საზოგადოება

ძვირდება თუ იაფდება თბილისში მგზავრობა?

22 დეკემბერი, 2021 • 4395
ძვირდება თუ იაფდება თბილისში მგზავრობა?

თბილისში მცხოვრებ ადამიანთა ნაწილი, რომელსაც ნეტგაზეთი ესაუბრა, მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი აბონემენტით, შესაძლოა, წლიურად უფრო მეტი თანხა დაზოგონ, მაგრამ გაუჭირდებათ ერთ ჯერზე 250 ლარის გადახდა ულიმიტოდ მგზავრობის უფლების მისაღებად.

რა იცვლება

საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემით, რომელიც თბილისის მერმა კახა კალაძემ თანამდებობაზე მეორედ არჩევიდან 54-ე დღეს გააცნო თბილისელებს, მათ მნიშვნელოვან ნაწილს მგზავრობის საფასურს უძვირებს, ან უბიძგებს, გამონახოს დამატებით რამდენიმე ასეული ლარი საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის  საფასურის გადასახდელად.

დღეს მოქმედი ტარიფით, მეტროთი, ავტობუსითა და ლურჯი მიკროავტობუსებით მგზავრობა 50 თეთრი ღირს. შემდეგი 90 წუთის განმავლობაში ამ სამიდან რომელიმე ტრანსპორტით მგზავრობა უფასოა. 80 თეთრი ღირს ძველი, ყვითელი მიკროავტობუსებით მგზავრობა. მერია ამბობს, რომ 2022 წლის თებერვლიდან ქალაქში ასეთი მიკროავტობუსები არ იმუშავებენ.

სწორედ ამ თარიღიდან იცვლება დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის სისტემა.

ახალი სისტემის მიხედვით:

  • ერთჯერადი მგზავრობა, ნაცვლად 50 თეთრისა, იქნება 1 ლარი. ამ შემთხვევაშიც, მომდევნო 90 წუთის განმავლობაში ნებისმიერი სხვა ტრანსპორტით მგზავრობა იქნება უფასო;
  • ერთდღიანი ულიმიტო აბონემენტის ღირებულება იქნება 3 ლარი;
  • ერთკვირიანი — 20 ლარი;
  • სამთვიანი — 100 ლარი;
  • ერთწლიანი — 250 ლარი;
  • ძალაში რჩება სოციალური შეღავათები. მაგალითად, სტუდენტებისთვის და პენსიონერებისთვის მგზავრობის საფასური 20 თეთრი დარჩება, სოციალურად დაუცველთათვის კი- 10 თეთრი. შეღავათების სია სრულად შეგიძლიათ იხილოთ მერიის ოფიციალურ საიტზე.

რას ფიქრობენ მოქალაქეები

ერთწლიანი აბონემენტის შესაძენად ერთბაშად 250 ლარის გადახდა გაუჭირდება რუსა არაბულს, მიუხედავად იმისა, რომ დღეში, საშუალოდ, 2 ლარს ხარჯავს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. თუ ერთ წელზე გადავიანგარიშებთ, შესაძლოა, წელიწადში ამ მიზნით 600 ლარზე მეტსაც კი ხარჯავდეს.

„წლიური აბონემენტი კი კარგია. რომ ვიანგარიშე, თვეში 21 ლარი გამოდის, მაგრამ 250 ლარი ახლა არ მაქვს, რომ გადავიხადო და მერე ერთი წელი ამით ვიარო. ეს არის პრობლემა, თორემ შეიძლება, ძალიან კარგი და გაიაფებული ვარიანტია.

გარდა ამისა, ზოგჯერ მიწევს ქალაქგარეთ გავიდე, შესაძლოა, რამდენიმე თვითაც კი. ამის გათვალისწინებით, ჩემთვის ერთწლიანი აბონემენტი ეკონომიურიც აღარ გამოდის“, — უთხრა რუსა არაბულმა ნეტგაზეთს.

თვეში დაახლოებით 30 ლარი უჯდება მგზავრობა შალვა ჩუგუნაძესაც. ის ამბობს, რომ ეს რიცხვი გასაშუალოებულია, რადგან არის დღეები, როდესაც არსად გადის, ან ფეხით მიდის სამსახურამდე. ასევე არის შემთხვევებიც, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით არასამუშაო დღესაც სარგებლობს.

„როგორც დავიანგარიშე, წლიური აბონემენტით უფრო იაფად გამოდიხარ ყოველთვიურად, მაგრამ ერთიანად ამხელა თანხის გადახდა მაინცდამაინც არ მხიბლავს. მირჩევნია, რომ ცოტ-ცოტა გადავიხადო“ ,— ამბობს შალვა ჩუგუნაძე ნეტგაზეთთან ინტერვიუში.

ქეთი ნიქაბაძემ დეკემბერში საზოგადოებრივი ტრანსპორტში 16 ლარი დახარჯა (22 დეკემბრის მონაცემით). ის ვარაუდობს, რომ 40 ლარად ერთთვიან აბონემენტს შეიძენს.

„წლიურის შეძენას არც განვიხილავ. ამ მონაცემებით მეეჭვება, ვინმეს 250 ლარის ერთიანად გადახდა შეეძლოს“, — ამბობს ქეთი ნიქაბაძე.

იმ ფონზე, როცა ინფლაცია ბოლო წლების რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს და მოქალაქეებისთვის ყველაფერი ძვირდება, მათ შორის, საბაზისო საკვები პროდუქტები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის ერთწლიანი აბონემენტის შესაძენად 250 ლარის გადახდა, შესაძლოა, მძიმე ტვირთიც კი იყოს. განსაკუთრებით ეს ეხება ოჯახებს, სადაც აბონემენტის შეძენა ოჯახის რამდენიმე წევრს სჭირდება.

დღეს მოქმედი და სამომავლოდ დაგეგმილი ტარიფების შედარება აჩვენებს, რომ აბონემენტის შეძენით უფრო მეტ ეკონომიას აკეთებენ ისინი, ვინც დღეში რამდენჯერმე მგზავრობენ. თუ დღეში ორჯერ მგზავრობთ, ერთწლიანი აბონემენტის შეძენის შემთხვევაში,   დღეს მოქმედ ტარიფთან შედარებით, დანაზოგი მნიშვნელოვანი არ გამოდის.

კალკულატორი

იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს თქვენ მიერ თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდილი საფასური, გამოიყენეთ ნეტგაზეთის კალკულატორი და რამდენიმე წამში გაიგებთ, თუ რა თანხის დახარჯვა მოგიწევთ.

ტოლობის ნიშნის შემდეგ შეიყვანეთ ციფრი (შესაძლოა, კალკულატორმა გამართულად არ იმუშაოს ტელეფონით გახსნის შემთხვევაში)

მასალების გადაბეჭდვის წესი