ახალი ამბები

თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ, ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს — რუსი პოლიტიკოსი

26 იანვარი, 2022 • 16843
თუ რუსეთს SWIFT-დან გათიშავენ, ევროპა გაზს ვეღარ მიიღებს — რუსი პოლიტიკოსი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერი ნიკოლაი ჟურავლევი აცხადებს, რომ თუკი რუსეთს საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან (SWIFT-დან) გათიშავენ, ევროპული ქვეყნები ვეღარ მიიღებენ გაზს, ნავთობსა და ლითონებს.

რუსეთის ფედერაციის საბჭო რუსეთის ორპალატიანი პარლამენტის ზედა პალატაა. საბჭოს ვიცე-სპიკერის ამ განცხადებას წინ უძღოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გაფრთხილება. ჯონსონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა შეერთებულ შტატებთან ერთად განიხილავს რუსეთის SWIFT-დან გათიშვის შესაძლებლობას, თუკი რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეიჭრება.

„SWIFT არის ანგარიშსწორების სისტემა, ეს არის სერვისი. თუ რუსეთი SWIFT-ს გამოეთიშება, მაშინ ჩვენ ვეღარ მივიღებთ [უცხოურ] ვალუტას, მაგრამ მყიდველები, – პირველ რიგში ევროპის ქვეყნები, – ვეღარ მიიღებენ ჩვენს საქონელს: ნავთობს, გაზს, ლითონებსა და მათი იმპორტის შემადგენელ სხვა მნიშვნელოვან კომპონენტებს“, – Тасс-ის ცნობით, განუცხადა გამოცემას ჟურავლევმა.

SWIFT, ანუ „მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოება“, არის ბანკთაშორისი ქსელი, რომელიც ანგარიშსწორების განხორციელებისა და ინფორმაციის გაცვლისათვის გამოიყენება.

სენატორმა ჟურავლევმა ასევე თქვა, რომ იმის მიუხედავად, SWIFT მოსახერხებელი და სწრაფია, ის არ არის თანხის ტრანსფერების განხორციელების ერთადერთი გზა. მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ისა და ბრიტანეთის ერთობლივი გადაწყვეტილება არ არის საკმარისი რუსეთის SWIFT-სგან გამოსათიშად და საამისოდ სისტემაში ჩართული ყველა ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

„არ ვარ დარწმუნებული, რომ სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც რუსეთთან ვაჭრობაში დიდი წილი აქვთ, ამას მხარს დაუჭერენ“, – თქვა ჟურავლევმა.

19 იანვარს პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტზე და ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა:

„ყველა საუბრობს, როგორ აკონტროლებს რუსეთი ევროპის ენერგომიწოდებას. მაგრამ გამოიცანით, რა ხდება? ის თანხა, რასაც რუსეთი ამ გზით შოულობს, შეადგენს ქვეყნის ეკონომიკის 45%-ს. ამას მე ცალმხრივად არ ვხედავ. თუ მიწოდებას შეწყვეტენ, იმ ტოტს მოჭრიან, რომელზეც სხედან. ისე არ არის, რომ გადასარევი შესაძლებლობები ჰქონდეთ გადაშლილი“.

CNBC-ის ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი (რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა) ამბობს, რომ „რუსეთი ერთგანზომილებიანი ეკონომიკაა და მას სჭირდება ნავთობისა და გაზის შემოსავლები ზუსტად ისე, როგორც ევროპას სჭირდება ენერგომომარაგება“. მისი თქმით, ნავთობისა და გაზის ექსპორტი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის შემოსავლების თითქმის ნახევარს შეადგენს.

ამერიკის ხმისა და CNBC-ის ცნობით კი, თეთრი სახლის კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა რეპორტიორებს ანონიმურობის დაცვის გარანტიით განუცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს ევროპულ ქვეყნებთან და ენერგიის მწარმოებლებთან მთელ მსოფლიოში, რათა მოინახოს გზები დასავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის ენერგიის მიწოდებისათვის იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შეაჩერებს ნავთობისა და გაზის ექსპორტს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების საპასუხოდ“.

„ვმუშაობთ, რათა მოვახდინოთ დამატებითი გაზის მარაგების იდენტიფიცირება მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ადგილიდან, დაწყებული ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან, გაგრძელებული აზიითა და შეერთებული შტატებით“, – „ამერიკის ხმის“ ცნობით, განაცხადა მაღალჩინოსანმა.

თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ პსაკიმ არც უარყო და არც დაადასტურა ინფორმაცია, რომ ასეთ ქვეყნებს შორის აშშ ყატარს განიხილავს და განაცხადა:

„ჩვენი მიდგომა ერთ კონკრეტულ ქვეყანას ან ცალკეულ ერთეულს არ ეხება“, – თქვა მან და დასძინა, რომ ადმინისტრაცია მნიშვნელოვან მოთამაშეებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა მოხერხდეს ევროპის მომარაგების დივერსიფიცირება საჭიროების შემთხვევაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი