თურქეთი მზადაა, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებს მოლაპარაკებებისთვის სივრცე შესთავაზოს. როგორც РИА Новости იუწყება, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში მიიწვია.
ერდოღანის პრესსპიკერის თქმით, თურქეთი მზადაა, ითამაშოს საკუთარი როლი უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბულობის შესამცირებლად. მისი თქმით, ამავდროულად, თურქეთი შეინარჩუნებს მჭიდრო კონტაქტს რუსეთთან, რათა სამხედრო ჩარევის თავიდან აცილება მოხდეს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება.
გასულ კვირას რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები და მასთან დაკავშირებული ნატო-რუსეთის შეხვედრა ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დასრულდა. რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები ბოლო ხანებია განსაკუთრებით დაიძაბა. დასავლური სახელმწიფოების განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის შემთხვევაში, რუსეთი მძიმე სანქციების წინაშე აღმოჩნდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ვენდი შერმანი აცხადებს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ამ ქმედებას სერიოზული შედეგები მოჰყვება და მოსკოვს ეს ძვირად დაუჯდება 2014 წელთან შედარებით.
მოსკოვი, მიუხედავად იმისა, რომ 100 000 ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვართან, უარყოფს უკრაინაზე თავდასხმის გეგმებს. მოსკოვში აცხადებენ, რომ სამხედრო რეაგირება ექნებათ, თუკი დასავლეთი არ დაეთანხმება გარკვეული მოთხოვნების ჩამონათვალს, მათ შორის უკრაინის ნატოში გაწევრიანების აკრძალვას.
რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას ეგზისტენციალურ საფრთხედ განიხილავს.
თუმცა ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები უარს აცხადებენ ოფიციალური მოსკოვის მოთხოვნების შესრულებაზე. გასულ კვირას რუსეთისა და აშშ-ის მოლაპარაკებები და მასთან დაკავშირებული ნატოსა და რუსეთის შეხვედრა ბრიუსელში შეთანხმების გარეშე დასრულდა.
ამის შემდეგ კიევმა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვა, მიაწოდონ იარაღი, რათა თავდაცვა მოახერხოს. რუსეთის მიერ უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის რისკის ფონზე, გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინის მომარაგება დაიწყო თავდაცვითი, ტანკსაწინააღმდეგო იარაღით.