ახალი ამბები

შეწყდეს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა – ზურაბიშვილი სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

27 დეკემბერი, 2021 • 2038
შეწყდეს საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა – ზურაბიშვილი სახ. ინსპექტორის გაუქმებაზე

საქართელოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონისპროექტის დაჩქარებულად განხილვა, წინასწარი კონსულტაციების გარეშე, მიუღებელია.

ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ როგორც ქალი პრეზიდენტისთვის ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.

პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

„მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების წინასწარი კონსულტაციების გარეშე ინიცირება და დაჩქარებული წესით განხილვა!

ჩემთვის, როგორც ქალი პრეზიდენტისთვის, ასევე მიუღებელია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქალი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიას მიმართ მსგავსი მოპყრობა.

სახელმწიფოში, სადაც გამოცხადებული პრიორიტეტების მიხედვით უნდა ხდებოდეს ქალების როლის გაძლიერება, ქალ ხელმძღვანელს დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას, წინასაახალწლო პერიოდში, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უუქმებენ უწყებას.

მიუღებელია, უწყების ხელმძღვანელმა საკუთარი სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიიდან შეიტყოს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ინიცირებული ცვლილების განხორციელება გამოიწვევს არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის ქალი ხელმძღვანელის, არამედ 100 -ზე მეტი ადამიანის სამსახურის გარეშე დატოვებას. მიმაჩნია, რომ არ არსებობს ამ ცვლილების დაჩქარებული წესით განხორციელების აუცილებლობა.

მაშინ, როდესაც ქვეყანა იმყოფება ასეთი მძიმე პოლარიზაციის პირობებში, ყველა მსგავსი გადაწყვეტილების მიღება საზოგადოებაში იწვევს ბუნდოვანებას და კითხვებს, რაც რეალურად დამაზიანებელია დეპოლარიზაციის პროცესისათვის!

მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის პოვნა, რისთვისაც გთავაზობთ:

შეწყდეს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და ყველას მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს საკუთარი არგუმენტები, ინსპექტორს კი, მიეცეს საშუალება პარლამენტს გააცნოს უკვე წარდგენილი ანგარიში საკუთარი საქმიანობის შესახებ და შემდეგ, ყოველივე ამის საფუძველზე, მიღებულ იქნას დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელიც საზოგადოებაში მოხსნის კითხვებს!

ასევე, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამ უწყებაში დასაქმებული 114 -ვე თანამშრომლისთვის, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორისათვის სამუშაო ადგილის შესანარჩუნებლად,“.


„ქართული ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა მოამზადეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდება, ხოლო მის ნაცვლად ორი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეიქმნება.კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაიას თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს დამოუკიდებლობის გამო სჯიან. ამის შესახებ მან დღეს, 27 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, ახალი კანონპროექტით არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის რეორგანიზაცია, არამედ სამსახურის ლიკვიდაცია ხდება.

ნახეთ ასევე:

სახელმწიფო ინსპექტორის კრიტიკული გადაწყვეტილებები

მასალების გადაბეჭდვის წესი