გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა უკრაინაში შექმნილი კრიზისული ვითარების საპასუხოდ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ სერტიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ განაცხადა.
„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (Nord Stream 2) არის გაზსადენი, რომლითაც წელიწადში 55 მილიარდი კუბომეტრი რუსული ბუნებრივი აირი ევროპაში უნდა გავიდეს. მარშრუტი იწყება რუსეთის ქალაქ უსტ-ლუგადან, ხოლო მთავრდება გერმანიის ქალაქ გრაიფსვალდში. მილსადენის პროექტის მშენებლობა დასრულებულია, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება გერმანიის მარეგულირებლის სერტიფიკატი ექსპლუატაციაში გაშვებამდე და ეს პროცესი გასული წლის შემოდგომიდან შეჩერებული იყო. აშშ-მა განაცხადა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრებოდა, გაზსადენის პროექტი არ განხორციელდებოდა.
„დღეს მე ვთხოვე ეკონომიკის სამინისტროს, უკან გაეწვია ენერგეტიკის მარეგულირებელ ორგანოში წარდგენილი მიწოდების უსაფრთხოების არსებული ანალიზი“, — განაცხადა შოლცმა.
გასული წლის ოქტომბრის ამ სავალდებულო დასკვნაში ნათქვამია, რომ მილსადენი არ წარმოადგენს საფრთხეს მომარაგების უსაფრთხოებისთვის.
”ეს ჟღერს როგორც ტექნიკური საკითხი, მაგრამ ეს არის აუცილებელი ადმინისტრაციული ნაბიჯი, რათა ახლა არ მოხდეს მილსადენის სერტიფიცირება. ხოლო ამ სერტიფიკატის გარეშე „Nord Stream 2“ ექსპლუატაციაში ვერ შევა”, — დასძინა მან.
21 იანვარს რუსეთმა ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკების დამოუკიდებლობა ცნო. დასვალეთმა ეს ფაქტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვად შეაფასა და საპასუხო ზომები დააანონსა.
