ახალი ამბები

დაელაპარაკონ ბანკებს თანხის განაწილებაზე – კალაძე წლიურ აბონემენტზე

24 დეკემბერი, 2021 • 2624
დაელაპარაკონ ბანკებს თანხის განაწილებაზე – კალაძე წლიურ აბონემენტზე

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ შესაძლებელია, ის ადამიანები, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტის შეძენას ერთჯერადად ვერ ახერხებენ, „ბანკებს დაელაპარაკონ“.

23 დეკემბერს „იმედის“ ეთერში, გადაცემა „იმედი Live“-იში წამყვანებმა კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა სატარიფო ცვლილებებთან დაკავშირებით და მაგალითად მოუყვანეს პარლამენტარ ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მასაც კი გაუჭირდება ერთჯერადად წლიური აბონემენტის თანხის გადახდა.

ამაზე პასუხად მერმა განაცხადა, რომ მისი ხარჯების დათვლა მარტივად შეიძლება: პარლამენტარის სტანდარტული ხელფასი არის დაახლეობით 3600 ლარი, რაც 12 თვეზე გამოდის 43 200 ლარი, ხოლო წლიურ აბონემენტზე „250 ლარზეა საუბარი“.

„თუმცა აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განწილდება [თანხის გადანაწილება – ყოველთვიურად გარკვეული ოდენობის გადახდა ერთჯერადი გადახდის ნაცვლად] გაუკეთონ, რა ვიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის – ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10 ან 20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი“, – განაცხადა თბილისის მერმა.


საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემით, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობაზე მეორედ არჩევიდან 54-ე დღეს გააცნო თბილისელებს, მოქალაქეთა მნიშვნელოვან ნაწილს მგზავრობის საფასურს უძვირებს, ან უბიძგებს, გამონახოს დამატებით რამდენიმე ასეული ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გადასახდელად.

დღეს მოქმედი ტარიფით, მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ღირს. შემდეგი 90 წუთის განმავლობაში ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. 80 თეთრი ღირს ძველი, ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა. მერია ამბობს, რომ 2022 წლის თებერვლიდან ქალაქში ასეთი მიკროავტობუსები არ იმუშავებენ.

სწორედ ამ თარიღიდან იცვლება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.

ახალი სისტემის მიხედვით:

  • ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
  • ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
  • ერთკვირიანი — 20 ლარი;
  • სამთვიანი — 100 ლარი;
  • ერთწლიანი — 250 ლარი;

ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი – 10 თეთრი. შეღავათების სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მერიის ოფიციალურ საიტზე.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი