ეკონომიკა | , , , ,

რატომ ძვირდება წამლები

24 ნოემბერი, 2021 | | 583
რატომ ძვირდება წამლები

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, მზარდი სამოქალაქო უკმაყოფილების ფონზე, უკვე არაერთხელ ისაუბრა მედიკამენტების გაზრდილ ფასებზე და განაცხადა, რომ მთავრობა ვალდებულია, „დროული რეაგირება“ ჰქონდეს ამ პრობლემაზე.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მთავრობაში მედიკამენტების ფასების რეგულირებაზე საუბარი გააქტიურდა. გამოქვეყნდა კონკურენციის სააგენტოს ხანგრძლივი კვლევის შედეგებიც.

ამ სტატიაში „ნეტგაზეთი“  აჯამებს ამ საკითხზე ბოლო პერიოდში მიმდინარე დისკუსიებს და ცდილობს გაარკვიოს, რას გულისხმობს, მთავრობის ხედვით, საჭირო ცვლილებები, როგორ შედეგს გამოიღებს ის და რამდენად მზადაა რეალური ცვლილებებისთვის მმართველი გუნდი, რომლის რიგებშიც ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები ირიცხებიან.

გაძვირებული წამლები და მძიმე ხარჯები

წლებია, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში სტაბილურად იმატებს. ამასთან, მოსახლეობას ძვირი უჯდება მედიკამენტების ყიდვა და ზოგჯერ, შესაძლოა, ამან გაღატაკების რისკის წინაშეც დააყენოს.

NDI-ის 2019 წლის ერთ-ერთი კვლევა აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ჯანდაცვის სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა მედიკამენტების ფასი იყო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონული ოფისის 2021 წლის ივლისის ანგარიშის თანახმად, საქართველოში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობის მიუხედავად, ჯიბიდან გაწეული სამედიცინო ხარჯები მოსახლეობას კვლავ ტვირთად აწვება.

ამავე ანგარიშის თანახმად, ჯიბიდან გადახდების საშუალო წილი საქართველოში 48%-ია, ეს მაჩვენებელი 18%-ით აღემატება ჯანმოს ევროპული რეგიონის ქვეყნების საშუალოს, 30%-ს.

ჯიბიდან გადახდების ყველაზე მაღალი წილი – 69% – კი საშუალოდ სწორედ მედიკამენტებზე მოდის (2018 წლის მონაცემები). შეძლებული ოჯახებისთვის ეს მაჩვენებელი ნაკლებია, თუმცა უღატაკეს ოჯახებში ჯიბიდან გადახდების წილმა იმავე წელს 90% შეადგინა.

ამასთან, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნახსენები კვლევის თანახმად, საქართველოში მაღალია ჯანდაცვაზე გაწეული კატასტროფული დანახარჯები და ამის შედეგად გაღარიბების შემთხვევები.

მიზეზები

„ნეტგაზეთს“ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოში არაერთხელ უცდია გარკვევა, რა იწვევს ფასების ზრდას, თუმცა უწყება მიუთითებს ხოლმე, რომ ჯანდაცვის სამინისტრო/ეს სააგენტო ფასებს არ აკონტროლებს/არ არეგულირებს. შესაბამისად, წლებია, ამ კითხვაზე პასუხს აღნიშნული უწყებისგან ვერ ვიღებთ.

ამ კითვაზე პასუხი სხვადასხვა აქტორს სხვადასხვა აქვს. მაგალითად, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები წლების განმავლობაში ლარში ფასების ზრდის ძირითად მიზეზად ვალუტის დევალვაციას ასახელებენ, პანდემიის პირობებში კი, დამატებით, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდას.

თუმცა, შესაძლოა, სხვა მიზეზებიც არსებობდეს. მაგალითად, მემარცხენე აქტივისტური გაერთიანება „ხმისთვის“ მომზადებულ პუბლიკაციაში მკვლევარი ვახტანგ ნაცვლიშვილი წამლების სიძვირის სამ მიზეზს ჩამოთვლის:

  • წამლის ფასის დაურეგულირებლობა;
  • ფარმაცევტული ბიზნესის კორუფციული გარიგებები ექიმებთან (იგივე არაეთიკური მარკეტინგი)
    • ამ საკითხზე ბოლო პერიოდში „თავისუფლების მონიტორმა“ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც ამ პრაქტიკას ამხელს – ფარმაცევტული კომპანიები/იმპორტიორები კონტრაქტებს დებენ ექიმებთან, რომლებიც მოგების მიზნით არასაჭირო მედიკამენტებს უწერენ პაციენტებს.
  • ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია (ანუ ბაზარზე რამდენიმე კომპანიის ურთიერთშეთანხმებული თამაში და მცირე ზომის კონკურენტების გარიყვა).

მანამ, სანამ სახელმწიფო უწყებები პრობლემის მოგვარებას შეუდგებიან, საჭირო იყო სახელმწიფოს მხრიდან პრობლემის მიზეზების კვლევა, – კონკრეტულად რა იწვევს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების დადგომას, – რომელიც ყველა მხრიდან შეაფასებდა არსებულ ვითარებას.

მსგავსი კვლევა, – ფარმაცევტული ბაზრის გრძელვადიანი მონიტორინგი, – 2018 წელს პარლამენტის დავალებით დაიწყო კონკურენციის სააგენტომ. მონიტორინგის პირველადი შედეგები ახლახან, 9 ნოემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშმა აირეკლა ფასის ზრდის სხვადასხვა აქტორის მიერ დასახელებული სხვადასხვა მიზეზი.

რას ამბობს კონკურენციის სააგენტო?

ამ სტატიაში კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის შუალედური ანგარიშში მითითებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შევჩერდებით.

სააგენტოს მომზადებულ შუალედური ანგარიშის თანახმად, იმპორტირებული მედიკამენტების, – და ბაზარზე ძირითადად სწორედ იმპორტირებული მედიკამენტები იყიდება, – საერთო ღირებულება ლარში მზარდია, დოლარში კი, ნაკლებად მზარდი.

წყარო: კონკურენციის სააგენტო

კერძოდ, 2015 წელთან შედარებით, 2020 წელს მედიკამენტების იმპორტის მოცულობა ლარში გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში- 7%-ით. შესაბამისად, სააგენტო ასკვნის, რომ იმპორტირებული მედიკამენტების ღირებულების ამგვარი ზრდა მეტწილად განპირობებულია ეროვნული ვალუტის გაუფასურებით.

„ოლიგოპოლია“?

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ 3 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო წილი ბაზრის იმპორტის დონეზე სტაბილურად მაღალია. კერძოდ:

  • 2016 წელი – 56.6%
  • 2017 წელი – 69,3%
  • 2018 წელი – 70%
  • 2019 წელი – 68.8%
  • 2020 წელი – 67.5%

კვლევა არ ასახელებს ყველა კომპანიას, თუმცა ესენი არიან: პსპ ფარმა, „გეფა“ (რომელიც ფლობს „ჯი პი სი-ს“ და „ფარმადეპოს“ ქსელებს) და „ავერსი“.

ეს გარემოება, – 3 ფირმის მაღალი კონცენტრაცია, – ავტორების შეფასებით, „ქმნის შესაბამის ბაზრებზე/ურთიერთჩამანაცვლებელი პროდუქტების დონეზე შესაძლო დომინანტური მდგომარეობის მოცემულობას“.

„ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაცია“

სააგენტოს მომზადებულ შუალედურ ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ წამლების იმპორტი, წარმოება და გაყიდვა, მათ მიერ კლინიკებისა და სადაზღვევო კომპანიების ფლობასთან ერთად, გარკვეულ რისკებს შეიცავს პაციენტებისთვის.

სპეციფიკიდან გამომდინარე, ფარმაცევტულ ბაზარზე მოთხოვნა ფორმირდება არა საბოლოო მომხმარებლის, ანუ პაციენტის, არამედ პირველ რიგში ექიმისა და საბოლოოდ, რიგ შემთხვევებში, ფარმაცევტის დონეზე.

„შესაბამისად, ბაზარზე არ არსებობს საბოლოო მომხმარებლის კონკურენტული წნეხი და ამ მოცემულობაში, უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, თუ რამდენად ქმნის კონკურენტულ წნეხს ექიმისა და ფარმაცევტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები“, – წერია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმადვე, ბაზარი „ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად ინტეგრირებულია“.

ავტორების განმარტებით, „ჰორიზონტალური ინტეგრაცია“ მოიაზრებს გარემოებას, რომ მსხვილი კომპანიები საცალო ბაზარზე წარმოდგენილი არიან ქსელური აფთიაქებით, ხოლო „ვერტიკალური ინტეგრაცია“ გულისხმობს გარემოებას, რომ ისინი თავად ახორციელებენ პროდუქტის იმპორტს, წარმოებას და საბითუმო მიწოდებას, ამასთანავე კი ფლობენ კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს.

„ეს გარემოება კონკრეტულ ჰოლდინგურ ჯგუფს/ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიოს/იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, ხოლო ამის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა არ გამომდინარეობდეს პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან და შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის/ჯგუფების კომერციულ და ბიზნესინტერესებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ავტორების თანახმად, ამგვარი ორმაგი, – ჰორიზონტალური და ვერტიკალური, – ინტეგრაცია ევროპის რიგ ქვეყნებში აკრძალულია (მაგალითად, ქსელური აფთიაქების ფლობაც კი), თუმცა არსებობს შედარებით რბილი მიდგომაც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში და ა.შ..

არაეთიკური მარკეტინგი რეგულირების გარეშე

ანგარიშის ავტორები მიუთითებენ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სამედიცინო დაწესებულება და პერსონალი ვალდებულნი არიან, დაიცვან ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:

  • ა) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედონ ანგარებით, მათ შორის, მესამე პირის სასარგებლოდ;
  • ბ) არ შევიდნენ გარიგებაში რომელიმე სამედიცინო დაწესებულებასთან ან/და ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებენ პაციენტებს და ამით რაიმე მატერიალურ სარგებელს ნახავენ.

ეს კანონი კრძალავს იმასაც, რომ პირმა, თანამდებობრივი ან სხვაგვარი უპირატესობიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალისაგან მოითხოვოს აღნიშნული პრინციპებისა და ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების საწინააღმდეგო ქმედება.

ამჟამად მოქმედი ნორმებით, ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულება ან/და პერსონალი 1000 ლარით ჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში – 2000 ლარით.

თუმცა, კონკურენციის სააგენტოს შეფასებით, ქვეყანაში ნაკლებად უზრუნველყოფილია დარგის მარეგულირებლის მიერ „ჯანმრთელობის დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინტერესთა შეუთავსებლობის პრინციპების ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები.

„ამასთან, სააგენტოს პოზიციით და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სანქცირების არსებული მექანიზმი არასათანადო და არასაკმარისია იმ შესაძლო ზიანთან მიმართებით, რაც ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის შედეგად შესაძლოა მიადგეს პაციენტს“, – წერია ანგარიშში.

ავტორების თანახმად, „აღნიშნული გარემოება, ბაზრის ჰოლდინგურ მოწყობასთან და ინტეგრაციის მაღალ ხარისხთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებებს, ფარმაცევტულ კომპანიებს და რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებს შორის შესაძლებელს ხდის ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის არსებობას“.

ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად აისახება „ბაზრის სტრუქტურაზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეულ დანახარჯებზე და პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე“.

კვლევაში აღწერილია, რომ ბაზარზე „ფართოდ არის უზრუნველყოფილი საფასო არჩევანი მედიკამენტებთან დაკავშირებით“, თუმცა „ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ კომპანიები მეტწილად (საერთო რეალიზაციის 50% და მეტი) ახორციელებენ იმ მედიკამენტების რეალიზაციას, რაც წარმოადგენს ამავე კომპანიის/კომპანიების იმპორტირებულ ან/და ჰოლდინგურ ჯგუფში შემავალი კომპანიის მიერ წარმოებულ პრეპარატებს“.

ფასნამატი – მაღალი პროცენტულობით გენერიკებზე

კონკურენციის სააგენტო ასევე წერს, რომ „კომპანიების ფასნამატი მედიკამენტებზე, რომლებიც ბაზარზე წარმოდგენელია სავაჭრო დასახელებით [ბრენდირებული მედიკამენტები], მსგავსია გენერიკულ მედიკამენტებზე არსებული ფასნამატის (თანხობრივ ნაწილში)“.

აქედან გამომდინარე, სააგენტო ასკვნის, რომ „გენერიკული მედიკამენტების რეალიზაცია, ბრენდირებულ მედიკამენტებთან შედარებით, ხორციელდება გაცილებით მაღალი პროცენტული ფასნამატით“.

[გენერიკი (გენერიკული პრეპარატი) არის არაპატენტირებული ფარმაცევტული პროდუქტი, რომელიც ორიგინალური პრეპარატის ასლია. პატენტის 20-წლიანი მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, პრეპარატის წარმოება ხელმისაწვდომია ნებისმიერი მწარმოებლისათვის. გენერიკების ფასი, ჩვეულებრივ, ორიგინალზე დაბალია].

ფასწარმოქმნის ამგვარი მოდელი კი, სააგენტოს შეფასებით, „არაგონივრულს ხდის მაღალი თვითღირებულების და, შესაბამისად, მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არსებულ მოთხოვნას, მაშინ, როდესაც ბაზარზე ხელმისაწვდომია გაცილებით დაბალი ფასის მქონე გენერიკი ან/და კონკრეტული სავაჭრო დასახელების მედიკამენტი“.

„პაციენტი 16 მლნ-ს დაზოგავდა“

არსებული ვითარება, – კერძოდ, „მაღალი თვითღირებულებისა და, შესაბამისად, მაღალი საცალო ფასის მქონე მედიკამენტების ბაზარზე არსებობა და მათზე ბაზრის მაღალი ხარისხის ინტეგრაციისა თუ შესაძლო ინტერესთა შეუთავსებლობის შედეგად არსებული ხელოვნური/გარანტირებული მოთხოვნა“, – იმპორტიორ/მწარმოებელ, საბითუმო მიმწოდებელ და საცალო რეალიზატორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, მედიკამენტებზე, რომელთა იმპორტიც ხორციელდება მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, მიიღონ მაღალი ფასნამატი, – წერია ანგარიშში.

სააგენტო იქვე განმარტავს, რომ გარანტირებული/ხელოვნური მოთხოვნა ქმნის წინაპირობას, კომპანიებმა მედიკამენტების ფასწარმოქმნასთან დაკავშრებით მიღებული გადაწყვეტილებები მიიღონ ყოველგვარი კონკურენტული წნეხის გამორიცხვის შედეგად.

ეს კი, საბოლოო ჯამში:

  • ერთი მხრივ, იწვევს მომხმარებლის/პაციენტის არაინფორმირებულ არჩევანს და მაღალი თვითღირებულების/საცალო ფასის მქონე მედიკამენტებზე არჩევანის შეჩერებას;
  • მეორე მხრივ, ამგვარ მედიკამენტებზე არსებული გარანტირებული მოთხოვნა შესაძლებელს ხდის გენერიკებზე გაცილებით მაღალი ფასნამატის მიღებას [პროცენტულად].

საბოლოოდ, კონკურენციის სააგენტო ასკვნის, რომ საცალო რეალიზაციის მონაცემებზე დაკვირვებით დგინდება:

„თავისუფალი არჩევანის და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მიღების შემთხვევაში … პაციენტი/მომხმარებელი 2016-20 წლებში დაზოგავდა საშუალოდ 16 მილიონ ლარს“.

სააგენტოს მოაქვს ევროპის ქვეყნების მაგალითი, სადაც, მის თანახმად, გენერიკების წილი ბაზარზე მაღალია და ამის შედეგად მომხმარებლის/პაციენტის მიერ ხდება მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა.

„მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში გენერიკების კონცენტრაცია ბაზარზე რაოდენობრივი კუთხით არის 83%, რაც მედიკამენტებზე გაწეული საერთო დანახარჯების მხოლოდ 33%-ს შეადგენს“, – წერს სააგენტო.

რა უნდა გაკეთდეს?

კონკურენციის სააგენტო ამავე ანგარიშში ჩამოწერს 2 მიმართულებას, თუ როგორ შეიძლება ფასებზე ზეგავლენის მოხდება:

  • ფასების პირდაპირი რეგულირება ან/და
  • ჩამანაცვლებელ პროდუქტებს შორის მაქსიმალური კონკურენციის უზრუნველყოფა და შედეგად, გენერიკების წილის ზრდა ბაზარზე.

„სხვადასხვა კვლევით დადასტურებულია, რომ მეორე მეთოდი მეტად ეფექტიანია. გენერიკების ფართო მოხმარებითა და პოპულარიზაციით მიიღწევა მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი დაზოგვა“, – წერს სააგენტო და ამ მიზნის მისაღწევად რამდენიმე რეკომენდაციას გასცემს:

რეცეპტების ნაწილში-

  • გაიცეს მხოლოდ გენერიკული რეცეპტი/დანიშნულება, რითაც გენერიკების საბაზრო წილი გაიზრდება;
  • რეცეპტში სასურველია, ძირითად გენერიკთან ერთად მიეთითოს სულ მცირე ერთი დამატებითი ჩამანაცვლებელი გენერიკი;
  • გადაიხედოს „თავისუფალი ფასწარმოქმნის“ პოლიტიკა;
  • მოხდეს ბაზრის ჰოლდინგური სტრუქტურის შეზღუდვა;
  • გაკონტროლდეს ბაზრის ვერტიკალური და ჰორიზონტალური ინტეგრაციის შესაძლო უარყოფითი შედეგები:
    • კერძოდ, დეტალურად გაიწეროს ფარმაცევტისა და მედიკამენტების საბოლოო მომხმარებლამდე მიტანის ვალდებულებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი კონკურენტული გარემო;
  • მოხდეს სამკურნალო გაიდლაინების სრულყოფა:
    • „სამკურნალო გაიდლაინების შემუშავების შემდეგ, სასურველია დაწესდეს სამკურნალო ბიუჯეტების ზედა ზღვარი, რასაც დადებითი ეფექტი ექნება, როგორც პოლიპრაგმაზიის (ანუ ზედმეტად წამლების გამოწერის) შემცირებაში, „ბად“-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატები) კონტროლში და ასევე გენერიკული მედიკამენტების კონცენტრაციის ზრდაში;
  • შემოღებულ იქნას GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) სტანდარტი;
  • დაინერგოს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის/დანიშნულების ერთიანი სისტემა:
    • მოხდეს რეცეპტის/დანიშნულების განგრძობადი კონტროლი;
  • მოხდეს ინტერესთა შეუთავსებლობის პრინციპის დარღვევისას სანქცირების მექანიზმის გამკაცრება და ამის ეფექტიანი კონტროლი;
  • მოხდეს რეცეპტის/დანიშნულების გამომწერ პირსა და ფარმაცევტულ კომპანიებს შორის ურთიერთობის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და საჯაროობის უზრუნველყოფა.

რას ფიქრობს ბიზნესი?

„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ კანონმდებლობაში არ უნდა შევიდეს ისეთი ცვლილებები, რამაც „საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი შეიძლება დააზარალოს“.

„ძალიან მწვავე თემაა, გასაგებია, ყველას აწუხებს ფასი, მაგრამ არსებობს ობიექტური გარემოები, რასაც ჩვენ ვერ შევეხებით, – სავალუტო კურსი, კოვიდის პერიოდში სხვა ტიპის პრობლემები და აშ. მაგრამ, გარდა ამისა, როგორც ჩანს, ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა დაინახა რესურსი, რომ უფრო მეტი კონკურენცია იყოს ბაზარზე, უფრო მეტი შესაძლებლობა იყოს, რომ საბაზრო შეთანხმებები გამოირიცხოს. ამაზე არავინ არ კამათობს“, – განაცხადა ვეფხვაძემ ტვ პირველის ეთერში საუბრისას.

ამასთან, მისი თქმით, ცვლილებები უნდა განხორციელდეს „კერძო-საჯარო თანამშრომლობის ფორმატით“, რადგან ცალმხრივ გადაწყვეტილებებს „შეიძლება თან ახლდეს ისეთი გამოუსწორებელი შეცდომა, რამაც მნიშვნელოვანი ნაწილი დააზარალოს“. მაგალითად კი ასეთი რამ მოიყვანა:

„პირობითად, ვყიდულობთ წამალ x-ს, – და თქვენ იცით, რომ კომპანიებს აქვთ მნიშვნელოვანი ფასდაკლების დღეები. ამ დროს კომპანიას ფაქტობრივად არ აქვს მოგების მარჟა. მაგალითად, ერთ-ერთი წამალი ღირს 80 ლ ჩვეულებრივ დღეებში და 55-56 ლარი ფასდაკლების დღეებში. ჩვენ თუ ვიტყვით, რომ ვარეგულირებთ [მოგების] მარჟებს, ჩვეულებრივ დღეებში 80 ლარი აღარ ეღირება, მაგრამ აღარც 56 ლარი ეღირება“, – განაცხადა ვეფხვაძემ.

„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“

ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე კაკი ზოიძე, რომელიც ამჟამად ფონდ „კურაციოს“ წარმოადგენს, „ნეტგაზეთთან“ საუბარში დადებითად აფასებს კონკურენციის სააგენტოს მიერ მსგავსი კვლევის გამოქვეყნებას და ამბობს, რომ ამჟამად შექმნილია შესაძლებლობის ფანჯარა, ამ მიმართულებით ნაბიჯები გადაიდგას.

კაკი ზოიძე კიდევ რამდენიმე ნაბიჯს ჩამოთვლის, რაც, მისი ხედვით, კომპლექსურ ხედვაში უნდა იყოს გათვალისწინებული:

  • საქართველოს მარეგულირებლებმა „ყოველგვარი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა დაუშვან ბაზარზე მკაცრი და სანდო მარეგულირებლების (ევროპის EMA-ს თუ შტატების FDA-ს) მიერ აღიარებული, გადამოწმებული, მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მედიკამენტები“;
  • მოხდეს სუბსიდირების პროგრამის – ე.წ „ერთლარიანი წამლების“ პროგრამის – გაფართოვება:
    • კერძოდ, იმ მედიკამენტების (აქტიური ნივთიერებების) სია, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს და რომლებიც პენსიონერებისთვის და სოციალურად დაუცველებისთვის 1 ლარი ღირს, 23-დან 90-მდე გაიზარდოს.
    • სხვა, დანარჩენი მოსახლეობისთვის ფასები დარგულირდეს:
      • კაკი ზოიძის თანახმად, ფასების უშუალოდ რეგულირებას მხოლოდ ამ ნაწილში ემხრობა და ეს მოხსნიდა იმ რისკს, რის წინაშეც აზერბაიჯანი და მოლდოვა დადგნენ ყველა სახის მედიკამენტის ფასის დარეგულირების შემთხვევაში:
      • „არ დაგვემუქრება ის, რაც დაემართა მოლდოვას და აზერბაიჯანს, – ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემა რომ გაუჩნდათ, როდესაც 14 000 დასახელების წამლის რეგულირება დაიწყეს, რის შემდეგაც უბრალოდ ფიზიკურად აღარ შეიტანეს წამლები კომპანიებმა. აქ საუბარია იმაზე, რომ ვარეგულირებთ მხოლოდ იმ წამლებს, რომელთა მოცულობაც უკვე გარანტირებულია იმით, რომ სახელმწიფო ასუბსიდირებს მილიონზე მეტი ადამიანისთვის. ამ პროგრამით უკვე გარანტირებულია მოცულობები“, – ამბობს იგი.
  • საქართველომ მიიღოს, აშშ-ის მაგალითის მსგავსად, Pharmaceutical Sunshine Act (უხეში თარგმანით, „ფარმაცევტული კომპანიების ინტერესების მზის შუქზე გამომტანი აქტი“):
    • „ის, რაზეც კონკურენციის სააგენტოც საუბრობს კვლევაში, – ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაცია, არაეთიკური მარკეტინგი, დაკავშირებულია პოლიპრაგმაზიასთან, – როდესაც 2-3 საჭირო წამლის ნაცვლად ექიმები პაციენტებს უწერენ 8 და 10 წამალს. ფორმალურად კი არის აკრძალვა კანონში, მაგრამ ამის აღსრულების მექანიზმი არ არსებობს. ასეთი მექანიზმი იქნება, რომ ექიმს დაავალდებულოს კანონმდებლობამ, თუ რაიმე ინტერესი აქვს, – თუკი ფარმაცევტული კომპანიის „კონსულტანტია“, – ეს მონაცემები გახდეს გამჭვირვალე პაციენტისთვის“, – ამბობს ფონდ „კურაციოს“ წარმომადგენელი.

კაკი ზოიძე ასევე ამბობს, რომ მედიკამენტებზე ფასების „ფასწარმოქმნაში 35% და 40% არ შეიძლება იყოს მარკეტინგზე დანახარჯები“:

„ეს არის სწორედ ის დანახარჯი, როდესაც ექიმები კონსულტანტებად ჰყავთ გაფორმებული. ამას არქმევენ მარკეტინგის ხარჯებს, რეალურად კი ეს არის ქრთამები. წმინდა მოგება, – EBIDTA, არ გამოდის ბევრი, ასე რომ დავარქვათ. რეალურად, მედიკამენტების ფასის დიდი ნაწილი მიაქვს სწორედ ექიმებისთვის გადახდილ თანხას, ხოლო ფარმაცევტული კომპანიები იგებენ მოცულობით [მასშტაბის ეკონომიკით]“, – გვეუბნება კაკი ზოიძე.

უცნობია, რას გეგმავს მთავრობა კონკრეტულად

ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მთავრობის კონკრეტული გეგმა. „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წლის შემდეგ მმართველი ძალაა, ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წელს, მხოლოდ ახლაღა აცხადებს, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, რათა მოსახლეობას წამლების ფასი მძიმე ტვირთად აღარ დააწვეს.

თუმცა ეს კონკრეტული ნაბიჯებიც უცნობია – ჯანდაცვის სამინისტროში სულ ახლახან დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით შეიმაშავებს ინიციატივებს, რასაც, სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, საბოლოოდ საკანონმდებლო სახე მიეცემა.

„მედიკამენტების ფასის რეგულირება პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, მოსამზადებელი სამუშაოები დავიწყეთ, რაც ფასისა და ხარისხის დარეგულირებას ისახავს მიზნად და თანხვედრაშია ევროპის კანონმდებლობასთან“, – აღნიშნა 16 ნოემბერს „ჯანმოს“ რეგიონულმა დირექტორმა, სილვიუ დომენტემ.

სამუშაო ჯგუფის წევრები და ჯანმოს ექსპერტები უშუალო ინიციატივებზე ჯერჯერობით მედიასთან კომენტარებს არ აკეთებენ.

საინტერესოა ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტართა რიგებში ირიცხება ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია „გლობალფარმის“, – რომელიც სტუდია ‘მონიტორის” ცნობით, არაეთიკურ მარკეტინგშია შემჩნეული, – მფლობელი, ანტონ ობოლაშვილი. მის მიერ შევსებული ოფიციალური დეკლარაციით, „გლობალფარმის“ ფლობის დამსახურებით პირადად ობოლაშვილმა 2020 წელს 1 218 917 ლარი გამოიმუშავა.

ფარმაცევტულ ბიზნესს ოპოზიციაშიც ჰყავს წარმომადგენლები. მაგალითად, პარლამენტის წევრია სააფთიაქო ქსელ PSP-ს (ასევე, PSP დაზღვევის) დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილიც, რომელიც უკვე 5 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრი გახდა. 2020 წელს ის „ნაციონალური მოძრაობასთან ბლოკით შევიდა პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი