ახალი ამბები

ზოგ იმპორტიორს წამლებზე მოგების 1000%-იანი მარჟა აქვს – ლექვინაძე

18 იანვარი, 2022 • 2060
ზოგ იმპორტიორს წამლებზე მოგების 1000%-იანი მარჟა აქვს – ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმდჯომარე ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის უმთავრესი პრობლემა რეცეპტისა და დანიშნულების არსებული სისტემა და არაკეთილსინდისიერი მარკეტინგია.

ირაკლი ლექვინაძის თანახმად, რომელმაც კიდევ ერთხელ შეაჯამა სააგენტოს 2-წლიანი კვლევა (ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი), ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში გამოირჩევა რეგულაციების სიმწირით.

„მთავარ პრობლემას ჩვენ ვხედავთ სისტემური საკითხების არათანმიმდევრულ კონტროლსა და არაეფექტურ აღსრულებაში“, – განაცხადა მან 18 იანვარს პრესკლუბ „კვირაში“ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს მოგების დაახლოებით 7-25%-იანი მარჟა აქვთ სხვადასხვა მედიკამენტზე, რაც, მისი შეფასებით, „აბსოლუტურად ნორმალურია“.

„მაგრამ გვყავს ძალიან მცირე იმპორტიორი კომპანიები, ხშირ შემთხვევაში, რომელთაც აქვთ მოგების 200-300%-იანი მარჟები“, – განაცხადა მან.

„ზოგჯერ ერთი დასახელების მედიკამენტი შემოაქვთ, მაგრამ მოგების მარჟა 1000%-მდეც კი ადის“, – განაცხადა ლექვინაძემ. ამ მდგომარეობის მან მიზეზად დაასახელა, რომ აღნიშნულ კომპანიებს „აქვთ გარანტირებული გაყიდვა“.

  • „ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე არსებობს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები, როდესაც იმპორტიორი კომპანია, რომელიც არეგისტრირებს საქართველოში მედიკამენტს, გარიგებაშია რეცეპტის და დანიშნულების გამომწერთან [ექიმთან].
  • გამომწერი [ექიმი] კონკრეტულ მითითებას აკეთებს იმ მედიკამენტზე, რომელზეც აქვს ფინანსური დაინტერესება, და ხშირ შემთხვევაში უთითებს მედიკამენტის კონკრეტულ ბრენდულ დასახელებაზე; უთითებს კონკრეტულ ქსელს, მისამართს, სად შეიძლება ეს მედიკამენტი იქნას აღებული“, – განაცხადა სააგენტოს თავმჯდომარემ.

„მთლიანობაში, მონიტორინგი რომ შევაჯამოთ, მთავარი პრობლემა არის რეცეპტის და დანიშნულების დღევანდელი სისტემა, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი და ანგარებიანი გარიგებები რიგ მცირე იმპორტიორებსა და რეცეპტისა და დანიშნულების გამომწერ სუბიექტებს შორის, რაც, საბოლოო ჯამში, გვიძვირებს მედიკამენტებზე დანახარჯებს“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ნახეთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი