ახალი ამბები

რეზოლუციის ამ ტექსტს შეიძლება მოსკოვიდან ინტერპრეტაცია მიეცეს – უსუფაშვილი

27 იანვარი, 2022 • 1038
რეზოლუციის ამ ტექსტს შეიძლება მოსკოვიდან ინტერპრეტაცია მიეცეს – უსუფაშვილი

“ლელოს” წევრი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მოსკოვისთვის ინტრპრეტაციის საშუალებას იძლევა.

უსუფაშვილის თქმით, საჭიროა, რომ რეზოლუციაში საფრთხის მთავარი წყარო ჩაიწეროს.

“ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ქართული ოცნების ტექსტის ორშაბათს ბიუროზე განხილვამდე მოხდება გააზრება იმისა, რომ გაუგებარ ვითარებაში იყენებენ თავს საკუთარ მომხრეებთანაც. ვერ წარმომიდგენია ქართული ოცნების მომხრე საქართველოს მოქალაქე, რომელიც წუხს ამ ყველაფერზე, არ იყოს გაოცებული და გაკვირვებული, რომ რა ისეთი საკრალური თემაა, სახელი დაერქვას იმას, რაც ხდება. რუსეთია ოკუპანტი, აბა, ვინაა?!

ახლა ტექსტში როგორც წერია, ამას შეიძლება მოსკოვიდან ინტერპრეტაცია ისეთი მიეცეს, რომ საქართველოს პარლამენტმა დაგმო უკრაინაში ომის გაჩაღების მცდელობა, რომელსაც ნატო და დასავლეთი ახორციელებს.

თუ არ ჩაიწერა, ომის საფრთხე საიდან მოდის, მაშინ ეს არის მოსკოვის ნარატივი. მოსკოვიც ლაპარაკობს, რომ უკრაინაში ვითარება დაძაბულია, იმიტომ, რომ მას ვიღაცამ იარაღი მიაწოდა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციის ტექსტში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა, რუსეთი ნახსენები არაა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველა სიტყვა და ფრაზა საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს და „რეზოლუცია მთლიანად დაცლილია პროვოკაციული და პოპულისტური რიტორიკისგან“.

მასალების გადაბეჭდვის წესი