„საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარია აცხადებს, შსს-ს მაღალჩინოსან იოსებ სიგუას, რომელსაც ცოლი ძალადობაში ამხელს, ელექტრონული სამაჯური შეაბეს.

იოსებ სიგუას მხრიდან ცოლზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია 4 ივლისს „ტვ პირველმა“ გაავრცელა. „შაბათის ეთერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში იოსებ სიგუას ცოლი სოფია სიგუა-შატბერავა ამბობდა, რომ შსს-ს მაღალჩინოსანი ქმარი მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა. ქალის თქმით, იოსებ სიგუამ მას იარაღი შუბლზე დაადო და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

თუმცა ცოლის მიერ ძალადობაში მხილებიდან რამდენიმე დღეში იოსებ სიგუა დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს.

გუშინ, 10 ივლისს, ბაია პატარიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცოლის მიერ გამოძახებულმა საპატრული ეკიპაჟმა სიგუას ელექტრონული სამაჯურის დამაგრების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსანს სამაჯურის დასამაგრებლად თავდაპირველად ვერ პოულოდნენ.

„სოსო სიგუას ვერ პოულობს თურმე შსს, რომ ელ. სამაჯური შეაბან ცოლზე ძალადობისთვის. კაცი გუშინ დანიშნეს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტმენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად…
ჯერ რამხელა ტრაგედიაა, რომ ამხელა თანამდებობაზე ნიშნავენ ტიპს, ვიზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. ანუ ცოლის მუდმივი ცემა არაა საკმარისი დანაშაული?

მაგრამ დაწინაურება იქეთ იყოს, ქალმა გუშინ რომ 112 გამოიძახა ოთხჯერ, მხოლოდ დღეს დილას მივიდა ეკიპაჟი გენინსპექციაში დარეკვის შედეგად. ანუ 112 თავისით არ მიდიოდა.

დღეს 8 საათი მოუნდნენ რისკების შეფასებას. რისკი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ ელ. სამაჯური ეკუთვნის სიგუას. წავიდა ეკიპაჟი და მთელი ორი საათია მხოლოდ ის ვიცით, რომ ჯერ ვერ პოულობენ მოძალადეს. ანუ შსს ვერ პოულობს ამხელა სამმართველოს უფროსს…

მე მაინტერესებს, ამ ქალს ვინ დაიცავს. სიგუა დაკეტილ სახლში ადრეც დახვედრია ცოლს საცემრად. პოლიცია აქამდეც გამოუძახებია ამ ქალს ორჯერ და არანაირი არაფერი…

ირაკლი კობახიძე ახლა რომ დაყადაღებული საფარის იურისტთან ერთად ზის ეს ქალი საკუთარ სახლში და ვერ გაუგია რა ქნას, შენ იღებ მის უსაფრთხოებაზე პასუხუსმგებლობას?

განახლება: ღამის 01:20 წუთზე ელ. სამაჯური შეაბეს სიგუას. მობლენების განვითარების შესახებ, შეგატყობინებთ“, – წერს ბაია პატარაია.

განახლება:

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა.