საზოგადოება

სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი, მაგრამ არ დააპატიმრებენ

12 იანვარი, 2022 • 4183
სასამართლომ დამნაშავედ ცნო ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი, მაგრამ არ დააპატიმრებენ

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა.

თუმცა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

ბრალდებულები განაჩენის გამოცხადებას სასამართლო დარბაზში არ ესწრებოდნენ. „ლელოს“ ლიდერები — ხაზარაძე და ჯაფარიძე — გადაწყვეტილებას პარტიის ოფისში შეხვდნენ, ტვ „პირველის“ დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელი კი, ტელევიზიის ოფისში.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

მისი თქმით, სამივე პირს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

აღნიშნული დანაშაული გულისხმობს თაღლითობას — ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით — ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

მოსამართლემ ასევე გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.


მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავებოდა. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ ფინანსურ ტრანზაქციებს. იმ პერიოდში ხაზარაძე და ჯაფარიძე “თიბისი ბანკში” საქმიანობდნენ.

გამოძიება ხსენებულ ტრანზაქციებზე მხოლოდ 10 წლის შემდეგ, 2018-ში დაიწყო. სამივე მათგანი თავიდანვე უარყოფდა ბრალდებას და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა.

გამოძიების ფარგლებში მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგენილი ჰქონდათ ჯგუფურად, 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო ლეგალიზაციაზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი საქმეში ბრალდებულია 16 664 000 აშშ დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის საქმე – მარტივად ახსნილი

მასალების გადაბეჭდვის წესი