საზოგადოება

ცხოველებს საახალწლო ასაფეთქებლების ეშინიათ — როგორ დავეხმაროთ მათ

30 დეკემბერი, 2021 •
ცხოველებს საახალწლო ასაფეთქებლების ეშინიათ — როგორ დავეხმაროთ მათ

ცხოველები, – მათ შორის შინაური ცხოველები, – უარყოფითად რეაგირებენ საახალწლო ასაფეთქებლებით გამოწვეულ ხმაურზე. ბევრი მათგანისთვის ძლიერი აფეთქებები გაუსაძლის სტრესსა და შიშს იწვევს.

„ნეტგაზეთის“ ამ სტატიაში ძირითადად, ძაღლების შიშებზე შევჩერდებით – მათი პარტნიორებისგან გაიგებთ, როგორ მოქმედებს საახალწლო ასაფეთქებლების ხმაური მათზე.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, ზოოფსიქოლოგისაგან გაიგებთ, როგორ შეიძლება მათ დაეხმაროთ და შფოთვა თუ შიში შეუმსუბუქოთ, – ან სულაც გაუქროთ.

„კანკალებდა, საწოლში შემომიძვრა“

ნიკოლოზ ჰუმანოიდს, რომელიც ტყავის აქსესუარების მწარმოებელი კომპანია „ჰუმანოიდის“ დამფუძნებელია, სახლში ორი კატა და ორი ძაღლი ჰყავს, თავის სახელოსნოში კი კიდევ ერთი მიუსაფარი ძაღლი ჰყავს შეფარებული.

ამ უკანასკნელს, – შავ მეტისს, სახელად ოკრიბას, – მძიმე ისტორია აქვსო, გვეუბნება ნიკოლოზი და გვიამბობს, რამდენად მძიმედ იყო იგი, როდესაც დიდუბის ტერიტორიაზე იპოვეს (ამიტომაც დაერქვა „ოკრიბა“ – ავტოსადგურის სახელი); უსახლკაროს, პაპილომა აღმოაჩნდა და 5 თვის განმავლობაში დასჭირდა მკურნალობა.

ოკრიბა ქუჩაში ცხოვრებისას და შემდეგ. ფოტო: ნიკოლოზ ჰუმანოიდი

ამჟამად ოკრიბა გამოჯანმრთელებულია, მოღონიერებულია და ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჰუმანოიდის სახელოსნოს შეფარებული, მაგრამ შიგადაშიგ მას მაინც უწევს მძიმე სტრესთან გამკლავება. ჩვენი რესპონდენტი რამდენიმე დღის წინ მომხდარს იხსენებს:

„აქვე ახლოს არის სკოლა, საიდანაც ჩვენს ეზოშიც შემოდიან ხოლმე ბავშვები და საახალწლოდ ხშირად არის ხოლმე „ბომბაჩკების“ აფეთქებები. ერთი ამბავია ხოლმე, მოკლედ… იმ დღეს მეძინა, როცა უცებ გარეთ ვიღაცამ „ბომბაჩკა“ ააფეთქა. ამ დროს ოკრიბა ისე ისტერიულად შემომიძვრა საწოლში, ისე კანკალებდა, გული მომიკვდა“, – გვეუბნება ჩვენი რესპონდენტი.

არის ხალხი, ვისაც არ სჯერა, რომ ასაფეთქებლები შინაურ ცხოველებზე საშინლად მოქმედებს, ამბობს ნიკოლოზ ჰუმანოიდი და დასძენს, რომ ასეთი ადამიანებისთვის შეშინებულ ოკრიბას ვიდეო გადაუღო, იქნებ დაფიქრდნენო. ვიდეოში ოკრიბას რეაქციები ცხადად ჩანს – იგი მობუზულია და შიშისაგან კანკალებს.

„ჩახუტებული მყავდა და ერთი საათი კანკალებდა, თუმცა ბევრმა მირჩია ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ, არ ჩაიხუტო და არ მოეფერო, რადგან ეს შიშს უფრო უმძაფრებსო… ერთი საათი, აბაზანაში რომ შევედი, იქაც კი შემომყვა და მობუზული იყო. მეშინია, რომ გული არ გაუსკდეს“, – წუხს ნიკოლოზ ჰუმანოიდი.

ამ წუხილის საფუძველი კი, როგორც მისი ნაამბობიდან ვიგებთ, შარშანდელი გამოცდილებაა:

„შარშან, უკვე პანდემია რომ იყო, დაკეტილები ვიყავით, მაღაზიაში თუთიყუშები მყავდა. მეორე დღეს, დილით რომ მივედი, ორივე დახოცილი დამხვდა. ვერც აღვწერ, რა დამემართა, მოვკვდი… 5 წლისანი იყვნენ. თავიდან ვერც მივხვდი, რა უნდა დამართოდათ, – ორივე ერთად როგორ დაიხოცა-მეთქი. და მერე მივხვდი, რომ ფეიერვერკის და ასაფეთქებლების ხმაურისგან. სხვა რა უნდა ყოფილიყო. და, როგორც ვიცი, ბევრი იხოცება“, – ამბობს იგი.

დიახ, ძაღლებს ეშინიათ ხმაურის

ნიკოლოზ ჰუმანოიდი და მისი ოკრიბა გამონაკლისები არ არიან. მეტიც, ცხოველთა მოყვარულების ჯგუფებში ყოველწლიურად, საახალწლოდ, ბევრი პოსტი ქვეყნდება ამ საკითხზე.

გამოცდილებები სხვადასხვანაირია, – ზოგიერთი ოთხფეხა ნაკლებად წუხდება ასეთ ხმაურზე, თუმცა ძალიან ბევრი პატრონი, თავისი ძაღლის სტრესის გამო, შეწუხებულია.

ეს რომ პრობლემაა, ამის შესახებ ჩანაწერებს უცხოურ საიტებზეც გადააწყდებით. თუკი საქართველოში ასეთი თარიღი ახალი წელია, ზოგან სტრესის პერიოდი შობას, ზოგან კი სხვა დღესასწაულს, მაგალითად, შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის დღეს, 4 ივლისს ემთხვევა ხოლმე.

ეს იმიტომ, რომ ძაღლები, ადამიანების მსგავსად, ინსტინქტურად შიშით რეაგირებენ მოულოდნელ, ძლიერ ხმაურზე. ეს ერთგვარი თვითგადარჩენის მექანიზმიც კია. თუმცა, ზოგიერთი ძაღლი უფრო მძიმედ რეაგირებს ამ ხმაურზე და შიშს სხვადასხვა ფორმით — ყმუილით, ყეფით, კვნესით, დამალვით, კანკალით და ზოგჯერ გაქცევითა და თვითდაზიანებითაც კი გამოხატავს.

ქართულ ჯგუფებშიც არ არის უცხო პოსტები, საიდანაც ჩანს, რომ ახალი წლის ღამით, ხმაურისა და სტრესის ფონზე, ძაღლები სახლებიდან გაქცეულად.

რესურსები ინტერნეტში

ძაღლების აღზრდა“ – ინსტაგრამის ეს გვერდი უკვე მეორე წელია, ინსტაგრამზე ძაღლების პატრონებისთვის სასარგებლო რჩევებს აქვეყნებს, რათა მათ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებთან ურთიერთობა გაუმარტივდეთ და სხვადასხვა სასარგებლო რჩევას სთავაზობს.

მათ შორის მოიძებნება რჩევები ფეიერვერკისა და აფეთქებების დროს ძაღლებთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. მაგალითად: „არ დაუწყოთ ძაღლს ფეიერვერკებისა და აფეთქებების დროს ძაღლს ზედმეტად დაწყნარება, – პირიქით, – წყნარად, მაგრამ მხიარულად დაუძახეთ, დააინტერესეთ იმით, რაც ხდება გარეთ“.

გირჩევთ, გაეცნოთ:

 

ზოოფსიქოლოგის რჩევები

„ნეტგაზეთი“ ასევე ესაუბრა ზოოფსიქოლოგს, რომელმაც ჩვენს მკითხველს არაერთი რჩევა გაუზიარა, თუ როგორ მოვამზადოთ ძაღლები, როგორ შევაჩვიოთ ისინი ფეიერვერკისა და ასაფეთქებლების ხმაურს.

ზოოფსიქოლოგი გია მჭედლიშვილი გვეუბნება, რომ ძაღლებს დაბადებიდან აქვთ ხმამაღალი ხმებისა და დიდი განათებების შიში, ხოლო ფეიერვერკი ამ ორივე ასპექტს აერთიანებს. ამიტომაც, ის მომენტი, როდესაც ძაღლი პირველად შეესწრება ფეიერვერკს, მნიშვნელოვანია:

„როდესაც ძაღლს ფეიერვერკთან პირველი შესწრებისას შეეშინდება და შფოთვას დაიწყებს, და თუკი ამ დროს მას მოეფერნენ, ეს წაახალისებს მის ასეთ ქცევას. ასეთ დროს მოფერება არასწორია. მოფერება წაახალისებს იმ მდგომარეობას, რა მდგომარეობაშიც ძაღლი არის მოფერების მომენტში.

ამ შემთხვევაში, შიშსა და შფოთს. თუ ძაღლს ეშინია და შენ ადგები და მოეფერები, ადამიანური კუთხით, გგონია, რომ აჩვენებ, „დაწყნარდი, დამშვიდდიო“, თუმცა რეალურად, მისი ბუნებიდან გამომდინარე, სხვა მესიჯს უგზავნი: „ყოჩაღ, კარგი ხარ, რომ გეშინია, თუ გინდა რომ ჩემი მოფერება, სითბო და წახალისება, სიყვარული მიიღო, იყავი ყოველთვის ასეთ მდგომარეობაში“, – გვეუბნება გია მჭედლიშვილი.

თუმცა ზოოფსიქოლოგი ამბობს, რომ პატრონის სურვილით, შესაბამისი ცოდნით, დისციპლინითა და მონდომებით, შესაძლებელია გამოსავლის პოვნა: „ძაღლი შეიძლება დაამუშაო იმდენად, რომ აფეთქებაზე თამაშს იწყებდეს და ამის გაკეთება შეიძლება, რაც არ უნდა არაადეკვატურად მშიშარა იყოს ძაღლი“.

მაგალითად გია მჭედლიშვილს მოჰყავს საკუთარი ძაღლის, კრიოსის, შვილის, ლიამის მაგალითი:

„ლეკვობაში ლიამს, კრიოსას შვილს, უარყოფითი რეაქცია ჰქონდა, როდესაც აფეთქებების ხმა გაიგონა (დინამიკებით ჩავურთე მისაჩვევად). შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მყავდა და გაქცევა ვერ მოახერხა, თორემ თავიდან აშკარად უნდოდა დამალვა და გაქცევა.

თუმცა, საბოლოო ჯამში, ისე მიეჩვია ამ ხმას, რომ ეზოში გავსულიყავი და სასიგნალო იარაღი გამესროლა, მოირბენდა და თამაში უნდოდა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ წარუდგენ ძაღლს, როგორ შეაჩვევ, როგორი დამოკიდებულება, როგორი რეაქციები ჰქონდეს. ძაღლზე არაფერია დამოკიდებული, დამოკიდებულია პატრონზე“.

როგორ მივაჩვიოთ ხმამაღალ ხმაურს

ზოოფსიქოლოგი ასეთ რჩევებს აძლევს მეპატრონეებს:

  • „შეიძლება, ავიღოთ ნებისმიერი დინამიკი, რომელიც ასე თუ ისე რეალისტურად გადმოსცემს ფეიერვერკების აფეთქების ხმას და ძაღლს იქ მოასმენინო სხვადასხვა ხმაურთან ერთად. ამ პროცესს ჰქვია ხმით სოციალიზაცია.
  • თავიდან ვურთავთ ყველაზე დაბალ ხმაზე და იმის მიხედვით, რა რეაქცია აქვს, ვაგრძელებთ მოქმედებას — ვტოვებთ იმავე ხმაზე, ან ვუმატებთ ხმას. თუ თვლით, რომ ამ ხმაზე რეაქცია არა აქვს, ხმას უმატებთ.
    • გაითვალისწინეთ: შესაძლოა, რომ თუკი დიდხანს გაქვს ჩანაწერი ჩართული, ძაღლი უარყოფით რეაქციას აღარ აჩვენებდეს, მაგრამ ეს აუცილებლად იმას არ ნიშნავს, რომ ხმას უნდა აუწიო. შესაძლოა, ასე იმიტომაა, რომ იმ წუთას საფრთხეს აღარ გრძნობს. ამიტომაც, რეალურად, ხმას მაშინ უნდა აუწიოთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ არ ეშინია. ამის გამოცდა შეიძლება ხმაურის მოულოდნელად ჩართვით. 5, 10, 30 წუთის შემდეგ განმეორებით, მოულოდნელად ჩართვაზეც თუკი არ აქვს რეაქცია, მაშინ შეგიძლიათ ხმის აწევა.
  • ტონის აწევა ხდება ეტაპობრივად. ბოლოს, როდესაც მიხვალთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც ყველაზე ხმამაღალ ხმაურზეც კი არ ექნება რეაქცია, მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია.
    • შეიძლება, რომ დინამიკის ამ ყველაზე მაღალ ხმასა და რეალურ აფეთქებაზე ძაღლის რეაქციებს შორის განსხვავება იყოს, თუმცა ეს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
  • ასევე, თუკი ძაღლისა და დინამიკის წონა და ზომა საშუალებას იძლევა, შეიძლება, დინამიკი ყელზე ჩამოჰკიდოთ (რასაც შესაძლოა ასევე მიჩვევა დასჭირდეს და მიაჩვიო დინამიკთან ერთად სეირნობას).
    • ერთი-ორი გასეირნების შემდეგ კი შესაძლებელია, მოულოდნელად ჩაურთოთ ხმა. ამაზე, შესაძლოა, მიიღოთ შიშის ეპიზოდი, თუმცა ამ დროს კვლავ უნდა გახსოვდეთ, რომ მოფერება არ დაუწყოთ და თან დაიჭიროთ, რომ არ გაგექცეთ.
    • დინამიკის ჩამოკიდების შემდეგაც ანალოგიურად ხდება: დაბალი ხმიდან იწყებთ და ხმას უმატებთ.
  • შემდეგ, თუკი ვიზუალსაც გინდათ მიაჩვიოთ, სახლში ვისაც დიდი ტელევიზორი აქვს, შეგიძლიათ, – ძაღლს თუ უყვარს ტელევიზორის ყურება, – თავიდან უხმოდ ჩაურთოთ აფეთქებების ვიდეო. ეტაპობრივად კი ხმა ჩაურთოთ და თანდათან აუწიოთ.
  • გამოდის, რომ ცალკე ხმას მიაჩვევთ, ცალკე ვიზუალს, შემდეგ კი გააერთიანებთ“.

ცოდნის გამყარება და სიფრთხილე

თუმცა ყველაფერი ამით არ სრულდება — გია მჭედლიშვილის თქმით, ამის შემდეგ, საჭიროა „ცოდნის გამყარება“ და პრაქტიკაში გამოცდაც:

  • „ამიტომ, მეპატრონემ, სულ რომ არ უყვარდეს აფეთქებები, იყიდოს, დამხმარე პარტნიორთან ერთად გავიდეს ისეთ ადგილას, სადაც აფეთქება შეიძლება და სხვას არ შეაწუხებს, და თავიდან დაიწყო ძაღლის დამუშავება;
  • თავდაპირველად 50 მეტრის დაშორებით ააფეთქოს და დაამუშაოს. ძაღლი უნდა იყოს მშვიდად, არ უნდა მისცეს შფოთის საშუალება. ადეკვატური რეაქციის შემთხვევაში გამოიყენოს სასუსნავი. თუმცა წახალისებაზეც ზუსტად უნდა იცოდეს მეპატრონემ ძაღლის მდგომარეობა, – ამ წახალისებით შიშს ხომ არ წაუხალისებს. ეს ინდივიდუალური მომენტია და სიფრთხილეს საჭიროებს.
  • ამის შემდეგ აფეთქებების მოახლოება უნდა მოხდეს, ჯერ 50 მეტრი, შემდეგ 45, შემდეგ 35 და ა.შ.. აფეთქება მოდის უფრო ახლოს და საბოლოოდ ძაღლი ისე უნდა იყოს, რომ მეპატრონემ რომ აიღოს, გაუკიდოს და ოდნავ მოშორებით გადააგდოს და ააფეთქოს, ძაღლს არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს“.

ზოოფსიქოლოგი ამბობს, რომ სასურველია, რომ სანამ მეპატრონეები მსგავსი ჩვევების და ქცევების სწავლებას დაიწყებენ, ძაღლი იყოს გასეირნებული და ფიზიკურად და ემოციურად დაღლილი. „თუ ძაღლი ზედმეტად ემოციურია, მაშინ ვეტერინარის რეკომენდაციით და დანიშნულებით შესაძლებელია, რომ ძალიან მსუბუქი დამამშვიდებელიც მისცენ“, – ამბობს იგი.

გაფრთხილება!

  • „ძალიან ფრთხილად იყავით სასუსნავებით დასაჩუქრების დროსაც: ეს ძალიან ინდივიდუალური, საფრთხილო საკითხია; ვიღაცამ, შესაძლოა, ვერ შეამჩნიოს თავისი ძაღლის რეალური მდგომარეობა, ეგონოს, რომ შიში გადალახული აქვს, ამ დროს კი ის უარესად იყოს, და მაინც მისცეს სასუსნავი, რითაც უფრო წაახალისებს შიშს. ამიტომაც საჭიროა ყურადღება და სიფრთხილე.
  • ხაზი უნდა გავუსვათ ამ გარემოებასაც: შიშის წახალისება მოხდეს მაშინ, როდესაც შეშინებული მოვა და მოგეყრდნობათ. როდესაც ეშინია, ის არ უნდა გეხებოდეთ. თუ ოდნავ მოგეყრდნოთ, ოდნავ გადაიწიეთ. თუნდაც მინიმალური იყოს დაშორება, მთავარია, არ გედებოდეთ. ეს იმიტომ, რომ როდესაც ძაღლი გედებათ, ეს არის მხარდაჭერის ნიშანი თქვენი მხრიდან, მას ეუბნებით, რომ „კი, არა უშავს, გეშინოდეს, მე შენკენ ვარ, მომწონს შენი შიში“.

ამასთან, ზოოფსიქოლოგი ამბობს, რომ როდესაც მასთან ძაღლები მიჰყავთ რაიმე პრობლემით, იგი მუშაობს არა მხოლოდ ამ ერთი პრობლემის მოხსნაზე, არამედ ზოგადად ქცევის კორექციაზე. ამ შემთხვევაშიც,

„სასურველია, არამარტო აფეთქებების ხმები ჩაურთოთ და ამაზე დაამუშაოთ, არამედ სხვა ხმაურებიც, მათ შორის ყეფა და ა.შ.. რათა, ზოგადად, ხმებზე არ ჰქონდეს რეაქცია. ეს იმიტომ, რომ, როგორც წესი, ფეიერვერკის შიში მხოლოდ ერთი კომპონენტია; შიში არის კომპლექსური და ძაღლებს აქვთ ზოგადად ხმების მიმართ შიში. ფეიერვერკების შიშს თუ მოვაშორებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ხმაურის შიში არ გაქრება. ასევე, შეიძლება სხვა პრობლემამ იჩინოს თავი“.

მასალების გადაბეჭდვის წესი