ახალი ამბები

მეორე ეტაპზე შეიძლება ვიფიქროთ მოგების მაჩვენებლის კონტროლზე – ლექვინაძე

18 იანვარი, 2022 • 1562
მეორე ეტაპზე შეიძლება ვიფიქროთ მოგების მაჩვენებლის კონტროლზე – ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მომავალში შესაძლოა, მედიკამენტებზე თავისუფალი ფასწარმოქმნის პოლიტიკა გადაიხედოს და მოგების მაჩვენებზე „კონტროლი“ დაწესდეს.

ირაკლი ლექვინაძემ 18 იანვარს კიდევ ერთხელ ისაუბრა კონკურენციის სააგენტოს მიერ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე და განაცხადა, რომ ამ დარგში მთავარი პრობლემაა „რეცეპტის და დანიშნულების დღევანდელი სისტემა“ და „არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი“, რის გამოც მოსახლეობას წამლებზე დანახარჯი უძვირდება.

ამაზე პასუხად კი, მისი თქმით, რეკომენდაცია ითვალისწინებს რეცეპტის/დანიშნულების ელექტრონული სისტემის დანერგვას, რაც გააჩენს არჩევანს პაციენტებისთვის, რომ მოახერხონ უფრო იაფი მედიკამენტების, მათ შორის გენერიკების ყიდვა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას გააკეთებს სახელმწიფო, თუკი იაფფასიან მედიკამენტებზე მოთხოვნის გაზრდისა და ამ მედიკამენტების შესაძლო დეფიციტურობის ფონზე, აფთიაქებმა გაზარდოს ამ მედიკამენტების ფასი, ლექვინაძემ განაცხადა:

„ამ რეფორმის მიზანი არის არჩევანის გაჩენა. და არჩევანის გაჩენა მოხდება შედარებით იაფფასიანი მედიკამენტების გაჩენის სასარგებლოდ. ამას შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი. საქართველოში იაფფასიანი მედიკამენტი არ უნდა ნიშნავდეს უხარისხო მედიკამენტს.

ამიტომ ჩვენი პირველი რიგის რეკომენდაციებში მითითებულია, გაიდლაინების სრულყოფასთან ერთად, რომ GMP სტანდარტები უნდა არსებობდეს როგორც იმპორტის, ასევე, ადგილობრივი წარმოების დონეზე. ეს ნიშნავს, რომ მოთხოვნა თუ იზრდება იაფ მედიკამენტზე, ეს არ არის უხარისხო და ყველა აკმაყოფილებს GMP სტანდარტს“, – განაცხადა ლექვიმაძემ.

„ლოგიკაა [კითხვის] იმ ნაწილშიც, თუ მოთხოვნა იზრდება იაფფასიან მედიკამენტზე, ხომ არ გაუჩნდებათ მწარმოებლებს იმის სურვილი, რომ ფასი ასწიონ, მარჟა გაზარდონ… ეს შანსიც არსებობს, მაგრამ ელექტრონული რეცეპტის პოლიტიკა და არჩევანის გაჩენის შესაძლებლობა იძლევა საშუალებას ამ პროცესზე აქტიური დაკვირვების“, – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

„ჩვენი მეორე ეტაპის რეკომენდაციებში გვიწერია თავისუფალი ფასწარმოქმნის გადახედვა. თუ ჩვენ ასეთ პროცესს ვაკვირდებით და, მაგალითად, გენერიკებზე, იაფფასიან მედიკამენტებზე, დაუსაბუთებლად, – პირველი ეტაპის რეფორმების შემდეგ, – ხდება ფასების ზრდა, აქ შეგვიძლია ვიფიქროთ თავისუფალი ფასწარმოქმნის გადახედვაზე, ანუ მარჟების და მოგების მაჩვენებლების კონტროლზე“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი