ახალი ამბები

საფრთხეს უქმნის ეროვნულ კოლექციებს – „ლურჯი ფარი“ მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე

21 იანვარი, 2022 • 843
საფრთხეს უქმნის ეროვნულ კოლექციებს – „ლურჯი ფარი“ მუზეუმიდან თანამშრომლების გათავისუფლებაზე

ორგანიზაცია „ლურჯი ფარი“, რომელიც საგანგებო სიტუაციებში მყოფ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით მუშაობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სახალხო დამცველსა და კულტურის მინისტრს მიმართავს.

ღია წერილი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს ეხება. ორგანიზაცია ამბობს, რომ ნაცვლად მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართვისა, ხელოვნების მუზეუმიდან პირიქით – ასეთ კადრებს ათავისუფლებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ როგორც კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე მუზეუმის შენობა, ასევე აქ დაცული ეროვნული საგანძურის შენარჩუნების ამოცანა „უმნიშვნელოვანესია, რადგანაც საქმე ეხება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობას,“.

„ლურჯი ფარი“ ამბობს, რომ აქტიურად ადევნებს და ჩართულია მუზეუმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებში, თუმცა, თან დასძენს, რომ საზოგადოებისთვის მუზეუმში დაგეგმილი პროცესების დიდი ნაწილი უცნობია, კერძოდ:

„1. მუზეუმის შენობის კონსერვაციის გეგმა – რომელიც უნდა მოიცავდეს მულტიდისციპლინურ კვლევებს, მათ შორის სახელოვნებათმცოდნეო, შენობის სტრუქტურული მდგრადობის, ფიზიკური მდგომარეობის სიღრმისეულ შეფასებასა და ანალიზს და კონსტრუქციული გამაგრების, რესტავრაციისა და ადაპტაციის დეტალურ მეთოდოლოგიას.

2. მუზეუმში დაცული მრავალრიცხოვანი კოლექციების გადაადგილების გეგმა – საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტების მიხედვით კოლექციების გადაადგილების გეგმა კომპლექსური დოკუმენტია, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას არა მხოლოდ იმის შესახებ თუ სად მოხდება კოლექციების დროებით განთავსება და როგორია კოლექციების გადატანის ვადები (როგორც ეს იყო მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ კოლექციების გადაადგილების გეგმაში)
არამედ:
– თუ რა პერიოდის განმავლობაში დარჩება კოლექციები დროებით საცავში (სწორედ ამაზეა დამოკიდებული როგორც საცავის შერჩევა, ისე გარემო პირობების მოწყობა და კოლექციების შენახვის მეთოდი);
– კონკრეტული კოლექციისათვის ტრანსპორტირებისას გასათვალისწინებელი უსაფრთხოების ზომების ჩამონათვალს და ტრანსპორტირების მეთოდებს (საფრთხე რომელიც მყისიერია ქაღალდის საფუძვლის კოლექციისათვის შეიძლება არც ისე აქტუალური იყოს ქვის რელიეფების კოლექციისათვის) ;
– დროებითი საცავის მოწყობის პოლიტიკას (რომელიც უნდა ეფუძნებოდეს კოლექციების ტიპს, ექსპონატების დაცულობის მდგომარეობასა და მათ წინაშე არსებული რისკების ანალიზს)
● შენობა/სივრცე უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს და არ უნდა შეიცავდეს პოტენციურ საფრთხეს კოლექციებისათვის;
● დროებითი საცავის ავეჯი და გარემო პირობები (ტემპერატურა, ფარდობითი ტენიანობა, განათება) უნდა შეესაბამებოდეს სამუზეუმო სტანდარტებსა ან/და კოლექციებისთვის ჩვეულ გარემოს;
● კოლექციების დასაცავად დროებით საცავში მიღებული უნდა იქნას უსაფრთხოების ზომები (ხანძრის და შეჭრის საწინააღმდეგო სისტემები, უწყვეტი ვიდეო მეთვალყურეობა თუ სხვა);

– ყველა შესაძლო რისკის ანალიზს, რაც შეიძლება დაემუქროს კოლექციებს, პროცესის ყველა ეტაპზე, პოტენციური რისკების შეფასების, შემცირებისა და პრევენციის გზებს; ასევე იმ საფრთხეებს, რომლებიც დადგება თუკი კოლექციები დარჩება დროებით საცავში იმაზე მეტი ხნის განმავლობაში ვიდრე ეს თავდაპირველი გეგმის მიხედვით იქნა განსაზღვრული;

– კოლექციების ახალ საცავში გადატანის მარშრუტს, ტრანსპორტირების გზებსა და პროცესში მონაწილე პირების როლებს;
– გეგმაში უნდა იქნას მითითებული – თუ ვინ და რა მეთოდით ჩაატარებს კოლექციების გადატანის პროცესის დოკუმენტაციას,“ – წერია განცხადებაში.

„ლურჯ ფარს“ მიაჩნია, რომ გეგმებზე სამუშაოდ მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აქტიურად ჩართვა.

„ამის საპირისპიროდ ვიგებთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს სამინისტრო ათავისუფლებს სამსახურიდან, რაც მიუღებელია და საფრთხეს უქმნის როგორც ეროვნულ კოლექციებს, ისე პროფესიონალი კადრების შრომითი უფლებების დაცვას.

სწორედ ამ კრიტიკულ მომენტში ფასდაუდებელი გამოცდილების მქონე კოლექციების კურატორების დაკავებული პოზიციებიდან განთავისუფლებით პროცესი ავტომატურად კარგავს წარმატებულად
განხორციელების შანსს. რადგან სწორედ მათ აქვთ ის არადოკუმენტირებული ინსტიტუციური ცოდნა და ინტუიცია ნიუანსების მიმართ, რომელთა გათვალისწინება უზრუნველყოფს კოლექციების გრძელვადიან, ადეკვატურ დაცვას. აგრეთვე, აუცილებელია პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოების რეგულარული ინფორმირება მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ,“ – წერს „ლურჯი ფარი“.


ხელოვნების მუზეუმიდან უკვე გაათავისუფლეს არაერთი თანამშრომელი, მათ შორის, კურატორები – ნანა ბურჭულაძე, ნინო ჩიხლაძე და ნინო ხუნდაძე.

როგორც ნანა ბურჭულაძემ ნეტგაზეთს უთხრა, სამივე გათავისუფლებული იყო ხელმომწერი პეტიციისა, რომელსაც ერქვა „ხელოვნების მუზეუმის გადასარჩენად“ , და ითხოვდა მუზეუმში მიმდინარე პროცესების მაქსიმალურ გამჭვირვალობას, მაღალკვალიფიციურ, კვლევაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებსა და პარლამენტის მხრიდან პროცესის მაქსიმალურ კონტროლს.

კულტურის სამინისტრო გათავისუფლებებს რეორგანიზაციით ხსნის.

ვრცლად:

ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლები ისევ გაუშვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი