ახალი ამბები

თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2 წინ არ წაიწევს — აშშ

27 იანვარი, 2022 • 776
თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, Nord Stream 2 წინ არ წაიწევს — აშშ

შეერთებული შტატების ხელისუფლება აცხადებს, რომ თუკი რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის (Nord Stream) პროექტი წინ არ წაიწევს.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა 26 იანვარს განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია გერმანიასთან მუშაობს, რათა დარწმუნდეს, რომ ქვეყანა გაუძლებს გაზსადენის პროექტის ჩავარდნას.

„მკაფიოდ მინდა განვაცხადო: თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში რაიმე სახით, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტი წინ არ წაიწევს“, – განუცხადა პრაისმა საზოგადოებრივ რადიოს (NPR-ს).

„დეტალებზე არ ვისაუბრებ. ჩვენ ვიმუშავებთ გერმანიასთან, რომ დავრწმუნდეთ, [პროექტი] წინ არ წაიწევს“, – განაცხადა მან.

ემილი ჰაბერმა, გერმანიის ელჩმა ვაშინგტონში, ტვიტერზე დაწერა, რომ „აშშ-მა და გერმანიამ გასულ ზაფხულში ერთობლივად განაცხადეს: თუ რუსეთი იარაღად გამოიყენებს ენერგიას, ან თუ მოხდება უკრაინის სუვერენიტეტის კიდევ ერთხელ შელახვა, რუსეთს მოუწევს მაღალი ფასის გადახდა“.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა ნიკოლაი ჟურავლევმა წინა დღით განაცხადა, რომ თუკი რუსეთს საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან (SWIFT-დან) გათიშავენ, ევროპული ქვეყნები ვეღარ მიიღებენ გაზს, ნავთობსა და ლითონებს.

მანამდე, 19 იანვარს, პრესკონფერენციაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა:

„ყველა საუბრობს, როგორ აკონტროლებს რუსეთი ევროპის ენერგომიწოდებას. მაგრამ გამოიცანით, რა ხდება? ის თანხა, რასაც რუსეთი ამ გზით შოულობს, შეადგენს ქვეყნის ეკონომიკის 45%-ს. ამას მე ცალმხრივად არ ვხედავ. თუ მიწოდებას შეწყვეტენ, იმ ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან. ისე არ არის, რომ გადასარევი შესაძლებლობები ჰქონდეთ გადაშლილი“.

ამერიკის ხმისა და CNBC-ის ცნობით კი, თეთრი სახლის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს ანონიმურობის დაცვის გარანტიით განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს ევროპულ ქვეყნებთან და ენერგიის მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, რათა მოინახოს გზები დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგიის მიწოდებისათვის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეაჩერებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების საპასუხოდ“.

ვრცლად:

თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ, ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს — რუსი პოლიტიკოსი

მასალების გადაბეჭდვის წესი