რომლებმაც ბუნებრივი კატასტროფების გამო დაკარგეს სახლები;
  3. ადამიანები, ვინც სხვადასხვა სტრუქტურული მიზეზებით დაკარგეს საცხოვრისი.

ქუჩაში მცხოვრები ადამიანი თბილიში. 2020 წლის ნოემბერი. ფოტო: ლუკა პერტაია/ნეტგაზეთი

უსახლკარობის მესამე კატეგორიაში სხვადასხვა მიზეზი ერთიანდება:

  • ადამიანები, ვინც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის გამო დაკარგეს სახლები და გამოასახლეს;
  • ადამიანები, ვინც საცხოვრისი დაკარგეს ჯანდაცვის სერვისების მიუწვდომლობის გამო – ღვინიანიძის თქმით, „კვლევები აჩვენებს, რომ ეს ძალიან მასშტაბური პრობლემა იყო 2003-12 წლებში, როცა ჯანდაცვის პოლიტიკა უმძიმესი იყო“;
  • შრომითი მიგრანტები — „როცა რაიონებიდან მოდიან თბილისში და შემოსავლის მიღების მიზნით არიან მზად, რომ მძიმე პირობებში, არასათანადო საცხოვრისში იცხოვრონ მხოლოდ იმიტომ, რომ ეკონომიკური შემოსავალი ჰქონდეთ, რადგან რეგიონებში შემოსავლის წყაროები არ არსებობს“;
  • არის შემთხვევები, როცა ოჯახები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებით ჩადიან თბილისში, რათა მიიღონ ის მინიმალური სერვისები თბილისის მუნიციპალიტეტისგან, რასაც სხვა მუნიციპალიტეტები არ სთავაზობენ;
  • ადამიანები, ვინც ოჯახში ძალადობას გაურბის — „როცა არ გვაქვს ადეკვატური, გრძელვადიანი თავშესაფრები ქალებისთვის და ისინი იძულებული არიან დატოვონ ქალაქი, მოწყდნენ სოციალურ წრეს, შვილებთან ერთად, და გადარჩენის გზა, შემოსავლის მინიმალური შანსები მაინც ეძებონ თბილისში“.

ლინა ღვინიანიძის განცხადებით, დევნილებისა და (უფრო სუსტად) ეკომიგრანტების მიმართ სახელმწიფოს გარკვეული ტიპის სამართლებრივი — მაგრამ არასაკმარისი — ჩარჩოები მაინც გააჩნია და ამის მიუხედავად, მათი ბინებით დაკმაყოფილება შესაბამისი ტემპებით არ ხდება. რაც შეეხება მესამე ჯგუფს:

„მათ პრობლემებს სახელმწიფო, უბრალოდ, არ აღიარებს. ამბობს, რომ ეს არ არის პოლიტიკის, მმართველობის საკითხი. ამბობს, რომ ეს არის ინდივიდუალური პრობლემა — ამ ადამიანებს შეეძლოთ, ემუშავათ, გამოემუშავებინათ სარჩო და ჰქონოდათ საცხოვრისი, ხოლო თუ ის დაკარგეს, მათი პრობლემაა და მორჩა. არადა, რეალურად მათ უბრალოდ არჩევანი არ ჰქონდათ და ვიცით, რომ მძიმე ოპერაციებისთვისაც დაუკარგავს ხალხს ბინები“, – ამბობს ღვინიანიძე.

სტატისტიკა და უსახლკარობის დეფინიცია

როგორც „ნეტგაზეთი“ აქამდეც წერდა, ზუსტად არავინ იცის, რამდენი უსახლკაროა ქვეყანაში — ერთიანი სტატისტიკა არ არსებობს.

გამოცემა „პუბლიკის“ მიერ მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, 2015 წლის ნოემბრიდან 2020 წლის იანვრამდე თბილისის მერიაში უსახლკაროდ რეგისტრაცია და ფართით დაკმაყოფილება მოითხოვა 14 340-მა ადამიანმა;

მათგან 8 833 განცხადება განიხილეს, 1 649 მოქალაქე უსახლკაროდ დაარეგისტრირეს და მხოლოდ 157 დააკმაყოფილეს თავშესაფრით.

⭕️ 2015 წლის ნოემბერში თბილისის მუნიციპალიტეტში უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით უზრუნველყოფის კომისია შეიქმნა,…

Posted by პუბლიკა • Publika on Friday, February 21, 2020

სწორედ აქ შემოდის მორიგი პრობლემა: უსახლკარობის ბუნდოვანი (ზოგჯერ არარსებული) განსაზღვრება.

როგორც EMC-ის ერთ-ერთი დირექტორი, ლინა ღვინიანიძე ამბობს, უსახლკარობის ცნება, მართალია, არსებობს საქართველოს კანონმდებლობაში, მაგრამ „იმდენად მოძველებულია, რომ უსახლკარობის ძალიან ბევრ ფორმას არ ფარავს“.

ეს, მისი თქმით, იქაც ვლინდება, რომ მუნიციპალიტეტები არც კი იყენებენ არსებული დეფინიციას და თვითონ ქმნიან ხოლმე ახალ დეფინიციას, მათთვის რა ითვლება უსახლკარობად.

„მაგალითად, შესაძლოა, თბილისმა ან სხვა მუნიციპალიტეტმა ქალს, რომელიც ფორმალურად არ გაშორებია ქმარს და მასთან უფიქსირდება საერთო საკუთრება, უთხრას, „შენ გაქვს ქონება და შეგიძლია, ისარგებლო“, თუმცა, რეალურად, ის ვერც კი სარგებლობს ამ საკუთრებით, რადგან არათუ განქორწინებას ვერ მიაღწია, არამედ იმალება, რომ მოძალადე ქმარს არ შეხვდეს ფიზიკურად“.

მკვლევარს ერთი ასეთი მაგალითიც მოჰყავს: „არსებობს მშობლების სახლი, რაზეც მემკვიდრეობის უფლება აქვთ პირებს, თუმცა რეალურად სოფლებში ცხოვრობენ მშობლები, და-ძმა, მათი ოჯახები, და ეს არ არის ხოლმე ის საცხოვრისი, თუნდაც ფიზიკური სივრცის შეზღუდვიდან გამომდინარე, სადაც ადამიანი იცხოვრებდა, ანუ ფლობაში არსებული სახლი ან მიწა, რომლის ფაქტობრივი გადამოწმება, რატომ ვერ სარგებლობს ის ამით, არ ხდება და ეს ავტომატურად, ბლანკეტურად, თუ რომელიმე წევრს უფიქსირდება ქონება, შეიძლება ჩაითვალოს უსახლკარობაზე უარის თქმის საფუძვლად“.

„შაბლონური მიდგომა“

დღეს თბილისის მერმა გამოაცხადა, რომ იმ ადამიანებს, ვისი მშენებარე სახლებიც დაანგრიეს, სხვა ქონებები ჰქონდათ.ამის ერთ-ერთ მაგალითად მან დაასახელა მოქალაქე ნ.ბ., რომელიც რეგისტრირებულია კასპში და რომლის მამასაც კავთისხევში აქვს 1 300 კვ მეტრი ნაკვეთი, დედა კი ინდმეწარმეა.

ეს ადამიანი ნოდარ ბარდაძე აღმოჩნდა, რომელმაც გამოცემა On.ge-სთან საუბარში განაცხადა: „კალაძემ დღეს რომ ჩამოთვალა, ვითომდა რამე ქონება მაქვს, ასე არ არის. მამაჩემის ქონებაა აღნიშნული, რომელმაც 5 წლის ასაკში მიმატოვა და მას მერე შეხებაც არ მაქვს, და მეორე, რაზეც თქვა, დედაჩემს ჰქონდა 1 თვე კაფე-ბარი, რომელიც მალევე დახურა და მაგ ქონებაზე მელაპარაკება?! მე არანაირი ქონება არ მაქვს“…

ლინა ღვინიანიძე მიუთითებს, რომ „მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფო ფორმალურად უდგება საკუთრების ფლობის, შემოსავლის, მიწის დაფიქსირების საკითხს და არ ინტერესდება, რა შეზღუდვები არსებობს ამ ქონების გამოყენებისას; საერთოდ, უნდა ჩაითვალოს თუ არა მშობლის ან ყოფილი ქმრის ქონება შენს ქონებად, როცა არ მიგიწვდება ფიზიკურად ხელი მის სარგებლობაზე. ეს მიდგომები შაბლონური და ვიწროა“.

კალაძემ ასევე ახსენა მერიის თავშესაფარი, რომელიც, მისი თქმით, ნახევრად ცარიელია. თუმცა მაშინ, როცა ხელისუფლება ადამიანებს კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო 21 საათიდან დილის 5 საათამდე ქუჩაში გასვლას უკრძალავს და 2 ათასი ლარით აჯარიმებს, ადამიანთა ნაწილს მაინც არ აქვს ადგილი, სადაც თავს შეაფარებს.

ისინი ქუჩაში ცხოვრობენ, რადგან ვერც მუნიციპალურ თავშესაფარში ცხოვრების კრიტრეუმებს აკმაყოფილებენ და იძულებული არიან, პანდემიასა და ცივ ზამთარს თბილისის ქუჩებსა და სკვერებში გაუმკლავდნენ, რათა გადარჩნენ. ამას ყველა ვერ ახერხებს.

ვრცლად ამ თემაზე გირჩევთ:

ცხოვრება ქუჩაში პანდემიისა და ცივი ზამთრის პირობებში

მასალების გადაბეჭდვის წესი