თბილისის საქალაქო სასამართლომ იოსებ სიგუასთვის ელექტონული სამაჯურის ტარების გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა დღეს, 11 ივლისს, მიიღო.
იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური წუხელ დაუმაგრეს, ვინაიდან მას ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს.
იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია 4 ივლისს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა. ქალის თქმით, იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.
ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.
თუმცა მას შემდეგ, რაც სიგუას ელექტრონული სამაჯური დაუმაგრეს, მან თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ დღეს, 11 ივლისს, გახდა ცნობილი.
დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე იოსებ სიგუაც იმყოფებოდა. თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. მისი ადვოკატი თეონა გვაზავა კი ამბობს, რომ იოსებ სიგუას ცოლის ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და მისი „ღირსების დასაცავად“ კანონით გათვალისწინებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებენ.
„გაჟღერდა ინფორმაციები, რომ ხორციელდებოდა ძალადობრივი ქმედება. წლების განმავლობაში არ არსებობს კონკრეტული მოწმე, არ არსებობს რაიმე სახის სამედიცინო დოკუმენტი, არ არსებობს თუნდაც ფოტოსურათი, რომელიც ასახავს ხელზე არსებულ დაზიანებას.
სოფიო სიგუას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია არის პატივისა და ღირსების შემლახავი, რასთან დაკავშირებითაც გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები…
მისი მიზანია, მიიღოს, რაც შეიძლება დიდი ოდენობით ფულადი თანხები. მისი მიზანია მიიღოს რაც შეიძლება ბევრი უძრავი ქონება. საწყის ეტაპზე, პირველი შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდგომ, მან მოითხოვა მის სახელზე ქონებათა გადაფორმება, რაც დაკმაყოფილდა როგორც თანამესაკუთრისა, პირისა, რომელიც იმყოფება ქორწინებაში იოსებ სიგუასთან. მას შემდეგ რაც კანონით გათვალისწინებული წესით, იოსებ სიგუამ დაიწყო მისი ქონებრივი უფლებების დაცვა და მოითხოვა თანამესაკუთრედ ცნობა, სოფიო სიგუას მიერ სპეციალურად გასხვისებულ ქონებებთან დაკავშირებით და გამოყენებულ იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, სოფიო სიგუამ სწორედ ამის შემდეგ მიმართა როგორც ტელევიზიებს, ისე საგამოძიებო ორგანოს“,- განაცხადა თეონა გვაზავამ მედიასთან.
იოსებ სიგუას ცოლი, სოფო სიგუა-შატბერავა ამბობს, რომ არსებობს მოწმეები და ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებიც.
„ის ყოველთვის მემუქრებოდა მძიმე, გაუხსნელი მკვლელობით, ძალადობდა ჩემზე, არასრულწლოვნების თანდასწრებით და ძალიან მძიმე სურათი იყო.
ჩემგან იყო სიჩუმე და დაფარვა, ეს ჩემი დანაშაულია, არ უნდა იყოს აქ სიჩუმე. მოვიდა დრო და ხმა ამოვიღე და ყველა დამიპირისპირდა.
იმედია მშვიდობა იქნება, მთავარია არ იყოს ისეთი რამ, რაც მომავალში სხვა სიუჟეტების გაშუქების საშუალებას მოგცემთ.
13 წლის კასკადია, არსებობს მოწმეები, არის მტკიცებულებები, ფოტო და ვიდეო მასალაც, დევნის ფაქტიც, რომ მუდამ ჩემს ლოკაციებზე იყო, სადაც ვიყავი, კარგი ის არის, რომ რეაგირება მოჰყვა. საპასუხო რეაქცია, რომელიც მათ ჰქონდათ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მისი დაწინაურება მოეხდინათ, ზოგადად პრობლემაა და ასეთი საქმე არ უნდა ხალისდებოდეს.
სამართლებრივ დავას ვაგრძელებ. ხანდაზმულობას რაც შეეხება, რომელზეც მისი ადვოკატები პროცესზე საუბრობდნენ, როცა ძალადობა ორსულობის პერიოდში და არასრულწლოვნების თანდასწრებით ხდება, ამას ხანდაზმულობის ვადა არ აქვს, რადგან მძიმე დანაშაულია, აქ იანვრის ფაქტიცაა, 2014 წლის, 2025 წლის, 2026 წლის ფაქტებიც.
იოსებ სიგუასაც დაწყებული აქვს სამართალწარმოება, დაყადაღებულია ჩემი მშობლების ქონება, რომლებზეც მთავაზობდა გამეცვალა ჩვენი თანაცხოვრების დროს ნაყიდ ქონებაში.
ცილისწამებას აქ ადგილი ვერ ექნება, რაზეც ასევე დავობს, თუმცა იდავოს, რადგან დღეს, დღის წესრიგში სიმართლე დგას“, – განაცხადა სოფო სიგუა-შატბერავამ მედიასთან.
