ახალი ამბები

სამართლებრივი ხრიკით პროკურატურამ მიიღო სასურველი შედეგი — სიმონიშვილი ხაზარაძის საქმეზე

12 იანვარი, 2022 • 2068
სამართლებრივი ხრიკით პროკურატურამ მიიღო სასურველი შედეგი — სიმონიშვილი ხაზარაძის საქმეზე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, ხელისუფლებამ მოძებნა სამართლებრივი ხრიკი, პოლიტიკური ოპონენტისთვის დამნაშავე დაერქმია ისეთი საქმის გამო, რომელზეც, სწორი კვალიფიკაციით, გამოძიებაც ვერ დაიწყებოდა.

მისი თქმით, „პროკურატურამ და ხელისუფლებამ მონახა შემოვლითი გზა, პოლიტიკური ოპონენტებისთვის ეწოდებინა დამნაშავე იმ პირობებში, როცა ამ ქმედებაზე გამოძიებაც არ უნდა დაწყებულიყო“.

„განაჩენის სრულყოფილად შეფასებას სარეზოლუციო ნაწილის გაცნობის შემდეგ შევძლებთ, თუმცა, ამ ეტაპისთვის რაც ვიცით და როგორც მიმდინარეობდა პროცესები, ამ საქმესთან მიმართებით ცალსახად ვხედავთ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნებს.

პირველ რიგში, გამოძიება დაიწყო ფულის გათეთრების მუხლით, არასწორი კვალიფიკაციით, ვინაიდან თაღლითობის მუხლით (რომლითაც საბოლოოდ დადგა განაჩენი) გამოძიების დაწყების და საქმის სასამართლოში წაღების შესაძლებლობაც არ იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სასამართლოს შეეძლო მუხლის გადაკვალიფიცირება მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ და ასეც მოიქცა.

შედეგად გამოვიდა გამამტყუნებელი განაჩენი ისეთ საქმეზე, რომელზეც საერთოდ გამოძიებაც ვერ დაიწყებოდა. ამ სამართლებრივი ხრიკით და კანონში ჩანაწერებით პროკურატურამ და ხელისუფლებამ მიიღო მისთვის სასურველი შედეგი — შეუძლია პოლიტიკურ ოპონენტს დაუძახოს თაღლითობაში მსჯავრდებული და დამნაშავე ისე, რომ წესით ამ საქმეზე გამოძიებაც კი არ უნდა დაწყებულიყო და, ამავდროულად, სასჯელი არ დადგა“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ სიმონიშვილმა.

საიას თავმჯდომარის თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეში პოლიტიკური მართლმსაჯულების ნიშნები სახეზეა როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე სასამართლო განხილვების მიმდინარეობისას.

„პროცესი თავდაპირველად ძალიან ინტენსიურად წარიმართა და კვირაში 2-3 სხდომაც იმართებოდა. სასამართლო საერთოდ არ ითვალისწინებდა დაცვის მხარის ინტერესებს. 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ პროცესი შეჩერდა და განახლდა გასული წლის არჩევნების წინა პერიოდში, რაც დაკავშირებული იყო ხელისუფლების მხრიდან პროცესების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებასთან“, — განაცხადა სიმონიშვილმა.

მისი თქმით, სააპელაციო სასამართლოში პროცესის მიმდინარეობაც დამოკიდებული იქნება იმაზე, რა პოლიტიკური ინტერესი ექნება ხელისუფლებას. საქართველოს პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფულის გათეთრების საქმეზე“  ბრალდებულ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და ავთანდილ წერეთელს წაყენებული ბრალი თაღლითობაზე გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სამივე მათგანი პატიმრობისგან გათავისუფლდა.

მოსამართლე გიორგი არევაძემ გააუქმა ყველა ის შეზღუდვა, რაც სამივე ბრალდებულის მიმართ პროკურატურის მოთხოვნით იყო დაწესებული — გააუქმა მათ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღა, ასევე გაუქმდა მათთვის დაწესებული შეზღუდვა ქვეყნის გარეთ მოგზაურობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი