ახალი ამბები

აქციაზე შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს – კიკნაძე

21 იანვარი, 2022 • 1633
აქციაზე შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთი თანამშრომელი გაათავისუფლეს – კიკნაძე

ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი ეკა კიკნაძე აცხადებს, რომ დღეს, 21 იანვარს, კულტურის სამინისტროსთან გამართული საპროტესტო აქციის პარალელურად, მუზეუმის კიდევ ერთი თანამშრომელი, დინარა ვაჩნაძე, გაათავისუფლეს სამსახურიდან.

„აქციაზე შევიტყვეთ, რომ დინარა ვაჩნაძე, რომელიც ზაფხულში ჩემთან ერთად ჩამოაქვეითეს და სასამართლოში აქვს შეტანილი სარჩელი, ასევე გაათავისუფლა წულუკიანის ადმინისტრაციამ. დღეს მიიღო ბრძანება“, – წერს ეკა კიკნაძე ფეისბუკზე.

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, აქციის მთავარი მიზანი კულტურის სფეროში მიმდინარე „ბოლშევიკური წმენდის“ გაპროტესტებაა.

აქციას ორი ძირითადი მოვლენა უძღოდა წინ. ერთი მათგანი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებაა – მათ შორის, კურატორების, რომლებიც აქ ათწლეულების განმავლობაში მუშაობდნენ.

მათი ნაწილი გათავისუფლებას უკავშირებს პეტიციაზე ხელმოწერას. პეტიცია ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფის შექმნილია და ითხოვს, რომ მუზეუმში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე და სამართლიანი იყოს.

ამის პარალელურად, სამინისტრო გეგმავს, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორ ლაშა ბაქრაძესთან „სერიოზულად განიხილოს“ მუზეუმის მიერ გამოცემული ელენე ბაქრაძის (დარიანი) წიგნში დაშვებული შეცდომის საკითხი. აღნიშნულ წიგნში ანა კალანდაძის ორი ლექსის ავტორად შეცდომით მითითებულია ელენე ბაქრაძე (დარიანი).

ვრცლად ამ საკითხებზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი