ახალი ამბები

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

12 იანვარი, 2022 • 1694
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ

პარტია „ლელოს“ დამფუძნებლები — მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე, ტვ „პირველის“ დამფუძნებლის მამა ავთანდილ წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

„ეს იყო ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტის გადასარჩენად, რომელიც გადავარჩინეთ და გავხადეთ ჩვენი ქვეყნის წარმატების სახე და ჩვენ იგივეს მივაღწევთ პოლიტიკაშიც.

ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას“, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ პარტიის ოფისში, განაჩენის გამოცხადების შემდეგ.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი მიიჩნევენ, რომ დანაშაული არ ჩაუდენიათ და, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ მათ პატიმრობა არ შეეფარდათ, არ ეთანხმებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას.


დღეს, 12 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ. „ლელოს“ ლიდერები — ხაზარაძე და ჯაფარიძე — გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში შეხვდნენ, ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი, ტელევიზიის ოფისში.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავებოდა. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.

გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი საქმეში ბრალდებულია 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი