ახალი ამბები

კლუბები მუშაობის გაგრძელებას გეგმის მიხედვით აპირებენ – განცხადება

27 დეკემბერი, 2021 • 1798
კლუბები მუშაობის გაგრძელებას გეგმის მიხედვით აპირებენ – განცხადება

ღამის კლუბები მთავრობის ნებართვის გარეშე, არსებული პროტოკოლის მიხედვით, კვლავ აპირებენ საკლუბო ღამეების ჩატარებას. ამის შესახებ ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლებმა საერთო განცხადება დღეს, 27 დეკემბერს გაავრცელეს.

არსებული პროტოკოლი ღამის კლუბებმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სატესტო ღონისძიებების ჩატარების საფუძველზე მიმდინარე წელს შეიმუშავეს.

კლუბების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ხელისუფლების წარმომადგენლებს 25 დეკემბერს კანცელარიაში შეხვდნენ, სადაც მიიღეს შემდეგი წინადადება:

“31 დეკემბრიდან – 14 იანვრამდე საკლუბო სივრცეებში ჩატარდეს 6 სატესტო ღონისძიება, რის შემდეგაც, ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური ვითარების მოსალოდნელი დამძიმების გამო, კვლავ გაურკვეველი ვადით შევწყვიტოთ მუშაობა, რა შემთხვევაშიც თებერვლის თვეში ანაზღაურდება წვეულებების გაუქმებით მოყენებული ზარალი; – საკლუბო სივრცეებში უნდა დავუშვათ მხოლოდ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე პირები, რომლის საფასურის გადახდაც თავად სტუმარს ეკისრება. ხოლო რა პირობებით მოხდება დასაქმებული პირების დასწრება ჯერ კიდევ დაუდგენელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ღამის კლუბები აცხადებენ, რომ მათთვის ეს წინადადება არ არის მისაღები და სამართლიანი, რადგან საქართველოში მთელი ქვეყნის მასშტაბით საახალწლო კონცერტები და შეკრებები იმართება. ამასთან, მათი განმარტებით, ღონისძიებების მთავრობის პირობით ჩატარება კვლევებზე დაფუძნებულ პროტოკოლთან შეუსაბამოა, არ ემსახურება უსაფრთხო სივრცის კონცეფციას და ვაქცინაციის პროცესის ხელშეწყობასაც არ ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება საკუთარი გადაწყვეტილების ერთ-ერთ მოტივად სხვადასხვა ქვეყანაში საკლუბო სივრცეების დახურვას ასახელებს, თუმცა კლუბების განმარტებით ამ ქვეყნებში სახელმწიფო კლუბებში დასაქმებულ ადამიანებს და სივრცეების ხელმძღვანელებს ფინანსურად ეხმარებოდა, ამასთან ბოლო პერიოდის განმავლობაში უსაფრთხოების პროტოკოლის საფუძველზე საქმიანობის საშუალებაც ჰქონდათ.

“ჩვენ 22 თვის განმავლობაში არც ერთხელ მოგვცემია ჩვენი სივრცეების გახსნის უფლება. გარდა ამისა, სხვადასხვა ქვეყნებში ომიკრონის შტამის რეკორდული გავრცელების გამო დახურვის გადაწყვეტილება შეეხო არამხოლოდ კლუბებს, არამედ თანაბრად ყველა ხალხმრავალ სივრცეებსა და ღონისძიებებს, საახალწლო კონცერტების ჩათვლით. ​

გვინდა ცალსახად განვაცხადოთ, რომ ჩვენი მიზანია არა უბრალოდ საკლუბო სივრცეების გახსნა, არამედ მისი გახსნა უსაფრთხოდ – შესაბამისად, შემხვედრი წინადადების სახით ჩამოვაყალიბეთ ჩვენეული ხედვა, თუ როგორ უნდა მოხდეს სივრცეებისთვის საქმიანობის დაშვება. ​

საერთო შეთანხმებამდე, კლუბები ვაგრძელებთ შემუშავებული პროტოკოლის მიხედვით წვეულებების გამართვას, ხოლო ​ იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდა, მზად ვართ კიდევ უფრო გავამკაცროთ კარის პოლიტიკა. სხვა შემთხვევაში, კლუბების მიმართ შესაძლო სადამსჯელო ღონისძიებები აღქმული იქნება, როგორც ხელისუფლების მიერ გამოხატული კიდევ ერთი მტრული და დისკრიმინაციული ნაბიჯი, რაც უპირობოდ გახდება პროტესტის საფუძველი.

ჯერ კიდევ ვიტოვებთ იმედს, რომ სახელმწიფო სამართლიან, ჩვენი სფეროს ინტერესებსა და საზოგადოების ჯანმრთელობის იდეაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სცენის წარმომადგენლები ვინარჩუნებ სიმტკიცეს, ერთობას და პრობლემის გადაჭრის სურვილს”, – წერია განცხადებაში.

რატომ “მოატყუეს” ღამის კლუბები საქართველოში

მასალების გადაბეჭდვის წესი