ახალი ამბები

გთხოვთ, თავი შეიკავეთ ფეიერვერკისა და აფეთქებებისგან – ზოოპარკი მოქალაქეებს მიმართავს

30 დეკემბერი, 2021 • 2426
გთხოვთ, თავი შეიკავეთ ფეიერვერკისა და აფეთქებებისგან – ზოოპარკი მოქალაქეებს მიმართავს

თბილისის ზოოპარკი საახალწლოდ მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავონ ფეიერვერკისა და ასაფეთქებლების სროლისაგან, – განსაკუთრებით, ზოოპარკის მიმართულებით, – რადგან ეს ცხოველებზე უარყოფითად მოქმედებს და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას სერიოზულ რისკებს უქმნის.

„ახალი წლის დადგომა ყველას გვიხარია და ამ სიხარულს ყველა სხვადასხვაგვარად გამოვხატავთ, უბრალოდ… გულით გთხოვთ, განსაკუთრებით, თუ ზოოპარკთან ახლოს ცხოვრობთ, თავი შეიკავოთ ფოიერვერკებისა და ასაფეთქებლის სროლისგან და არ გამოუშვათ მაშხალები ზოოპარკის მიმართულებით“, – სთხოვს ზოოპარკის ადმინისტრაცია მოქალაქეებს.

„ეს გაუთავებელი ბათქაბუთქი და გრუხუნი პირდაპირი მნიშვნელობით დამღუპველია ჩვენი ცხოველებისთვის. გარდა იმისა, რომ ამგვარი უჩვეულო ხმაურის ეშინიათ და საშინლად ისტრესებიან, იწყებენ გაშმაგებულ სირბილს, რაც ხშირად სავალალოდ მთავრდება“, – წერს ზოოპარკი ფეისბუკ-პოსტში.

მაგალითისთვის ზოოპარკს მოჰყავს შარშან, 31 დეკემბრის ღამეს, ახალშობილი გნუს მაგალითი, რომელსაც, ზოოპარკის ცნობითვე, გული გაუსკდა; ძველით ახალი წლის ღამეს კი მეორე ახალშობილი გნუც დაიღუპა.

„მომენტალური სიკვდილის გარდა არის მეორე პრობლემაც – დაფეთებული ცხოველები ქაოტურად დარბიან და ასკდებიან ღობეებს, ბარიერებს, რა დროსაც სხეულის სერიოზულ დაზიანებებს იღებენ“, – ამბობენ ზოოპარკში.

თბილისის ზოოპარკის ფეისბუკის გვერდის ცნობით, საახალწლოდ ზოოპარკის ვეტექიმები წინასწარ იწყებენ მზადებას: 31-ში საღამოს ცხოველებს დამამშვიდებელ პრეპარატებს აძლევენ, ზოგს – აბებს, ზოგსაც ნემსს უკეთებენ. თუმცა ეს არ არის გარანტია, რომ ღამე მშვიდად ჩაივლის.

„ზოოპარკის ბინადრებს რომ თავი დავანებოთ, პიროტექნიკა ჩვენ გარშემო მცხოვრებ სხვა ოთხფეხებსა და ფრთოსნებზეც მოქმედებს. განსაკუთრებით უსახლკარო ძაღლებსა და კატებზე, რომლებსაც თავის შეფარების შესაძლებლობა არსად აქვთ. ფრინველებს კი, არ დაიჯერებთ და, უბრალოდ გული უსკდებათ და იხოცებიან“, – წერს ზოოპარკი.

გირჩევთ ასევე წაიკითხოთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი