ახალი ამბები

ერთი მგზავრის საშუალო დანახარჯი 42 ლარამდეა, ერთთვიანი სააბონენტო კი 40 ლარია – ხმალაძე

27 დეკემბერი, 2021 • 2139
ერთი მგზავრის საშუალო დანახარჯი 42 ლარამდეა, ერთთვიანი სააბონენტო კი 40 ლარია – ხმალაძე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ მერიის მონაცემებით, თბილისში ერთი მგზავრის საშუალო დანახარჯი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არის 42 ლარამდე, ახალი სააბონენტო პროგრამის ფარგლებში კი ერთთვიანი სააბონენტო სქემის ღირებულება 40 ლარია.

ხმალაძემ ეს მონაცემები საკრებულოს სხდომაზე დაასახელა ოპოზიციასთან კამათისას. ვიცე-მერმა ასევე განაცხადა:

„აქამდე შეღავათიანი მგზავრობა ვრცელდებოდა მხოლოდ მეტროსა და ავტობუსზე, ახალი სისტემით კი გავრცელდება მიკროავტუბუსეზეც, რომელიც დღეს ღირს 80 თეთრი, ახალი სქემის პირობებში კი მათთვის იქნება 10 ან 20 თეთრი“.

„ამასთან, ადამიანი, რომელიც მგზავრობდა ორივე ტრანსპორტით და იხდიდა 80 თეთრს და 50 თეთრს, რომლის გასავალიც ჯამში იყო 1.30 ლარი, ახლა იქნება 1 ლარი“, – თქვა მან. „ამიტომ, გაჭირვებული სეგმენტით ნუ სპეკულირებთ“, – მიმართა მან ოპოზიციას.

„რომ შემოგვეტანა მხოლოდ 250 ლარიანი ვაუჩერი, მაშინ თქვენი კრიტიკა იქნებოდა სწორი. მაგრამ 7 განსხვავებული პაკეტია და ვისაც რისი შესაძლებლობა აქვთ და ოპტიმალურია, ეს შეიძლება შეისყიდოს“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.


საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემით, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობაზე მეორედ არჩევიდან 54-ე დღეს გააცნო თბილისელებს, მოქალაქეთა ნაწილს მგზავრობის საფასურს უძვირებს, ან უბიძგებს, გამონახოს დამატებით რამდენიმე ასეული ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადასახდელად.

დღეს მოქმედი ტარიფით, მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ღირს. შემდეგი 90 წუთის განმავლობაში ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. 80 თეთრი ღირს ძველი, ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა. მერია ამბობს, რომ 2022 წლის თებერვლიდან ქალაქში ასეთი მიკროავტობუსები არ იმუშავებენ.

სწორედ ამ თარიღიდან იცვლება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.

ახალი სისტემის მიხედვით:

  • ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
  • ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
  • ერთკვირიანი — 20 ლარი;
  • სამთვიანი — 100 ლარი;
  • ერთწლიანი — 250 ლარი;

ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი – 10 თეთრი. შეღავათების სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მერიის ოფიციალურ საიტზე.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი