ახალი ამბები

ინსპექტორის სამსახურის შემცვლელი უწყებების უფროსების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

17 იანვარი, 2022 • 1697
ინსპექტორის სამსახურის შემცვლელი უწყებების უფროსების შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი კონკურსები გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის კანდიდატების შერჩევა მოხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისიების მიერ:

„გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობები (წარმოსადგენი დოკუმენტების სია, დოკუმენტების წარმოდგენის ვადები და ა.შ.) გამოქვეყნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე  www.hr.gov.ge, მას შემდეგ, რაც დაკომპლექტდება საკონკურსო კომისია, რომელიც გამოცხადებულ კონკურსებში მონაწილეობის პირობებს განსაზღვრავს“, – აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

პარლამენტმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონი 30 დეკემბერს მიიღო. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტმა დაჩქარებული წესით, 3 დღეში განიხილა.

კანონის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება, ხოლო მის ნაცვლად იქმნება ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას აკრიტიკებენ როგორც ოპოზიციის წევრები, ასევე საერთაშორისო პარტნიორები, არასამთავრობო ორგანიზაციები და თავად სახელმწიფო ინსპექტორი.სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან.

მისი თქმით, ახალი კანონით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი