ახალი ამბები

აფთიაქები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან

29 დეკემბერი, 2023 • 1876
აფთიაქები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ფარმაცევტული კომპანიები სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

საუბარია შეთანხმებული ქმედების საქმეზე დაჯარიმებულ კომპანიებზე. კერძოდ, კონკურენციის სააგენტოს ცნობით, 4 კომპანიის მიერ: ავერსის, გეფას(ჯი პი სი და ფარმადეპო), პსპ-ს და მერმისის, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს… ფასების ფიქსაციას.

პსპ, ავერსი და გეფა კონკურენციის სააგენტოს განცხადებას არ ეთანხმებიან. რაც შეეხება მერმისს, კომპანიაში ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ.

პსპ-ში აცხადებენ, რომ კონკურენციის სააგენტომ მტკიცებულებების გარეშე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პსპ-ში აცხადებენ, კომპანია გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია პსპ-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დასაბუთების გარეშე, რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და პსპ-მ მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში“, – აცხადებენ პსპ-ში.

კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას უსამართლოდ აფასებს ავერსიც და სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და სრულიად უსამართლო. ავერსს არასდროს არავისთან არ ჰქონია რაიმე გარიგება, მით უმეტეს ფასებზე. ამიტომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას ავერსი აუცილებლად გაასაჩივრებს სასამართლოში“, – აცხადებენ ავერსში.

გეფა-შიც აცხადებენ, რომ კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ეთანხმებიან, რადგან კომპანიას არცერთ ასპექტში არ დაურღვევია კონკურენციის შესახებ კანონი.

მათივე განცხადებით, გეფა  კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის პროცესში აქტიურად იყო ჩართული და თანამშრომლობდა სააგენტოსთან.

„კომპანიის მხრიდან სრულად მოხდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის მიწოდება და კონკურენციის სააგენტოს წარედგინა არგუმენტირებული, პროფესიული და ობიექტური პოზიცია. სამწუხაროა, რომ სააგენტომ არ გაითვალისწინა ზემოაღნიშნული გარემოებები.

აღსანიშნავია, რომ კონკურენციის სააგენტომ, მის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში აღნიშნა საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე აქტიური კონკურენციის არსებობა. ჩვენი საქმიანობის მთავარი ღირებულება კი სწორედ ღია და პატიოსანი კონკურენციის შენარჩუნებაა. სს გეფას მთავარი ამოცანაა საზოგადოებას შევთავაზოთ ევროპაში აღიარებული, უმაღლესი ხარისხის მედიკამენტები და უკვე მრავალი წელია ამ პოზიციას მყარად ვინარჩუნებთ“, – აცხადებენ გეფა-ში.


კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტულ სექტორში 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების საქმეზე დააჯარიმა.

სააგენტოს ცნობით, საკითხი ეხება ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (შეთანხმებული ქმედება) დარღვევის ფაქტს.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოკვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ: ავერსის, გეფას(ჯი პი სი და ფარმადეპო), პსპ-ს და მერმისის, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.

კონკურენციის სააგენტომ 4 ფარმაცევტული კომპანია დააჯარიმა

მასალების გადაბეჭდვის წესი