ახალი ამბები

პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

12 იანვარი, 2022 • 2484
პარლამენტი ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტაზე იმსჯელებს

სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის შემდეგ, შესაძლოა, ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს.

როგორც ნეტგაზეთს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კომიტეტი იმსჯელებს.

მისი თქმით, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს 15 დღის ვადაში გამოითხოვს და შესაბამის დასკვნას მოამზადებს იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა ჯაფარიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პროცედურები.

„მას შემდეგ, რაც საჯაროდ გახდა ცნობილი ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგომის შესახებ, ამის შემდგომ, რეგლამენტის თანახმად, ჩვენი კომიტეტი ამ განაჩენს გამოითხოვს და 15 დღის ვადაში მოხდება შესწავლა და დაუყოვნებლივ დაიდება დასკვნა, რომელიც გადაეგზავნება ბიუროს. ბიუროს შემდეგ, როგორც ყოველთვის, საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. აქედან გამომდინარე, საბოლოო სიტყვა ექნება პარლამენტს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის განმარტებით, თუკი საკითხი სესიის სხდომაზე გავა, ვინაიდან ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი, მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობის, არანაკლებ 50 დეპუტატის, მხარდაჭერა დასჭირდება.


თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი